ბიძინა ივანიშვილს აშანტაჟებენ და პოლიტიკაში დაბრუნებას სთხოვენ - კობახიძე
„ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების თემას შანტაჟს უწოდებს და ამბობს, რომ ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნებას სთხოვენ.
კობახიძის თქმით, ივანიშვილის ფარულად დაშანტაჟებას სჯობს, კაცურად გამოვიდნენ და თქვან, რომ მას მართლაც უწესებენ სანქციებს.
„რაც შეეხება სანქციებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ამ თემას რომ ატრიალებენ, სინამდვილეში, თვითონ ბატონმა ბიძინამ განმარტა, რომ მას აქვს არაფორმალური სანქციები პრაქტიკულად დაკისრებული. მას აქვს გაჩერებული ასეულობით მილიონობით დოლარი, თანხა, რომელიც არის განთავსებული შვეიცარიის ბანკში. ანუ, არაფორმალური სანქციები არის ისედაც დაწესებული. ამიტომაც, შეიძლება უკეთესიც იყოს, რომ სანქციების ფორმალიზება მოხდეს ამ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ცდილობენ, დააშანტაჟონ ბიძინა ივანიშვილი კონკრეტული მიზნით.
ანუ, ხდება ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟება ფარულად, კონკრეტული მიზნით და ამისთვის ისინი იყენებენ სანქციას, კერძოდ, აჩერებენ თანხას. მე მგონი ამას აჯობებს, რომ კაცურად გამოვიდნენ და თქვან, რომ აწესებენ რაღაც სანქციებს და საზოგადოება, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო კარგად შეაფასებს იმას, თუ რა დგას ამ სანქციების უკან და რა არის შანტაჟის მიზანი, რას ითხოვენ ბიძინა ივანიშვილისგან, რატომ სთხოვენ მას პოლიტიკაში დაბრუნებას“. - ამბობს ირაკლი კობახიძე.
კომენტარი