სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მთავარი პროკურატურა გიგი უგულავასთვის ბრალის წარდგენის საკითხზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა დედაქალაქის მერის, გიგი უგულავასთვის ბრალის წარდგენის საკითხზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უგულავას წინააღმდეგ ძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.
"თბილისის მერს გიორგი უგულავას წარედგინა ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ აიპ "თბილისის განვითარების ფონდისთვის" დედაქალაქის რეაბილიტაცია-განვითარებისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე.
საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის რეაბილიტაციის მიზნით 2010 წლის 16 ივლისს, ქ. თბილისის მერიამ დააფუძნა "თბილისის განვითარების ფონდი".
თბილისის მერმა და ამავდროულად მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ - გიორგი უგულავამ, მერიის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა, ,,თბილისის განვითარების ფონდის" კუთვნილი თანხებით 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო ხარჯების დასაფინანსებლად.
2011 წლის ნოემბერში, ორგანიზებული ჯგუფის მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, ქ.თბილისის მერის - გიორგი უგულავას დავალებით, "თბილისის განვითარების ფონდ"-ში ფიქტიურად გაფორმებული 719 შენობის კვლევის სპეციალისტისთვის დამზადდა პლასტიკური სახელფასო ბარათები, რომლებიც რეალურად წარმოადგენდნენ არა ფონდის თანამშრომლებს, არამედ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს. დამზადებულ პლასტიკურ ბარათებზე უკანონოდ ირიცხებოდა ,,თბილისის განვითარების ფონდის" კუთვნილი თანხები, რომლებიც წინასაარჩევნოდ გაწეული პარტიული საქმიანობის სანაცვლოდ ხელფასის სახით ურიგდებოდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ აქტივისტებს - უბნის უფროსებს და მიკრო კოორდინატორებს. ამ გზით 2011 წლის ნოემბრიდან - 2012 წლის ივნისის ჩათვლით პარტიული ინტერესებისათვის მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა ააიპ "თბილისის განვითარების ფონდის" კუთვნილი 13 852 497 ლარი.
მოგვიანებით, 2012 წლის ივნისიდან - ოქტომბრის ჩათვლით, გიორგი უგულავას დავალებით, პარტიული აქტივისათვის დასარიგებელი სახელფასო თანხა ,,თბილისის განვითარების ფონდის" ანგარიშიდან, საბანკო ჩეკების გამოყენებით, გამოჰქონდათ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებს, რომელიც კოორდინატორების რაოდენობის მიხედვით ეტაპობრივად ხელზე გადაეცემოდა პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, ხოლო მათი მეშვეობით უშუალოდ პარტიულ აქტივისტებს. აღნიშნული გზით მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა ააიპ "თბილისის განვითარების ფონდის" კუთვნილი 34 328 463 ლარი.
თბილისის მერის - გიორგი უგულავასა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების მიერ, პარტიული ინტერესებისათვის, მთლიანობაში მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა "თბილისის განვითარების ფონდის" კუთვნილი 48 180 960 ლარი, რომელიც მოხმარდა არა ქ. თბილისის განვითარებასა და რეაბილიტაციას, არამედ პოლიტიკური პარტიის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამავე დანაშაულის ჩადენის გამო ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შემდეგი წევრები: თბილისის მერის ყოფილი მოადგილე დავით ალავიძე, "თბილისის განვითარების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი საბანაძე, მერიის შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი ალექსანდრე თაბუაშვილი, ძველი თბილისის ყოფილი გამგებელი დავით ავალიანი და ამ უკანასკნელის მოადგილე დიმიტრი ჩხაიძე.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით", - აღნიშნულია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100