სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცხოვრებაში დაკარგული ადამიანის ლექსად თქმული ფიქრები

მე ჩავიკარგე დროის მკლავებში,
წამი უაზრო ნაბიჯებს დგამდა,
გზა მიდიოდა უცხო მხარეში,
გულს აუხდენელ ოცნების სწამდა.

გზადაგზა ფიქრი იხლართებოდა,
გადავუხსენი საკინზე მიწას,
ბევრჯერ იმედიც ისახებოდა,
ბევრჯერაც ავცდი სასურველ მიზანს.

დავუახლოვდი ზოგჯერ სიგიჟეს,
ნისლად ვედინე მწვერვალებს მთისას,
ვერ ვერეოდი დროის სიმკვირცხლეს,
ვგავდი ღამეში გაბნეულ სიზმარს.

ჩემმა ლექსებმა ცის კიდე დაწვეს
და მარტოსული ვმღეროდი ჩემთვის,
დროის ხარებმა დღეები დახნეს,
მე კი ჩემს აზრებს ყინულზე ვთესდი.

მერე სამყაროც იქცა სიჩუმედ,
თმებში ჭაღარაც შემომელია,
დამიმარტოვა ფიქრთა სიუხვემ,
ზოგჯერ სიტყვებიც შემომელია.

მე ჩავიკარგე დროის მკლავებში,
წამი უაზრო ნაბიჯებს დგამდა,
გზა მიდიოდა უცხო მხარეში,
გულს აუხდენელ ოცნების სწამდა...

(2009 წელი, მარტი)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100