სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახა კალაძემ საზოგადოებას ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებები წარუდგინა

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, საზოგადოებას თბილისის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებები წარუდგინა.

პრეზენტაცია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში გაიმართა, რომელსაც დარგის ექსპერტები და ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კახა კალაძის განცხადებით, ეკონომიკის პოლიტიკის ძირითადი მიზანი ქალაქის ეკონომიკის მდგრადი და დინამიური განვითარებაა, რაც, თავისთავად, ხელს შეუწყობს ქალაქისა და მოქალაქეების შემოსავლების ზრდას. მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას მაქსიმალური ყურადღება ადგილობრივების დასაქმებას დაეთმობა.

მერობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა ძველი თბილისის რეაბილიტაციის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობების გაზრდაზეც. კალაძის განცხადებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ძველი თბილისის რეაბილიტაციაზე, დაახლოებით, 500 მილიონი ლარი დაიხარჯება, რეაბილიტაციის შემდეგი კი კონკრეტული საცხოვრებელი ფართების ღირებულება, სულ მცირე, გაორმაგდება.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მსგავსი პროექტების განხორციელება საშუალებას იძლევა თბილისი ტურისტებისთვის კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდეს, ქალაქს ტურისტული მიმართულებით უდიდესი პოტენციალი აქვს, რაც, თავისთავად, ბიუჯეტის ზრდაზეც აისახება.

ქალაქის ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბრისას, მერობის კანდიდატმა ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ღამის ეკონომიკის განვითარება დაასახელა. მისი თქმით, ქალაქის ეკონომიკურ პოლიტიკაში ღამის ეკონომიკის განვითარებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

„ეს არის სიახლე, ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, ბოლო წლების განმავლობაში, ამ მიმართულებას დიდი ყურადღება ეთმობა. სამწუხაროდ, ბევრმა ადამიანმა არასწორად გაიგო მისი მნიშვენლობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ და განმარტა, რომ ღამის ეკონომიკის განვითარება ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. „ჩვენი დედაქალაქი არ ჩამოუვარდება არც ერთ განვითარებულ ქალაქს, ყოველი შემთხვევისთვის, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ თბილისი იყოს გამორჩეული ქალაქი რეგიონში“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

დედაქალაქის ეკონომიკური პოლიტიკის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება საზოგადოებას დეტალურად გააცნეს კახა კალაძის გუნდის წევრებმა - ირაკლი ხმალაძემ და ბექა დავითულიანმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100