ჭარბთმიანობა და მასთან ბრძოლის გზები
ყველა ეპოქასა და ცივილიზაციას სილამაზის სხვადასხვა კრიტერიუმები ჰქონდა, მაგრამ თმა ქალის სხეულზე ესთეტიკურად არავის მიუჩნევია. ყველა ქალი ჭარბთმიანობის წინააღმდეგ ბრძოლას ყმაწვილქალობიდანვე იწყებს.
ბევრი ამას საპარსით ან პინცეტით აკეთებს – გოგონების უმეტესობას მხოლოდ ამაზე მიუწვდება ხელი, მაგრამ არავისთვის არის საიდუმლო, რომ ასე პრობლემას არ მოევლება. პირიქით – თმა მუქდება და უხეშდება კიდეც. დღეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად სხვა, გაცილებით ეფექტიანი მეთოდებიც არსებობს.
ბიოეპილაცია
ჭარბი თმის მოცილების ყველაზე გავრცელებული მეთოდი ბიოეპილაციაა (ბიომქანიკური ეპილაცია), რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია კანის დიდი ნაწილი სწრაფად და დაუზიანებლად დამუშავდეს. თმას ფესვიანად იღებენ. ფესვის აღდგენას და კანის ზედაპირზე თმის ამოსვლას 3 კვირიდან 1,5 თვემდე სჭირდება, ანუ ეფექტი საკმაოდ ხანგრძლივია. ბიოეპილაცია აუცილებლად გამოცდილმა სპეციალისტმა უნდა ჩაატაროს. ამ პროცედურისთვის იყენებენ ნატურალურ ფისს, რომელიც კანს არ აღიზიანებს და ალერგიულ რეაქციას არ იწვევს. თმას ფაქიზი ზონებიდანაც კი პრაქტიკულად უმტკივნეულოდ აშორებენ, კანი კი გლუვი და ნაზი რჩება.
ეპილაციის შემდგომ კანის მოსავლელად მრავალი საშუალება არსებობს. ასეთებია, უპირველეს ყოვლისა, თმის ზრდის ინჰიბიტორები, რომლებიც გაღიზიანებულ კანს ამშვიდებს, თმას ასუსტებს და მის ზრდას ანელებს. ამ პრეპარატებს საფუძვლად ნატურალური მცენარეული ექსტრაქტები უდევს. სასურველია, ისინი ეპილაციის დასრულებისთანავე წაისვათ, რათა აქტიურმა ნივთიერებებმა დაუბრკოლებლად შეაღწიონ თმის არხში და ზემოქმედება მოახდინონ ბოლქვზე. რა თქმა უნდა, ამ გზით თმის ზრდას მთლიანად ვერ შეაჩერებთ, მაგრამ ეპილაციის ჩატარება უფრო იშვიათად მოგიწევთ. ერთადერთი ადგილი, სადაც საეპილაციო ფისის მოხვედრას უნდა ერიდოთ, სახეა.
ელექტროეპილაცია
ზედმეტი თმის სამუდამოდ მოსაცილებლად ყველაზე უტყუარი და უსაფრთხო მეთოდი ელექტროეპილაციაა.
მედიკოსები
ამ პროცედურას მაღალი სიხშირის ელექტრული იმპულსის მეშვეობით ატარებენ. მისი ჩატარება სხეულის ნებისმიერ ნაწილზე შეიძლება, მათ შორის – სახეზეც. პროცედურა სპობს თმის ძირს, რომელიც კანის ზედაპირიდან 3-4
მმ სიღრმეზეა და მის ზრდას განაგებს. მაგრამ თუ ელექტროეპილაციის
გაკეთება გადაწყვიტეთ, მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ – ერთი ზონის დამუშავებას რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე სჭირდება. სასურველია, ელექტროეპილაციის
დროს ელექტროდებად თხელი ვოლფრამის ძაფები გამოიყენონ და არა საეპილაციო ნემსები, რომლებიც კანზე ნაკვალევს ტოვებს. ვოლფრამის ელექტროდი თმის ძირის დასაწყისს უნდა მისწვდეს და ისე
დაიწვას, რომ მიკროდამწვრობა მხოლოდ ვოლფრამის ფუძეზე 3-4 მმ სიღრმეზე მოხდეს და არამც და არამც – კანის ზედაპირზე, სადაც შეიძლება ნაწიბური დარჩეს. პროცედურა უსაფრთხოა და ჯანმრთელობისთვის
სრულიად უვნებელი.
ახალი მეთოდები
ლაზერული ეპილაცია და ფოტოეპილაცია სულ ახლახან დამკვიდრდა და ახდენს თუ არა ადამიანის ორგანიზმზე მავნე გავლენას, ჯერ არ ვიცით, თუმცა სპეციალისტები, რომლებიც ამ მეთოდებს იყენებენ, გვარწმუნებენ, რომ ისინი უვნებელია. სხვათა შორის, ჭარბი თმის მოცილების სრულყოფილი – უმტკივნეულო, სწრაფი და აბსოლუტური ეფექტის მქონე მეთოდი უკვე მოიძებნა: 1896 წელს გერმანელმა ექიმმა ფრეინდმა საზოგადოებას თმის რენტგენის სხივებით მოცილება შესთავაზა, – მაგრამ ამ მეთოდს ამჟამად არავინ იყენებს.
კომენტარი