“სტარტაპერი“ სტუდენტებისთვის სტარტაპკურსს იწყებს
თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი“ სტუდენტებისთვის სპეციალურ სტარტაპკურსს ქმნის და ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად საბაზისო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიიღონ.
პირველი სტარტაპკურსი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შედეგად დაინერგა. საპილოტე კურსი, რომელიც მარტში დაიწყება და 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება, პირველ ეტაპზე „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ (BTU) სტუდენტებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. სამომავლოდ კურსი საქართველოს მასშტაბით მოქმედ სხვა უნივერსიტეტებშიც დაინერგება.
სტარტაპკურსის ფარგლებში, სტუდენტები დაესწრებიან სხვადასხვა თემატიკის სესიებს, რომლებიც აერთიანებს სტარტაპის განვითარების სრულ ფაზას - იდეის დაბადებიდან წარმატებულ ბიზნესად ჩამოყალიბებამდე. კურსის განმავლობაში, მსმენელებს ექნებათ შესაძლებლობა, შეხვდნენ წარმატებულ ადამიანებს, მიიღონ მათგან რჩევები/რეკომენდაციები და დაესწრონ ინსპირაციულ საუბრებს სტარტაპთემის გარშემო.
კურსის დასრულებისას, სტუდენტები მოამზადებენ პრეზენტაციებს სტარტაპიდეების შესახებ, გამარჯვებული გუნდი კი გაემგზავრებაStartup Safari-ს ერთ-ერთ საერთაშორისო სტარტაპღონისძიებაზე.
კურსის მიზანია სტუდენტებში სტარტაპკულტურის დამკვიდრება, მათთვის ინსპირაციის მიცემა, რომ რეალობად აქციონ იდეები. კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი და შექმნან ახალი შესაძლებლობები.
სტარტაპკურსს გაუძღვებიან სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები, მათ შორის: ანდრო დგებუაძე - აზიის განვითარების ბანკის კონსულტანტი; ლევან კილაძე - Lemondu-ს და TKT.ge-ს დამფუძნებელი; ნინო ეგაძე - თიბისი ბანკის მარკეტინგის ხელმძღვანელი; პავლე გაბრიჭიძე - ლივინგსტონის სოციალური მედიისა და ედვერთაიზინგის განყოფილების უფროსი...
“სტარტაპერი” თიბისი ბანკის პროგრამაა, რომლის მიზანია ქვეყანაში გაჩნდეს მეტი წარმატებული სტარტაპი. ერთი მხრივ, თიბისი ხელს უწყობს საქართველოში ბიზნესის განვითარებას და ზოგადად, ბიზნესის კეთების პოპულარიზაციას და მეორე მხრივ, ბანკი ინვესტიციას ახორციელებს მომავალში. პროგრამა სტარტაპერი თიბისი ბანკის ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობაა, რომელსაც წვლილი შეაქვს ქვეყანაში სტარტაპგარემოს გაუმჯობესებაში.
“ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი” სილიკონ ველი თბილისის პირველი მაღალტექნოლოგიური ცენტრია, სადაც ინტეგრირდება ბიზნესი და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები. უნივერსიტეტი აერთაინებს მრავალმილიონიან საერთაშორისო დასაქმების პლატფორმას, ბიზნესინკუბატორს, აიტი აკადემიას, მედიაცენტრს, კვლევით ცენტრს, ვირტუალი რეალობის ლაბორატორიას, გადამზადების ცენტრს. სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და მკვლევარების გაერთიანებით უნივერსიტეტში ხელმისაწვდომია სწავლა, სწავლება და კვლევა.
კომენტარი