სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ტკბილ ქვეყანას“ მომხმარებლის ცრემლების არ სჯერა და დაობებულ ტორტებს ყიდის?!

საკონდიტრო საწარმო „ტკბილი ქვეყანა“, როგორც ირკვევა, არც ისე „ტკბილია“! „დრონი.ჯი“-ს რედაქციაში რამდენჯერმე გაისმა აღშფოთებული მოქალაქეების სატელეფონო ზარი. მომხმარებელი, სწორედ „ტკბილი ქვეყნის“ ნაწარმის მიმართ გამოთქვამდა პრეტენზიას. რამდენიმე განაწყენებული მყიდველის უკმაყოფილების მიზეზი ერთი და იგივე რამ აღმოჩნდა. თბილისის მაღაზიებში მათ მიერ შეძენილი ნამცხვრები, რომლებიც ამ საფირმო ნიშნით შეიძინეს, დაობებული და გაფუჭებული იყო.
ერთ-ერთი ასეთი დაზარალებული ნუგზარ ო. აღმოჩნდა. მან მოსკოვის პროსპექტზე, მაღაზიაში შეიძინა „ტკბილი ქვეყნის“ მიერ დამზადებული ტორტი და ერთ საათში, გაბრაზებულმა, უკან მიაბრუნა. „ორი შამპანური და ტორტი შევიძინე. „ტკბილი ქვეყნის“ ნაწარმი არც ისე იაფი ღირს და ვიფიქრე, ხარისხიც კარგი ექნება-თქო. თან იმდენჯერ ვუყურე მათი პროდუქციის რეკლამას... შინ მიტანისთანავე ტორტი გავჭერი და დაობებული აღმოჩნდა“, – განუცხადა „დრონი.ჯი“-ს ნუგზარ ო-მ.

„დრონი.ჯი“: როგორ უნდა დაობებულიყო ტორტი?
ნუგზარ ო.: ჩვეულებრივად... ობი ჰქონდა მოდებული. პურზე არ გინახავთ ობი?

ამ საუბრის შემდეგ გაირკვა, რომ მსგავს პრობლემას რედაქციის რამდენიმე თანამშრომელი და მათი ახლობლებიც წააწყდნენ. ერთ-ერთი თანამშრომლის მონათხრობით, საკუთარი თვალით ნახა, როგორ გაჰკიოდა ბოლო ხმაზე ქალბატონი, რომელიც მაღაზიაში „ტკბილი ქვეყნის“ ნაწარმს აბრუნებდა. მაშინ. როცა სახელმწიფო როგორც იქნა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკვები პროდუქტის ხარისხზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს, ვფიქრობთ, „ტკბილი ქვეყნის“ ხელმძღვანელობა უფრო გულისხმიერებით მოეკიდება ამ საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ „ტკბილი ქვეყნის“ წარმოების ხელმძღვანელს, დავით ჭაქვაძეს რომ ჰკითხოთ, მათი პროდუქცია ძვირი სულაც არ არის, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ქვეყანაში ბევრია ისეთი ოჯახი, რომელსაც პურის ფული უჭირს.
„დრონი.ჯი“ სწორედ მას ესაუბრა მას შემდეგ, რაც „ტკბილი ქვეყნის“ პიარის შეფი გეგი ზაქარაია მეტისმეტად განრისხდა, როცა დაობებულ ტორტებზე ჩვენგან შეიტყო.

გეგი ზაქარაია: „ტკბილ ქვეყანას“ საფირმო მაღაზიები არა აქვს, ამიტომ ტორტი თუ დაძველებული იყო, ეს ჩვენი ბრალი არაა. ალბათ მაღაზიის მეპატრონე არ აქცევს ყურადღებას და არ ცვლის ვადაგასულ პროდუქციას დროულად.

„დრონი.ჯი“: არც ერთ შემთხვევაში პროდუქცია ვადაგასული არ ყოფილა. ვადები დამაკმაყოფილებელი იყო, მაგრამ ნამცხვრები მაინც გაფუჭებული...
გეგი ზაქარაია: გამორიცხულია... ეს შავი პიარია!…
„დრონი.ჯი“: გეთანხმებით, თეთრად ნამდვილად არაა საქმე...
გეგი ზაქარაია: აღარ მინდა კომენტარი...
ამის შემდეგ წარმოების დირექტორს, დავით ჭაქვაძეს დავუკავშირდით.
– „ვერ დავიჯერებ, ვერ დავიჯერებ“ – ისე იძახდა ბატონი დავითი, როგორც ერთი კაცი, რომელსაც „დიდი ბელადის“ სიკვდილი არ სჯეროდა. არ ვაკადრეთ ბანალური ფრაზა, „ვისაც გვჯერა გაგვატარეთ-თქო“, მაგრამ რამდენიმე კითხვა მაინც დავუსვით.

დავით ჭაქვაძე: „პირველად გავიგე ამ პრობლემის შესახებ. ეს პრობლემა კონტროლირებადია და ყურადღებას ვაქცევთ. ვადაგაუსვლელ პროდუქციას ობი ჰქონდა? სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ, ძნელია ვენდო... სპეციალურად თუ გააფუჭა ვინმემ... 2 საათი მზეზე თუ დადო და...“
„დრონი.ჯი“: სპეციალურად ამას ვინ გააკეთებდა...
დავით ჭაქვაძე: ჩემთვის დაუჯერებელია. ყოველდღე ნახულობს დისტრიბუტორი და... 3000 მაღაზიასთან გვაქვს შეხება, არც ერთს ასეთი რამ არ უთქვამს...
მოკლედ, „ტკბილ ქვეყანას“ მყიდველის ცრემლების არ სჯერა.
„დრონი.ჯი“ მომავალშიც შემოგთავაზებთ მასალას „ტკბილი ქვეყნის“ ოინებზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100