სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორია ხანძრისას დაშავებული არქიმანდრიტის მდგომარეობა

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე, გელათის მამათა მონასტერში გაჩენილი ხანძრის და არქიმანდრიტ იოსებ ბურჯანაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მეუფის ცნობით, ამ დროისთვის არქიმანდრიტი გამოსულია შოკური მდგომარეობიდან და მისი მკურნალობა გრძელდება.

ამასთან, მეუფე განმარტავს, რა ვითარებაში გაჩნდა ხანძარი კელიაში.

,,2023 წ. 16 იანვარს, შუაღამეს, გელათის მამათა მონასტერში სტუმრებისთვის გამოყოფილ სენაკში ანთებული ბუხრისგან ცეცხლი მოეკიდა ახლომდებარე საწოლის საბანს. იმ დროს, როდესაც ბოლოს დარჩენილი სტუმრად მყოფი მამაკაცი სენაკიდან გასული იყო ცეცხლი მოედო მთელ ოთახს. შემთხვევით, თავისი სენაკიდან გამოსულმა არქიმანდრიტმა იოსებმა დაინახა გაჩენილი ხანძარი. ცეცხლის ჩაქრობის მიზნით მაშინვე შევიდა სტუმრების სენაკში და გამოიტანა ალმოდებული საბანი, რომლისგანაც მის სამოსელსაც გადაედო ცეცხლი.

წყაროსთან გამოსულმა ბერმა სერაფიმემ შორიდან დაინახა ალმოდებული მამა იოსები, ხმამაღლა დაუძახა საძმოს წევრებს და მის დასახმარებლად გაიქცა. ყვირილზე თავისი სენაკიდან გამოსულმა იღუმენმა დავითმა სასწრაფოდ მიიტანა წყალი და ცეცხლის ჩაქრობის მიზნით დაასხა მამა იოსებს, ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ კი დარეკა სახანძრო სამსახურში. ვიდრე სამაშველო და სასწრაფო დახმარების მანქანები მოვიდოდნენ, ბერები შეეცადნენ თავიანთი ძალებით ჩაექროთ ხანძარი.

არქიმანდრიტი იოსები მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს საავადმყოფოში.

ამჟამად იგი გამოსულია შოკური მდგომარეობიდან და მისი მკურნალობა გრძელდება. გთხოვთ, აღავლინოთ ლოცვა მისი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100