ლევან დავითაშვილი ვარკეთილისა და ვაზისუბნის რაიონებში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან დავითაშვილი ვარკეთილის მეოთხე მიკრორაიონსა და ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.
დეპუტატობის კანდიდატთან შეხვედრისას დევნილმა მოსახლეობამ სანიაღვრე სისტემის, გარე განათებისა და შენობების ფასადების მოწესრიგება მოითხოვა.
როგორც ლევან დავითაშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა, მისი გამარჯვების შემთხვევაში, უფლებამოსილების ფარგლებში, დასახელებული პრობლემების დროულად მოგვარებაზე იმუშავებს.
„დღეს სოხუმის დაცემის დღეა. ეს მძიმე თარიღია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა საკუთარ კერას მალე დაუბრუნდება.
იქამდე კი ყველა ვალდებული ვართ, მათ ცხოვრების ღირსეული პირობები შევუქმნათ. მოგეხსენებათ, ხელისუფლება ამ კუთხით მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს. ათასობით დევნილ ოჯახს უკვე კომფორტული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა. ჩვენ გუნდს გააჩნია კონკრეტული პროგრამები ამ მიმართულებით, მე კი, გამარჯვების შემთხვევაში, ამ ადამიანების წინაშე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ყველაფერს ვიღონებ“-განაცხადა ლევან დავითაშვილმა დევნილებთან შეხვედრისას.
კომენტარი