ახალაია დარწმუნებულია, რომ მოწმეები ჩვენებას მის სასარგებლოდ მისცემენ
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია მიიჩნევს, რომ ბრალდების ყველა მოწმე, რომელიც პროკურატურას ჰყავს წარმოდგენილი, მის სასარგებლო ჩვენებას მისცემს. ამის შესახებ ახალაიამ საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა, სადაც, გარდა ახალაიასი, კიდევ 7 პირის ბრალეულობის შესახებ წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
როგორც ახალაიამ აღნიშნა, ბრალდების ყველა მტკიცებულება არის სადაო, თუმცა იგი ყველას დასაშვებად მიიჩნევს.
"ამ ხალხს რაც მტკიცებულებები აქვთ, ისევ ჩვენ გამოგვადგება, რომ დავამტკიცოთ ჩემი უდანაშაულობა. ყველა მტკიცებულება უნდა დაუშვათ, თუმცა მე მათ სადაოდ მივიჩნევ. ჩემს ბრალს ამ ადამიანების ჩვენებები არ ამტკიცებს. დარწმუნებული ვარ, რომ მოწმეები რომლებსაც ბრალდება წარმოადგენს, ჩემს სასარგებლოდ მისცემენ ჩვენებას", - განცახადა ბაჩო ახალაიამ საქალაქო სასსამართლოში დღესც მიმდინარე პროცესზე.
ახალაიასგან განსხვავებით, ბრალდების მხარის მტკიცებულების ნაწილი დაუშვებლად მიაჩნიათ დანარჩენი ბრალდებულების ადვოკატებს. კერძოდ, საქმეში ბრალდებულის სამი პირის - გაგა მკურნალიძის, მანუჩარ დარასელიასა და გიორგი კინწურაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიერ გამოძიებისთვის მიცემული პირველი ჩვენება მტკიცებულებად არ უნდა იქნა გამოყენებული, იქიდან გამომდინარე, რომ სამივე მათგანმა ჩვენება შეცვალა.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებები წარმოადგინეს, მათ დასაშვებობაზე გადაწყვეტილების მისაღებად მოსამართლე ამ დროისთვის შესვენებაზეა გასული.
კომენტარი