სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მღვდელი სანთლებით მოვაჭრის წინააღმდეგ: „აიღე ესენი, ქალო!“ (ვიდეო)

მართალი გითხრათ, ბევრი არ მიფიქრია, გამომექვეყნებინა თუ არა ჩემივე კოლეგების მიერ სრულიად შემთხვევით გადაღებული ეს ვიდეომასალა წითელ პარასკევს. გადაწყვეტილება მარტივად მივიღე, რადგან, ჯერ ერთი, ვიდეოში აღწერილი ამბავი დიდ ხუთშაბათს ხდება და მეორეც, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს იმ სასულიერო პირის ტონი და პათოსი, რომელიც ვნების შვიდეულის დღეს ქალს მეტროს სადგურთან სანთლების გაყიდვას უკრძალავს მხოლოდ იმიტომ, რომ მას არა აქვს საპატრიარქოსგან გაცემული ნებართვა და სანთლები არაა ნაკურთხი.

სასულიერო პირის გული ვერც ქალის ცრემლებმა მოალბო და ვერც იმან, რომ სანთლების გამყიდველმა გაცრეცილი საფულიდან ბავშვის სურათი ამოიღო - ეს ბავშვი მომიკვდება, საღამოს წამალი თუ არ მივუტანეო. „არ მაინტერესებს. ნებართვა უნდა გქონდეთ“, - მიუგო მას სასულიერო პირმა და მოგვიანებით უხეშადაც მიმართა: „აიღე ახლა ესენი, ქალო!“.

მეტიც, მღვდელმა ქალი სიცრუეშიც დაადანაშაულა და მიანიშნა, რომ ბავშვის ავადმყოფობა მისი მოგონილი იყო, რაზეც სანთლის გამყიდველი აღშფოთდა: „რას ამბობთ? წამობრძანდით ამდენი ადამიანის თანდასწრებით და მიგიყვანთ ბავშვთან...“

სეირს თვალყურს ადევნებენ რიგითი მოქალაქეებიც. მათგან მხოლოდ ერთი ჩაერია პროცესში და ქალის მხარე დაიჭირა, რასაც სასულიერო პირის გაღიზიანება მოჰყვა. მღვდელი და რამდენიმე მოქალაქე იმანაც გააღიზიანა, რომ ჟურნალისტი, რომელიც ამ ამბავს შემთხვევით შეესწრო, დაპირისპირებას იღებდა. „ადამიანის უფლებებს ლახავ, უნდა უთხრა ადამიანს, რომ უღებ“, - ეუბნება მღვდელი ჟურნალისტს. „ჟურნალისტს აქვს უფლება, რომ საჯარო თავშეყრის ადგილას, სადაც არაა აღნიშნული, რომ გადაღება არ შეიძლება, იმუშაოს“, - პასუხობს ჟურნალისტი. „მე ადამიანობაზე გეუბნები, თორემ კანონებში ბევრი რამ შეიძლება ჩაიწეროს“, - პასუხობს სასულიერო პირი, თუმცა, არ აკონკრეტებს, ადამიანობის რომელ ჩარჩოებში ჯდება ავადმყოფი შვილის დედის განდევნა ტერიტორიიდან უფლის სახელით...

და ბოლოს:

„და გამოასხა ყოველი იგი განმსყიდუელი და ყოველი, რომელი იყიდდა ტაძარსა მას შინა, და ტაბლები იგი მეკერმეთა მათ დაამსუა დასასხდომლები იგი ტრედის-მოფარდულთა მათ დაუქცია, და არავის მისცა ნება, რომ ტაძარში შეეტანა უცხო ნივთი“;

„მან განდევნა ვაჭრები, რითაც აჩვენა, რომ ყოველივე მამის კუთვნილი, ეკუთნოდა მასაც. მას სურდა ეჩვენებინა, მსხვერპლის შეცვლაც, განდევნა რა ტაძრიდან ხარები, ცხვრები და მტრედები. მან ამით გვაუწყა წინასწარვე, რომ აღარ არის მეტად საჭირო მსხვერპლშეწირვა და პირუტყვის დაკვლა, არამედ საჭიროა ლოცვა (ნეტარი თეოფილაქტე), ამიტომ თავის უფლებით მოქმედებას უფალმა დაურთო ასევე ხელმწიფური სიტყვა მხილებისა და სწავლისა: „და რქუა მათ: წერილ არს: ისაია წინასწარმეტყველთან: სახლსა ჩემსა სახლ სალოცუელ ეწოდოს, ხოლო თქუენ, თქვენი ანგარებით გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა, როგორც გამოთქვამს სხვა წინასწარმეტყველი იერემია (ისაია 56,7; იერ. 7,11).“

დამატებითი ცნობები ვიდეომასალის შესახებ: ვიდეო გადაღებულია რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსა და ფილარმონიას შორის. ის ჟურნალისტმა გიორგი გოგუამ გადაიღო, ამბის თვითმხილველი კი პაატა შამუგია გახდა, რომელმაც მომხდარი დაწვრილებით აღერა კიდეც საკუთარ ბლოგზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100