სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გწერთ თბილისის მერი, ანუ პირველი სახელისუფლო ონლაინ-დიალოგი facebook-ზე

ვინც თვალი მიადევნა თბილისის მერის ონლაინ-დიალოგს facebook-ზე, რომელიც თბილისის მერმა მოაწყო და რომელიც მის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე იყო დაანონსებული, ვფიქრობ, დარწმუნდებოდა, რომ თბილისის მერის მისამართით დასმული კითხვების უმრავლესობას პასუხი გაეცა და გიგი უგულავა მაქსიმალურად ცდოლობდა, მაქსიმალურად ამომწურავად ეპასუხა ყველა საინტერესო შეკითხვაზე.

რამდენად შეძლო მერმა დასახული მიზნის მიღწევა და გაიმეორებს თუ უარს იტყვის მსგავს პრაქტიკაზე, ამას ახლა ვერ განვჭვრეტთ, მაგრამ ვნახოთ, როგორი კითხვები დასვა „ფეისბუქურმა“ საქართველომ და როგორ უპასუხა მათ თბილისის მერმა.

ონლაინ-დიალოგის კედელზე კითხვები მაშინვე გაჩნდა, როგორც კი ეს კედელი მომხმარებლისთვის გაიხსნა. რა თქმა უნდა, კითხვები სხვადასხვა შინაარსის იყო. მათ შორის, იყო მწვავე, მოურიდებელი კითხვებიც. მაგალითად, ასეთი:

"არ მიგაჩნიათ სტრატეგიულ შეცდომად, როცა ქალაქის მერი საკუთარი ქალაქის ექიმებს არ ენდობა და მისი მეუღლე, რა თქმა უნდა, ხელფასიდან დანაზოგის შედეგად, საზღვარგარეთ მშობიარობს?"; "რა დაჯდა გმირთა მოედანზე მრგვალი ბურთის და რიყეზე რაღაცა საოცრება ატრაქციონის დემონტაჟი და რატომ გაქვთ ეს ინფორმაცია "სახელმწიფო საიდუმლოებაში" მოთავსებული?"; "თქვენი ძვირადღირებული მანქანა რომ გამოიტანეთ გასაყიდად, რა ბედია ეწია?? შედეგი რატომ აღარ დაპიარდა? ვინ იყიდა? ახლა რით დადიხართ სამსახურში? პირადი მანქანა არც თქვენ და არც თქვენს მეუღლეს, დეკლარაციის მიხედვით, არ უნდა გქონდეთ!"; "თქვენი არჩევნების შემდეგ, რატომ შეწყდა თითქმის ყველა სოციალური პროგრამა მერიაში წლის ბოლომდე?". თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგიერთმა სულაც არ ჩათვალა საჭიროდ შეკითხვის დასმა, მაგრამ სამაგიეროდ, მოვალეობად მიიჩნია, მერისთვის მადლობა გადაეხადა.

როგორც მოსალოდნელი იყო, შეკითხვების უმრავლესობა 26 მაისის მიტინგს, მის დაშლას და პოლიციელთა ქმედებას ეხებოდა, ამიტომაც, ამ სტატიაში ყურადღებას სწორედ ამ საკითხზე მერის მოსაზრებებს დავუთმობთ.

გიგი უგულავამ თავდაპირველად მსგავსი მანიფესტაციების ჩატარების კულტურაზე, ამ აქციის დროს ხელისუფლებისა და ორგანიზატორების პასუხისმგებლობაზე ისაუბრა:

მისი თქმით, ბევრს მიაჩნია, რომ კანონდარღვევა მხოლოდ მანიფესტაციის ვადის გადაცილება იყო, მაგრამ ასე არ არის, რადგან კანონი მანიფესტანტებს მთელ რიგ შეზღუდვებს უწესებს. მაგალითად, მანიფესტანტებმა არ უნდა გადაკეტონ გზის სავალი ნაწილი, თუ მათი რაოდენობა ამას არ მოითხოვს. „როცა ღამე, თუნდაც 500 კაცამდე რჩება აქციაზე, გზის გადაკეტვა საჭირო არ არის, ეს კანონის დარღვევაა“. მისივე თქმით, აქციის ორგანიზატორებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმასაც, რომ მომიტინგეებს არ ჰქონდეთ ალკოჰოლური სასმელები და თუ ასეთი გამოჩნდება, სამართალდამცველებს თვითონ უნდა ჩააბარონ. „არ ვიცი, სცივათ თუ უბრალოდ, მიდრეკილება აქვთ ალკოჰოლისკენ, ეს ჩვენი გასარჩევი არ არის. უბრალოდ, დაუშვებელია“, - წერს გიგი უგულავა. ამასთან, გიგი უგულავა აცხადებს, რომ „ჩვენ მზარდი, დემოკრატიული ქვეყანა ვართ, ეს ყველაფერი კი დუღილის პროცესია. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ექსტრემიზმს ნელ-ნელა საქართველოში დასაყრდენი ეცლება. ჩვენ ნელ-ნელა საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, თუ როგორი იქნება კანონიერი მანიფესტაცია".

დედაქალაქის მერს ერთი „ფეისბუქ-ექსკლუზივიც“ ეკუთვნის. ყოველ შემთხვევაში, სწორედ „ფეისბუქის“ მეშვეობით გააჟღერა მან ინფორმაცია, რომელიც აქამდე საზოგადოებაში მხოლოდ ვარაუდის სახით არსებობდა. ეს პოლიციელთა ქმედებას უკავშირდებოდა, რომელთაც, მერის თქმით, მართლაც გადაამეტეს ძალა, მაგრამ მიტინგის დაშლა სრულიად ლეგიტიმური იყო. გიგი უგულავა აცხადებს, რომ პოლიციელთა მხრიდან უხეში მოპყრობა გამოწვეული იყო პოლიციელების გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით:

"იყო მთელ რიგ შემთხვევებში ძალის გადამეტება. როცა სამართლადამცველებმა დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს, ეს იყო ლეგიტიმური. მაგრამ შემდეგ მოხდა ავადსახსენებელი მომენტი, როცა მანქანების კოლონა შევარდა და 10 პოლიციელი წაიქცა. მაშინვე გავრცელდა ერთმანეთში ინფორმაცია, რომ მასობრივად დაიღუპნენ პოლიციელები. მთელ მსოფლიოში ასეა, რომ პოლიცია ყველაზე მძიმედ რეაგირებს პოლიციელის გარდაცვალებაზე. ძალის გადამეტების შემთხვევებიც, დაახლოებით 5-7 წუთი, სწორედ ამით იყო განპირობებული. შემდეგ მინისტრის ჩარევა გახდა საჭირო, რათა ეს ემოციური მუხტი გაჩერებულიყო"

"ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების კლასიკური მცდელობა",

"ეს იყო გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა ან არ შემდგარი სიკვდილის ქრონიკა. ისინი(ორგანიზატორები) ფიქრობდნენ: ან გადმოვაყირავებთ, ან, თუ არა - ხმაურს მაინც ავტეხთ".

„პირველ რიგში ის უნდა შეფასდეს, თუ რა იყო დაგეგმილი და რა ვერ შესრულდა“.

"არც ერთი ადამიანის სიცოცხლის შეწირვა არ ღირს ამ პროცესისთვის. ეს ყველაფერი ადამიანის ცხოვრებით ჟონგლიორობა იყო და მეტი არაფერი", - ასეთი იყო დედაქალაქის მერის ყველაზე მწვავე და საინტერესო პასუხები 26 მაისის მოვლენებზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100