LOST 7 - მარგინალური ოპოზიცია სერიალს ვერ იღებს...
როგორც ჯოკერში – ოპოზიციამ დაკარგულების თემა ბოლო სვლისთვის შემოინახა. მათ შესახებ ცნობები მიზანმიმართულად ვრცელდებოდა და ჯერაც ვრცელდება როგორც საინფორმაციო საშუალებებში, ასევე სოციალურ ქსელებზე.
რასაკვირველია, სოციალურ ქსელებში მაშინვე თავს ესხმიან მას, ვინც გაბედავს და დაკარგულთა რაოდენობას, გაუჩინარების დეტალებს, ოჯახების საეჭვო დუმილს ახსენებს, ამ დეტალების გამო კი ამდენი ადამიანის აორთქლების ფაქტს ეჭვქვეშ დააყენებს. ასეთები მაშინვე ირიცხებიან მინიმუმ, მოსყიდულების და, მაქსიმუმ, აგენტების რიგებში.
ზოგიერთები, ვისაც ზემოთჩამოთვლილი დეტალების გამო დაკარგულთა თემის აქტუალობაში ეჭვი ეპარება, მაინც დუმილს ამჯობინებს, რადგან, ჯერ ერთი, თემაა ფაქიზი და, მეორეც, არსებობს ეჭვი, სახელად „ვაითუ“. დროდადრო დაკარგულთა თემა ცოცხლდებოდა და ტრაგიკული პასაჟებით ფორმდებოდა.
ასე მაგალითად, ერთ ღამეს მთელი „ფეისბუქი“ აიკლო ერთ–ერთი რეგიონალური ჟურნალისა და ინტერნეტგამოცემის ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ მცხეთასთან მტკვარმა ოთხი ადამიანი, „სავარაუდოდ, მომიტინგე გამორიყა“, რომლებიც იქვე, მცხეთის ხიდთან დამარხეს და „მცველად პოლიციელი მიუჩინეს. ვინც დაინტერესდებოდა, იქვე დააკავებდნენ.“
ისინი, ვინც ამ შოკისმომგვრელი „ნიუსით“ აღშფოდნენ და ეს აღშფოთება „მომწონს“ ღილაკზე ბრაზიანი კლიკით დანარჩენ მეგობრებსაც გაუზიარეს, არ დაფიქრებულან, რეგიონალური გამოცემის პატარა რედაქტორმა კი, შესაძლოა, არც იცის, რომ მტკვარი აღმა არ მიედინება. თუმცა, რატომაც არა – ასეთ ზღაპარს თუ იგონებ, შეგიძლია ისიც დაწერო, რომ მტკვარიც ხელისუფლების ბრძანებას ემორჩილება...
მოკლედ, ოპოზიციის მარგინალური ნაწილის ბოლო კოზირი მაშინვე უიმედო გახდება, თუ ვინმე დაინტერესდება, რატომ არ მიმართავენ 48 დაკარგული ადამიანის („ბოლო მონაცემებია“) ოჯახის წევრები ოფიციალური განცხადებით შსს–ს იმის თაობაზე, რომ მათი ოჯახის წევრი 26 მაისს სახლიდან გავიდა და შინ არ დაბრუნებულა? ორმოცდარვავე დააშინეს? შსს–ს არ ენდობიან? დავუშვათ, ასეა. მაშინ ან „სახალხო კრებას“, ან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას რატომ არ უდასტურებენ, რომ ოჯახის წევრები დაიკარგნენ?
ოფიციალური განცხადება შსს–ში რომ შესულიყო, ამ სტრუქტურას დაკარგულზე ძებნის გამოცხადება ევალებოდა. მოგეხსენებათ, ამ დროს როგორც ხდება: საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აკრავენ დაკარგულის ფოტოს, ტელევიზიით აცხადებენ, როდის გავიდა სახლიდან, რა ეცვა, რა სიმაღლის იყო, რა ფერის თვალები და თმა ჰქონდა... ასე რომ მომხდარიყო, შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი საკუთარი სახლის სარდაფებშიც ეპოვათ...
აი, რა უთხრა გაზეთ „ბათუმელებს“ „სახალხო კრების“ ერთ–ერთმა ლიდერმა, ვახტანგ ყოლბაიამ:
”სახალხო კრებაში” მომუშავე ვახტანგ ყოლბაიამ ”ბათუმელებს” უთხრა, რომ ბოლო დღეების განამვლობაში ”დაკარგულთა სიები” იცვლებოდა და ახლა მის ხელთ არსებული სიის მიხედვით 26-მდე ადამიანია დაკარგული. თუმცა, როგორც თავადვე აცხადებს, ეს მონაცემები გადაუმოწმებელია და არ არსებობენ ოჯახები, რომლებიც ”სახალხო კრებას” დაუკავშირდნენ და ახლობლის დაკარგვის შესახებ განაცხადეს.
”ბათუმელებმა” ვახტანგ ყოლბაიას ჰკითხა, თუ საიდან დაასკვნეს ”სახალხო კრებაში”, რომ ეს ადამიანები დაკარგულები არიან?
”ჩვენთან მოვიდნენ ვიღაც მეგობრები და თქვეს, რომ დაკარგულები არიანო. ვიღაცამ თქვა, რომ ის არ არის. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ოჯახებიდან მათი ოჯახის წევრის დაკარგვის შესახებ არა გვაქვს ინფორმაცია,” - უთხრა ”სახალხო კრების” წარმომადგენელმა ”ბათუმელებს.”
ვახტანგ ყოლბაიას წამოსცდა სიმართლე და მათი დამოკიდებულება დაკარგულების თემის გა–off–ების გამო, როცა სიტყვა „სამწუხაროდ“ იხმარა. მართლაც, რატომ უნდა იყოს სამწუხარო, თუკი ოჯახებიდან არ არის შესული განცხადება ოჯახის წევრის დაკარგვის შესახებ? ეს მხოლოდ „სახალხო კრებისთვის“ შეიძლება, სამწუხარო იყოს, ამიტომაც ვახტანგ ყოლბაიას ასეც უნდა ეთქვა: „ჩვენდა სამწუხაროდ...“
ჯერჯერობით გაურკვეველია, სადამდე გაგრძელდება ამ არარსებული დაკარგულებით მანიპულირება – ოპოზიცია სულით და გულით ცდილობს „დაკარგულები 7“ გადაიღოს და საზოგადოებას თავს მოახვიოს, მაგრამ ამისთვის ფანტაზია არ ჰყოფნის...
კომენტარი