სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ორეხოვო-ზუევოში ქართველმა მეგობარი - რუსი თოვლის ბაბუა მოკლა

მოსკოვის პოლიციამ ორეხოვო-ზუევოში მცხოვრები ქართველი - შავლეგ გოშაძე მკვლელობის ბრალდებით დააკავა. 30 წლის შავლეგ გოშაძემ 29 წლის მეგობარი, დიმიტრი ზაიცევი მას შემდეგ მოკლა, რაც ეს უკანასკნელი მის ბინაში თოვლის ბაბუას ფორმაში ჩაცმული მივიდა, დათვრა, წასვლაზე უარს ამბობდა და გოშაძის ცოლს ეარშიყებოდა. შავლეგ გოშაძემ „თოვლის ბაბუას“ მკერდში დანა ჩაარტყა.

როგორც „ლაიფნიუსი“ იტყობინება, ზაიცევი მეგობარ ქართველთან სტუმრად ცოლთან და პატარა ქალიშვილთან ერთად მივიდა. „თოვლის ბაბუა“ გამოთვრა, მერე კი ცოლსა და შვილს სახლში წასვლა უბრძანა და თვითონ გოშაძის ბინაში დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე დილის ხუთი საათი ხდებოდა, ის წასვლას არ ჩქარობდა და რამდენჯერმე უარი უთხრა გოშაძეს, რომელმაც გაცილება შესთავაზა.

შავლეგ გოშაძემ არაერთხელ გააფრთხილა ზაიცევი, შეეწყვიტა უწმაწური ფრაზებით საუბარი, მაგრამ ზაიცევი არათუ გაჩუმდა, გოშაძის მეუღლეს დაუწყო არშიყი.

„ჩვენ პოლიციაშიც დავრეკეთ, როცა ვნახეთ, რომ სახლში არ მიდიოდა, იქ კი უარი გვითხრეს მოსვლაზე, როცა კონფლიქტის არსი გაიგეს. შავლეგისგან უჩუმრად დავრეკე, იმ დროს უკვე ხმამაღლა საუბრობდნენ“, - იხსენებს ქალი.

ბოლოს და ბოლოს, ზაიცევი ბინიდან გავიდა, მაგრამ მალევე მობრუნდა - დარჩენილი ნივთების წაღების მომიზეზებით. მას კარი ხელმეორედ სწორედ გოშაძის მეუღლემ გაუღო, რომელსაც მთვრალი „თოვლის ბაბუა“ კისერზე ჩამოეკიდა. ხმაურზე შავლეგ გოშაძემ გამოიხედა და როცა ეს სურათი დაინახა, მაშინვე დანას დაავლო ხელი.

„მან დანა მკერდში ჩაარტყა, მერე კი ჩვენთან სტუმრად მყოფმა დეიდაჩემმა „თოვლის ბაბუას“ ხელი ჰკრა და გარეთ გააგდო, რის შემდეგაც კარი ჩავკეტეთ. დილით კი ჩვენთან პოლიცია მოვიდა“, - ჰყვება შავლეგ გოშაძის მეუღლე.

მიუხედავად იმისა, რომ ჭრილობა საკმაოდ ღრმა გახლდათ, დიმიტრი ზაიცევი შემთხვევის ადგილზე არ დაღუპულა - მან მოასწრო, დახმარებისთვის გოშაძის მოპირდაპირე მხარეს მცხოვრებთათვის მიემართა. იქ მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი შინ მედიკამენტებისა და გადასახვევი მასალისთვის შებრუნდა, მობრუნებულმა კი აღმოაჩინა, რომ მის ზღურბლთან უკვე გარდაცვლილი ადამიანი ეგდო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100