სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასოცირების შეთანხმება ქვეყნის შიდა სახელმწიფოებრივ რეფორმას ითვალისწინებს

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საქართველოში შიდა სახელმწიფოებრივ რეფორმას ითვალისწინებს.
ასოცირების შეთანხმება, როგორც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების სამოქმედო გეგმა, ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს და მიზნად ისახავს ევროკავშირის სტანდარტებთან საქართველოს ეტაპობრივ დაახლოებას.

დაახლოებით 1200-გვერდიან დოკუმენტში გაწერილია კონკრეტულ სფეროში საკანონმდებლო ცვლილებებისა და ინსტიტუციური რეფორმების ვადები. შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მოუწევს ეტაპობრივად დაუახლოვოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის 300-მდე სამართლებრივ აქტს. ამ თვალსაზრისით, გარკვეული სამუშაოები 2010 წლიდან გატარებულია, ხოლო სხვადასხვა დირექტივის ძალაში შესვლის თარიღი განსხვავებულია და 8 წლამდე პერიოდს მოიცავს.

შეთანხმება ითვალისწინებს დარგობრივი პოლიტიკის ყველა სფეროს მოდერნიზებას, საქართველო-ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობას მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმის კუთხით. ამ მიმართულებით განსაზღვრულია კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის უზრუნველყოფა. საქართველომ ევროკავშირის ხელშეწყობით უნდა გაატაროს პროგრესული რეფორმები, ესენია: სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაზრდა, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა და სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა; მიგრაციის მართვა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა; ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; უკანონო ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის პრევენცია და მის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა; პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენცია.
ასოცირების ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ძირითადი თავისუფლებების, ადამიანის უფლებების, მათ შორის იმ პირთა უფლებების პატივისცემა, რომლებიც უმცირესობებს მიეკუთვნებიან, საერთაშორისო სამართლის პრინციპს და ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას წარმოადგენს. შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ გააძლიერონ ადამიანის უფლებების, დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის პატივისცემა. თუმცა, საზოგადოების ნაწილში არსებული მცდარი მოსაზრებისგან განსხვავებით, ასოცირების ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების ვალდებულებაზე, რაც არც ევროკავშირის ბევრ ქვეყანაშია აპრობირებული და ასეთი მოთხოვნა, არც საქართველოს მიმართ არსებობს.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება ე.წ. "ახალი თაობის" დოკუმენტია, რამდენადაც მანამდე გაფორმებული მსგავსი შეთანხმებებისგან განსხვავებით, ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელოვან და რეალურ მექანიზმებს ითვალისწინებს. ეს დოკუმენტი ჩაანაცვლებს 1996 წელს ხელმოწერილ "პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას" (PCA) და შექმნის საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ახალ სამართლებრივ ჩარჩოს.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ოფიციალურად 2010 წლის ივლისში დაიწყო, ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტზე - 2011 წლის დეკემბერში. მოლაპარაკებების პროცესში გაიმართა 14 პლენარული სესია შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილზე, 6 რაუნდი - ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე და 100-მდე ვიდეოკონფერენცია დარგობრივი თანამშრომლობის თავებსა და DCFTA-ზე. მოლაპარაკებები 2013 წლის ივლისში დასრულდა, ხოლო ხელშეკრულების პარაფირება გასული წლის ნოემბერში, ვილნიუსის სამიტზე მოხდა. დოკუმენტს ხელი დღეს ეწერება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100