ჰოლივუდის ლამაზმანი მამაკაცები, რომლებმაც სტერეოტიპები დაამსხვრიეს
ჰოლივუდის ვარსკვლავთაგან არა მხოლოდ ქალებს უწევთ გარკვეული ჩარჩოების ზეგავლენიდან თავის დაღწევა. იმისათვის, რომ სასურველი როლი მიიღონ ფილმებში, მამაკაცებიც ძალიან დიდ მსხვერპლზე მიდიან. მათ მუდამ ფორმაში უნდა ჰქონდეთ საკუთარი სხეული, რათა ჯერ რეჟისორს, შემდეგ კი მაყურებელს მოეწონოს და მოხიბლული დარჩეს.
მხოლოდ ვიზუალისთ მასის მოხიბლვა არაა საკმარისი. მსახიობებმა კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოს „ოსკარსაც“ უნდა გამოკრან ხელი. თუმცა ძნელია სექსსიმბოლოს უკან ნიჭიერი მსახიობის დანახვა, როდესაც მათი ვიზუალი ასე თვალშისაცემია. თანაც არსებობს სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც ლამაზი და მომხიბვლელი მსახიობები ვიზუალური ეფექტის ნაწილია და ისინი სწორედ მათი გარეგნობის გამო თამაშბენ ფილმებში, ნიჭიერებასთან კი კავშირი არ აქვთ.
ჩვენ მოგითხრობთ იმ მსახიობების შესახებ, რომლებმაც გარდა სექსსიმბოლოს ტიტულისა, დაამტკიცეს, რომ საკმარისად ნიჭიერები და შრომისმოყვარენი არიან და იმსახურებენ მაყურებლისა და კინოკრიტიკოსების აღიარებას:
ლეონარდო დი კაპრიო - ლეო გველის ტყავში გაძვრა, სანამ სასურველი „ოსკარი“ არ მიიღო მრავალწლიანი ლოდინისა და წვალების შემდეგ. იგი დიდხანს ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ არც ჯეკ დოუსონი იყო და არც რომეო. მან არაჩვეულებრივად ითამაშა აუტისტი ბიჭის როლი ფილმში „რა აწუხებს გილბერტ გრეიფს?“, ასევე ახალგაზრდა ნარკოდამოკიდებული კალათბურთელის გმირი კინოსურათში „კალათბურთელის დღიური“, ფსიქოლოგიური დარღვევის პრობლემის მქონე ახალგაზრდა მილიონერი „ავიატორში“, თუმცა ამის მიუხედავად, ლეოს ვიზუალი ყოველთვის უშლიდა ხელს, გამხდარიყო „ოსკარის“ ღირსი. ყველა ფიქრობდა, რომ „უოლ-სტრიტის მგელი“ მის კარიერაში გადამწყვეტი იქნებოდა, თუმცა ამ ფილმმაც ვერ მოიტანა სასურველი ჯილდო. საბოლოოდ, 2015 წლის კინოსურათმა „გადარჩენილი“ დი კაპრიოს ოცნება აუხდინა და მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის „ოქროს კაციც“ მიიღო.
ჯუდ ლოუ - იყო დრო, როდესაც ახალგაზრდები ლოუს ფოტოს აბეჭდინებდნენ მაისურებზე და ასე ჩაცმულები გამოხატავდნენ მის მიმართ სიყვარულს. ეს ზეგავლენა მის თაყვანისმცემლებში მოახდინეს ფილმებმა „ალფმა“, „სიახლოვე“, „შვებულება“ და „ჩემი იასამნისფერი ღამეები“. შემდეგ იყო „ანა კარენინა“, „სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი“ და ბევრი სხვა ფილმი, რომლებმაც მისი თაყვანისმცემლები და კინოკრიტიკოსები საბოლოოდ მოხიბლა. მართალია, ლოუ ჯერაც „ოსკარის“ გარეშეა დარჩენილი, თუმცა მან მოახერხა დაემსხვრია სტერეოტიპი და ახლა უკვე ვიზუალურ მხარეზე მეტად მის ტალანტზე საუბრობენ.
მეთიუ მაკკონაჰი - თავდაპირველად მეთიუს ხუჭუჭა თმასა და მუცლის პრესზე საუბარი საზოგადოებამ ფილმის „საქორწილო არეულობის“ გამოსვლის შემდეგ დაიწყო. მისი საფირმო ღიმილი და ჩაჩხვლეტილი ლოყები ღიმილის დროს ყველასათვის დასამახსოვრებელი იყო. რაც წლები ემატება, კიდევ უფრო მომხიბვლელი ხდება და 2010 წლამდე მისი მონაწილეობით გადაღებულ ფილმებში მაყურებელი ბევრს არაფერს ელოდა გარდა საოცარი ვიზუალისა. 2012 წელს გამოსული ფილმით „მადი“ მან სხვა კუთხით დაანახა საკუთარი თავი საზოგადოებას. ამის შემდეგ ყველამ ერთხმად აღიარა, რომ მეთიუ პროფესიულად გაიზარდა. 2013 წელს გადაღებული ფილმით „დალასის შემსყიდველთა კლუბი“, რომლის გამოც მაკკონაჰმა 22 კილო დაიკლო, მოიპოვა „ოსკარი“ მამაკაცის საუკეთესო როლისთვის. დიდი ბრძოლა დასჭირდა, რომ ლამაზმანი მამაკაცი ნიჭიერ მსახიობად გადაქცეულიყო და მან ეს მოახერხა.
ბრედ პიტი - არავინ ისე კარგად არ იცის, რა რთულია იყო ლამაზმანი მამაკაცი, როგორც პიტმა. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს ეშინოდა რთული დრამატული როლების შესრულება და არც კომედიურ ფილმებს უვლიდა გვერდს, ის, მაინც ჰოლივუდის სექსსიმბოლოს ტიტულს ვერ იცილებს დრემდე. „შემოდგომის ლეგენდებმა“ მის კარიერაში გარდამტეხი როლი ითამაშა. ის ყველაზე საოცნებო ახალგაზრდა მამაკაცი გახდა პლანეტაზე. პიტმა სხვადასხვა ჟანრში სცადა გამოევლინა საკუთარი შესაძლებლობები და ეს ძალიან კარგადაც გამოსდიოდა. ყველა ქალისთვის საოცნებო ჯო ბლექიდან მალევე იქცა შეშლილ ტაილერ დრიუდენად ფილმში „მებრძოლთა კლუბი“, თუმცა ვერც ამან უშველა, მისი თაყვანისმცემლები მისი ვიზუალით ისე იყვნენ მოხიბლულები, რომ დანარჩენს ვერაფერს ამჩნევდნენ. ყველაზე დრამატული როლი ჰქონდა ფილმებში „ბენჯამინ ბატონის იდუმალებით მოცული ამბავი“ და „ცხოვრების ხე“, რომლებმაც მაყურებელი დააბნია და მიახვედრა, რომ პიტს დიდი პოტენცია და ტალანტი გააჩნია, თუმცა მსახიობი უმაღლესი კინოაკადემიის ჯილდოს ჯერაც ვერ მიუახლოვდა.
რაიან გოსლინგი - პატარა ასაკში რაიანი „მიკი მაუსის კლუბში“ ცეკვავდა და მღეროდა ჯასთინ თიმბერლეიკთან და ბრიტნი სპირსთან ერთად, თუმცა 90-ანი წლების ბოლოს მეგობრებისაგან განსხვავებით, რომლებიც ძალიან პოპულარულები იყვნენ სასიმღერო კარიერაში, ის ტელესერიალ „ჰერაკლეს ახალგაზრდობაში“ თამაშობდა ნახევარღმერთ ჰერაკლეს როლს და სატელევიზიო გადაცემებში იღებდა მონაწილეობას. მის კარიერაში გარდამტეხი როლი ითამაშა ფილმმა „უბის წიგნაკი“, რომელიც ყველა ასაკის მაყურებლისთვის საყვარელი სურათი გახდა. ახალგაზრდებს რომანტიკით ავსებდა, შუა ხნის მაყურებლებს კი პირველ სიყვარულს ახსენებდა. ამის შემდეგ გოსლინგმა მრავალი სხვადასხვა როლი მოირგო, თუმცა „უბის წიგნაკის“ მომხიბვლელი გმირისგან თავის დაღწევა ძნელი აღმოჩნდა. 2017 წლის „ოსკარზე“ ყველას ეგონა, რომ „ლა ლა ლენდი“ ჯილდოს მოაპოვებინებდა ნომინაციაში „მამაკაცის საუკეთესო როლი“, თუმცა გოსლინგი ოქროს კაცის გარეშე დარჩა. სამაგიეროდ, დაამტკიცა ის ფაქტი, რომ ძალიან ნიჭიერია არა მარტო როგორც მსახიობი, არამედ როგორც მომღერალი.
კომენტარი