სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფმა შეაფასა

დღეს, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. საერთაშორისო პარტნიორები ჯანდაცვის სამინისტროს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის გრძელვადიანი სტრატეგიის დანერგვის, მონიტორინგის, პრევენციისა და კონტროლის კუთხით გაუწევენ კონსულტაციას.

საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც არიან შემადგენლობაში არიან აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, ემორის, ჰოპკინსის უნივერსიტეტების ხელმძღვანელები და სხვა საერთაშორისო პარტნიორები. კონფერენციაში მონაწილეობენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები, C ჰეპატიტის მხრივ საქართველოში არსებულ მდგომარეობა განიხილეს და ელიმინაციის პროგრამის პირველი ფაზის შედეგები და მიღწევები შეაფასეს. საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრის მიზანსა და მნიშვნელობას C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განვითარების ხელშეწყობა ხელშეწობა წარმოადგენს. ასევე, საზოგადოების ინფორმირების გაზრდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობაზე.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიოში ქრონიკული C ჰეპატიტი აღენიშნება 130-150 მილიონ ადამიანს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) კრიტერიუმებით საქართველო ითვლება C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყნად. ინფიცირებულთა რიცხვი განსაკუთრებით მაღალია მომატებული რისკის მქონე პოპულაციებში.

ცნობილია, პროგრამა საქართველოში უკვე 6 თვეა ხორციელდება და მის ფარგლებში 5 ათასზე მეტი ადამიანი მკურნალობს. დღევანდელ შეხვედრაზე მოხდა პროგრამის მეორე ეტაპის დასაწყისის დაანონსება, რომელიც როგორც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები განმარტავენ დეკემბრიდან დაიწყება, რომლის მიზანია წლის განმავლობაში დაახლოებით 20 ათასი ადამიანის მკურნალობა მოხდეს.

2015 წლის აპრილში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ წამოიწყო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. პროგრამის საწყისი ფაზა ითვალისწინებს C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის სერვისებსა და უფასო მკურნალობაზე წვდომის უზრუნველყოფას C ჰეპატიტით ინფიცირებულ პირთათვის. მკურნალობა ხორციელდება, უწყვეტად უახლესი გენერაციის პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატით (სოფოსბუვირი), რომლითაც მკურნალობა უკვე დაიწყო 4 ათასზე მეტმა ადამიანმა. ამჟამად მუშავდება C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგიული გეგმა (2016-2020), რომელიც მოიცავს ელიმინაციის მისაღწევად საჭირო სპეციფიკურ ამოცანებსა და აქტივობებს,“- აღნიშნა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

მინისტრის თქმით, შეხვედრის მთავარი ამოცანაა კვლევის შედეგების წარმოჩენა, რომელზეც დაყრდნობითაც განისაზღვრება ახალი, უფრო მასშტაბური ელიმინაციის პროექტის დაწყების აუცილებლობა. „ჩვენ დღეს განვიხილეთ პირველი ნაწილი იმ კვლევის, რომელიც ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით, რამაც დაადასტურა, რომ ავადობა ძალიან მაღალია," - განმარტა სერგეენკომ.

„საქართველომ 6 თვეში უზარმაზარ პროგრესს მიაღწია. ეს რეალურად ისტორიული მოვლენაა. ჩვენ ვცდილობთ ამ მეტად საშიში დაავადების ელიმინაციის პროგრამის განხორცილებას. ამჟამად, იმყოფება ექპერტთა ჯგუფი, რომელიც საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვან კონსულტაციებს გაუწევს საქართველოს მთავრობას პროგრამის შემდეგი განხორციელებისთვის,“ - განაცხადა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა ჯონ ვორდიმ.

საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფმა პირველ დღეს განიხილა C ჰეპატიტის მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობა, ჰეპატიტის სეროპრევალენტობის პოპულაციური კვლევის შედეგები, ასევე C ჰეპატიტის პრევენციისა და კონტროლის საკითხებში არსებული გამოწვევები. ჯგუფი შეაფასებს ჩატარებულ სამუშაოებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს პრიორიტეტული ინტერვენციების, პროგრამის ინდიკატორებისა და ელიმინაციის მომდევნო ფაზების შესახებ. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ჩართულობა კვალიფიციურ გამოცდილებას შესძენს და ახალ პერსპექტივებს დაუსახავს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას.

სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, აშშ ელჩი იან კელი, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი ჯონ ვარდი, ჰოპკინსის უნივერსიტეტის წარმომადგენელი კენ ნელსონი და საქართველოს დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირამ გამყრელიძე; კონფერენციას სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ აშშ საელჩოს, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის; ემორისა და ჰოპკინსის უნივერსიტეტების და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები;

კონფერეცია ხვალ, 4 ნოემბერს 09:00 საათიდან განახლდება. ხვალ საქართველოში ასევე ელოდებიან C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატის კომპანიის ვიცე პრეზიდენტსაც. კონფერენცია სამ დღეს გაგრძელდება. შეხვედრის ბოლოს კი, 5 ნოემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისი ჯანმოს პოლიტიკის, HCV სკრინინგის, მკურნალობისა და მზრუნველობის გაიდლაინის, ვირუსული ჰეპატიტის კუთხით, გლობალური ჯანმრთელობის სექტორის სტრატეგიის გასაცნობად ტექნიკურ კონსულტაციას გამართავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100