სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი ჩოხელი - ახალგაზრდა ფოტოგრაფი, რომელიც ცდილობს ისტორია კადრებით შექმნას

ფოტოგრაფია საქართველოში ძალიან პოპულარული პროფესია და ჰობი გახდა, ხშირად ხუმრობენ „ვინც ფოტოაპარატი იყიდა ყველას ფოტოგრაფი ჰგონია თავიო“ მაგრამ ჩვენი სტატიის გმირი მათ რიცხვს ნამდვილად არ მიეკუთვნება.

ფოტოსესიები, მოდის კვირეულები, ხალხური ცეკვების თემატიკა, 21-ე საუკუნის "გააბრაგებული ქალი და მამაკაცი", ასევე ქართველი „ბომონდი" და სხვა ბევრი საინტერესო რამ მის ფოტო -ობიექტივში.

სოციალურ ქსელში გიორგი ჩოხელის ფოტოები ისეთი პოპულარობითა და სიმპატიებით სარგებლობს გადავწყვითეთ ჩვენს მკითხველს ახალგაზრდა ფოტოგრაფი უფრო ახლოს გავაცნოთ, რომელმაც კადრთან მეგობრობა ერთ-ერთ ქართულ ტელევიზიაში მემონტაჟედ მუშაობით დაიწყო და ბოლოს კადრების თავად შექმნაზე გადავიდა.

როგორ იქცა გიორგი ჩოხელი მემონტაჟედან ფოტოგრაფად, რა მიღწევები აქვს და რას გეგმავს კარიერაში ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ვინ არის გიორგი ჩოხელი და როდის დაიწყე ფოტოგრაფობა?

გიორგი ჩოხელი ერთი ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭია, რომელიც ხელოვნების დიდი მოყვარულია. 6 წლის ასაკიდან აქტიურად მივყვებოდი ქართულ ხალხურ ცეკვას, რასაც 15 წელი დავუთმე. შემდეგ უკვე სწავლა გავაგრძელე. 18 წლიდან ვმუშაობდი უამრავ ადგილას, მქონდა უამრავი გატაცება და ბოლოს ფოტომოყვარული გავხდი.

რა არის შენთვის ფოტოგრაფია და არის თუ არა ის შემოსავლის ძირითადი წყარო?

სიმართლე გითხრათ, არასდროს მიფიქრია რომ ფოტოაპარატით რაიმე შემოსავალი მექნებოდა. ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ კარგი აპარატი მქონოდა და პეიზაჟები გადამეღო. ბავშვობიდან მიყვარდა ფოტოების დათვალიერება. ხარისხიან, რთულად გადაღებულ ფოტოებს რომ ვუყურებდი მაინტერესებდა ამას როგორ იღებდნენ. აი დადგა დროც და ერთმა ფოტოაპარატის ხელში აღებამ სულ შეცვალა ჩემი ინტერესები. თავიდან ყველაფერს ვიღებდი მაგრამ მას შემდეგ, რაც 2015 წლის აპრილში მოდის კვირეული გადავიღე ჩემი ინტერესები შეიცვალა და დღეს ჩემი სურათების უმეტესობა მოდასთან არის ასოცირებული.

რაც შეეხება შემოსავალს საქართველოში ძნელია ფოტოაპარატით გქონდეს შემოსავალი, რადგან ძალიან მწირი ბაზარია. მე პირადად აქტიურად ვთანამშრომლობ რამოდენიმე როგორც ტურისტულ კომპანიასთან ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ძირითადად მიწევს კონფერენციების გადაღება. ასევე ერთ-ერთი შემოსავლის წყარო ქორწილების გადაღებაა.

პირველი ფოტოგრაფი ხარ რომელმაც „აბრაგი ქალის“ თემატიკა გადაიღე, საიდან მოვიდა იდეა და რა გამოხმაურება მოჰყვა ამ სიახლეს?

თავიდან აბრაგი კაცი გადავიღე.. მეგობარი დათა თუთაშხიას უყურებდა და ესე სპონტანურად წამომიტივტივდა თავში თუ რა კარგი იქნებოდა გადამეღო ყაჩაღი 21-ე საუკუნეში... მინდოდა თანამედროვე ეპოქის ყაჩაღი გადამეღო. როგორი შეიძლება იყოს ის 2016 წლის საქართველიში. ვფიქრობ ეს შევძელი გადავიღე ფოტომოდელი RAFAEL და საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოყვა სოციალურ ქსელში, მიუხედავად იმისა რომ ბევრი აკრიტიკებდა ამ ფოტოებს თანამედროვე აღჭურვილობის გამო... ამის შემდეგ გადავიღე აბრაგი ქალი ულამაზესი ელენა წიკლაური, რამაც თქვენი ყურადღებაც მიიქცია. ვფიქრობ ამ ფოტოებსაც საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოყვა და დაიტაცა მთელმა სოციალურმა ქსელმა...

აქტიურად იღებ მოდის კვირეულებს როგორც ჩვენთვის ცნობილია. იძლევა მოდის სფერო საქართველოში შემოსავალს?

ძირითადად როგორც ზევითაც აღვნიშნე შემოსავლის წყარო კომერციული შეკვეთებია, მაგრამ ჩემი ინტერესები უფრო მოდის მხარეს მიდის.. „მოდა“ ეს ის სიტყვაა, რომელიც ჩემთვის ნაბიჯს წინ ნიშნავს. ყოველთვის ვცდილობ რომ ამ ნაბიჯს არ ჩამოვრჩე. მიყვარს ის სიგიჟე, რაც ამ ყველაფერს ახლავს ირგვლივ. ჩვენს ქვეყანაში ყვითელი ყოველთვის აქტუალური ფერია.

რა სიახლეს უმზადებ ქართველ ფოტომოყვარულებს და რა გეგმები გაქვს სამომავლოდ.

ძალიან ბევრი იდეა მაქვს, რომლის განხორციელებაც მინდა. სურვილი მაქვს რომ გადავიღო ისეთი თემები რომლებიც დღეს აღარ არის აქტუალური და საზოგადოებას მიავიწყდა. ერთი შეხედვით ძალიან მარტივია გადაიღო ფოტო „გააჩხაკუნო“ აპარატი როგორც ამას ბევრი ამბობს, მაგრამ მერწმუნეთ რომ ერთ კარგ კადრსაც კი ძალიან ბევრი წვალება და შრომა სჭირდება. კადრი ხომ წამია, ეს წამი კი ქმნის ისტორიას, ამიტომ ვცდილობ შევქმნა ისტორია კადრებით....

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100