სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მფრინავი“ იაპონელი გოგონა და ინტერნეტსენსაციად ქცეული მისი ფოტოები

იაპონელი გოგონას ნატუმი ჰამიაშის ბლოგზე ბოლო დღეებამდე მხოლოდ მისი საყვარელი ფისოს, მეგობრებისა და ტოკიოს ღირსშესანიშნაობათა ფოტოებს თუ ნახავდით. მაგრამ მოულოდნელად, არაფრით გამორჩეული გოგონა, რომელიც სენსაციებთან, სკანდალებთან და თავგადასავლებთან არ იყო დაკავშირებული, საყოველთაო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ეს მაშინ მოხდა, როცა გოგონამ რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა ალბომში, რომელსაც ასე დაარქვა: „მე, ჩემი დღევანდელი ლევიტაციის დროს“. ფოტოებზე, არც მეტი, არც ნაკლები... მფრინავი ნატუმი იყო გამოსახული.

გოგონას სხვა არაფერი დაუწერია და ძალიანაც გაოცდა, როცა მისი ფოტოები ნამდვილ ინტერნეტსენსაციად იქცა. მათი გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში უკვე თითქმის მთელი იაპონური ინტერნეტსივრცე საუბრობდა ფრენის ნიჭით დაჯილდოებულ გოგონაზე, რომელიც იაპონიაში გამოჩნდა (ზოგმა ისიც კი დაწერა, ვიცნობ და ფრენა ცუნამის შემდეგ, შიშისგან დაიწყოო).

როგორც ჩანს, იაპონელებიც ისევე არიან მიდრეკილნი სასწაულებისკენ, როგორც ქართველები: მალემრწმენი ხალხი სულაც არ არიან, მაგრამ მაინც უცებ დაიჯერეს, რომ ნატუმი ასე დაფრინავს მაშინ, როცა ფრენა მოუნდება. სამაგიეროდ, ნატუმი პატიოსნად მოიქცა და მის ირგვლივ ატეხილი ხმაურით კი არ დამტკბარა, შეწუხდა. როცა ამ წუხილმა აპოგეას მიაღწია, თავის ფოტოებთან დაკავშირებით საკუთარ ბლოგზე განმარტება დაწერა და მეგობრებს სთხოვა, ყველგან გაევრცელებინათ:

„არავითარი ლევიტაცია არ ყოფილა, ასე ალბომს სრულიად შემთხვევით დავარქვი“, - წერს იგი. – „მთავარი საიდუმლო ჩემს ფოტოაპარატ Canon EOS 5D-ში გახლავთ: როცა მარტო ვარ, მას ტაიმერზე ვაყენებ და თუ მარტო არ ვარ, ჩემს მეგობრებს ვთხოვ, გადამიღონ, მე კი ჰაერში ვხტები. რადგან აპარატი ხარისხიანია, ის მკვეთრად აფიქსირებს სახეს და ვერავინ ასკვნის, რომ ფოტო ახტომის დროსაა გადაღებული. სინამდვილეში კი ათი, ზოგჯერ ოცი ახტომაც დამჭირვებია, რომ საჭირო ფოტო გამომსვლოდა. როცა ვინმე ხედავს, როგორ ვაკეთებ ამას მარტო, აპარატზე ჩართული ტაიმერით - გიჟი ვგონივართ, ხოლო როცა მეგობრებთან ერთად ვაკეთებ ამას, ხშირად შეშფოთებულები გვეკითხებიან, კარგად ვართ თუ არა. არ ვიცი, საიდან გამიჩნდა ეს სწრაფვა, მაგრამ იგი მიზიდავს და ჩემი ასეთი ფოტოები ძალიანაც მომწონს. მაპატიეთ, თუ იმედები გაგიცრუეთ...“ - ამ სიტყვებით სრულდება ნატუმის „განმარტებითი“ ბარათი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100