სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეგვიპტის დიქტატორს, ჰოსნი მუბარაქს მსოფლიო უპირისპირდება

ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი პოსტის დატოვებას არ აპირებს, თუმცა უფლებამოსილების ნაწილი ვიცე-პრეზიდენტ ომარ სულეიმანს გადასცა. მუბარაქის ამ განცხადებას, წუხელ, მრავალათასიანი მიტინგი მოჰყვა ეგვიპტის ცენტრალურ მოედანზე. აქციის მონაწილეები, კვლავ, მუბარაქის გადაგომას ითხოვენ. აქციები მიმდინარეობს საპრეზიდენტო სასახლესთანაც, რომელიც ყველაზე დაცული ობიექტია ეგვიპტეში. ეგვიპტელების ნაწილი კი ტაჰრირის მოედანზეა შეკრებილი. გამოსვლები და მანიფესტაციები არ წყდება ამ წუთებშიც. სამართალდამცველი და სამხედრო ორგანოები მოსახლეობას კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონის დაცვის ძალისმიერი მეთოდებით იმუქრებიან.
რამდენიმე დღის წინ, ეგვიპტის მმართველმა, პირობა დადო, რომ დემოკრატიულ ცვლილებებს განახორციელებდა და საზოგადოებას ალტერნატიულ არჩევანს შესთავაზებდა, თუმცა ეს პირობა დღემდე შეუსრულებელია. ამერიკის შეერთებული შტატები ღიად უპირისპირდება ეგვიპტის პრეზიდენტს. მიუხედავად იმისა, რომ ბარაქ ობამა თავის განცხადებებში თავშეკავებულია, მაინც ნათლად აყალიბებს ვაშინგტონის პოზიციას და ღიად უცხადებს საყვედურს ჰოსნი მუბარაქს. ობამას განცხადებით, მრავალი ეგვიპტელი ვერ დარწმუნდა, რომ ხელისუფლება სერიოზულად არის განწყობილი დემოკრატიული ცვლილებების მიმართ. ამერიკის პრეზიდენტის აზრით, ეგვიპტის ხელისუფლებამ, ნათლად უნდა განაცხადოს თავისი განზრახვის შესახებ და იზრუნოს საკუთარი მოქალაქეების პროტესტის განმუხტვაზე, რაც რეალურ ცვლილებებში უნდა აისახოს.
ეგვიპტის ოპოზიციის ლიდერი, ელ ბარადეი კი ფიქრობს რომ მალე ეგვიპტე ,,აფეთქდება’’ და ქვეყნის არმიამ ეგვიპტის გადარჩენაზე უნდა იზრუნოს. ბარადეი შეიარაღებულ ძალებს გონიერებისკენ და ქვეყნის გადარჩენისკენ მოუწოდებს. ოცდამაეერთე საუკუნის გეოპოლიტიკური კურსი მთლიანად გამორიცხავს ადამიანების უფლებების უხეშ დარღვევასა და უდანაშაულო მოქალაქეთა სიკვდილს. 25 იანვრის შემდეგ კი ეგვიპტეში ეს პროცესები მიმდინარეობს. მუბარაქის წინააღმდეგ გაჟღერებული პროტესტის გამო ეგვიპტელმა სამართალდამცველებმა 350– მდე ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს, რაც მუბარაქის მშვიდობიან წასვლას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მიუხედავად იმისა, რომ არცერთი მსოფლიო თანამეგობრობა და სახელმწიფოს ლიდერი მუჰამედ ელ ბარადეის მხარს ღიად არ უჭერს, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მუბარაქის მიმართ მსოფლიო კეთილგანწყობილია. ნელნელა მუბარაქს მსოფლიო საზოგადოებაც უმხედრდება. ევროკავშირი ღიად გამოდის ჰოსნი მუბარაქის წინააღმდეგ.
ევროკავშირის წარმომადგენელმა, ქეტრინ ეშტონმა მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჰოსნი მუბარაქმა პოსტის დატოვებაზე უარი თქვა.
ეშტონის თქმით, მუბარაქმა ქვეყანას ვერ მისცა სწრაფი და ღრმა გარდაქმნის საშუალება. ამერიკისა და ევროკავშირის კრიტიკულ გამოსვლებს მუბარაქმა უპასუხა. ეგვიპტის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში ცვლილებები, ეგვიპტელი ხალხის საქმეა და არა სხვა ქვეყნების, რომელთა მოწოდებებიც ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევაა.
ჰოსნი მუბარაქი პოსტის დატოვებას არ აპირებს. ეგვიპტის მმართველის თქმით, ქვეყნის სათავეში რჩება და თანამდებობას სექტემბერში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვებს. მოსახლეობა არ აპირებს მუბარაქის დიქტატორული მმართველობის ქვეშ კიდევ შვიდი თვე იცხოვროს. გარდა ამისა, ეგვიპტეში მიაჩნიათ, რომ მუბარაქი სექტემბერში დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობისთვის თავის ვაჟს, გამალ მუბარაქს ამზადებს, რომელიც ეგვიპტეში არეულობების გამო ლონდონშია გაქცეული და მოვლენებს იქიდან აკვირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100