სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოტია იოსელიანი: “სამსახური არ იშოვებაო, რომ ამბობენ, რა, ყანა არ იშოვება?!”

14 ივლისს ქართველი მწერალი, ოტია იოსელიანი გარდაიცვალა, იმ უძვირფასესი თაობის ერთ–ერთი უკანასკნელი მოჰიკანი, რომელსაც დრო უწყალოდ გვაცლის ხელიდან... სიცოცხლეში ითხოვა, რომ წყალტუბოში, საკუთარი სახლის ეზოში დაეკრძალათ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ მწერლის ოჯახს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი შესთავაზა, შვილებმა მამის ანდერძის შესრულება არჩიეს.

ოტია იოსელიანი 1930 წლის 16 ივნისს წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბში დაიბადა. წლისა და სამი თვის იყო, მამა რომ გარდაეცვალა. 10 წლის იყო, დედა რომ გათხოვდა. "ამ მდუღარეგადასხმულ ჩემს ბიოგრაფიაში ვერც ერთი ნათელი დღე ვერ გამოვძებნე. რაც არ იყო, რას გამოძებნი. ყურმოკრული მაქვს, თითქოს ჰემინგუეის უთქვამს, მწერლის აკადემია უბედური ბავშვობააო. ჩინებულად მაქვს დამთავრებული ეს აკადემია", – წერდა მწერალი.

20 წლის ასაკში მოიყვანა ცოლი – ქეთევან ფანცხავა. სამი შვილი შეეძინათ – ბაჩო, მანანა და დაჩი. ახალგაზრდობაში დაწერა "დაჩის ზღაპრები", ხოლო სიცოცხლის ბოლო წლებში – "წერილები დაჩის", სადაც შვილს და მის თაობას ცხოვრებაზე ესაუბრება.

მწერალი უკურნებელი სენით გარდაიცვალა. ჩვენი შეხვედრა მაშინ შედგა, როცა არ იცოდა, რა სენი სჭირდა. მაშინ მოგვიყვა საკუთარი ცხოვრების შესახებ და თავისი სარკაზმიანი იუმორით ქართველებისთვის მრავალ სხვა საჭირბოროტო თემასაც შეეხო. ეს ინტერვიუ მაშინვე არ დაბეჭდილა, ეტყობა, თავის დროს ელოდა, ალბათ ღმერთმა ასე ინება. ახლა კი ბატონი ოტია თითქოს იმქვეყნიდან გვესაუბრება.

თბილისის გარეუბანში, ერთ–ერთი სახლის ბაღჩაში, ბატონი ოტია ბარით ხელში დავინახეთ. ჩემი მეგობრის სახლია, თბილისში გამომცემლობაში საქმე მაქვს, იმიტომ ჩამოვედი და უსაქმოდ ხომ ვერ დავჯდებოდიო, გვითხრა და ჩვენი საუბარიც ასე დაიწყო.

ოტია იოსელიანი:

– გაჭირვება არ ამართლებს უზნეობას, გაჭირვება არ ამართლებს ხელმრუდობას, უწესობას. მუდამ უჭირდა ჩვენს ხალხს, მაგრამ ქვეყანას არ ვაქცევდით, არ ვქურდობდით, არ ვძარცვავდით, არ ვუსაქმურობდით. ყველაზე დიდი დანაშაული უსაქმურობაა, რომლისგანაც ყველა ბოროტება წარმოიშობა. სამსახური არ იშოვებაო, რომ ამბობენ, რა, ყანა არ იშოვება?! მიდი და დარგე ხე! თუ არ გაქვს ეზო, ქუჩაში დარგე! პარლამენტში რომ მიძვრებიან, იმათ ერთი ხე დაურგავთ და გაუხარებიათ?! საქმე უნდა გაიჩინო და გექნება! მთავრობა სასურველი არასოდეს ყოფილა თუნდაც მდიდარ ქვეყანაში. მთავრობა ძალადობრივია თავისი ბუნებით და არავის უყვარს მოძალადე. მიწის ყველა ნაგლეჯი შენი ქვეყანაა და მოუარე! ერი შობს კულტურას და რა დონისაცაა, იმ დონისას ქმნის.

– თქვენი ნაწარმოებები როგორ იქმნებოდა, ბატონო ოტია?

– პირველად რომ წიგნი წავიკითხე, ჩემი დაწერილი იყო. მანამდე არაფერი მქონდა წაკითხული, თორემ რავა დავწერდი?! ჩემ ირგვლივ გარემო არ იყო ისეთი, რომ წაკითხვის საშუალება მქონოდა. პატარა სოფელში, გუბისწყალში ვიზრდებოდი. ჩემი სოფელი გვიშტიბია და მისი მეზობელი სოფელია გუბისწყალი. რადგან დედ–მამა არ მყავდა, მამიდა მზრდიდა. მამიდა პედაგოგი იყო – ყაუხჩიშვილის კერძო გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული ნიკოლოზის დროს. ისიც ობოლი იყო და უფასოდ ასწავლიდნენ. ახლა ყველას ტყავს რომ აძრობენ და სასწავლებლებიდან რიცხავენ სწავლის ქირის გადაუხდელობის გამო, ისე კი არ იყო.

წლისა და სამი თვის ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა. 10 წლის რომ ვიყავი, დედა გათხოვდა. კი გვქონდა ურთიერთობა მასთან – მოდიოდა ხანდახან. მამიდამ გვიშტიბში სკოლა დააარსა და მთელი ცხოვრება იქ გაატარა. ის სკოლა ერთ პატარა ხის სახლში იყო. ოთხ ოთახში შვიდი კლასი სწავლობდა. იმ სოფელში მთავრობას დაქირავებული ჰქონდა კერძო სახლი, სადაც თაროები ჩამოკიდეს, წიგნები დააწყვეს და ბიბლიოთეკა დაარქვეს. კომუნისტების ყველაზე დიდი მტერი ვიყავი და ვარ, მაგრამ სიმართლეს ვერ გაექცევი. ახლა კომპიუტერს მისჩერებიან და ალბათ მალე დავიღუპებით. რამე წიგნს რომ ვიშოვიდით, მეგობრები შევიკრიბებოდით და ხმამაღლა ვკითხულობდით, რომ ყველას მოესმინა. ბავშვობაში ყველა წერს ლექსს. მეც ვცოდავდი. მე და ვასო კიკნაძე (ხელოვნებათმცოდნე. ავტ.) ერთ მერხზე ვიჯექით. მაგი გაღმა სოფლიდან იყო. ხიდი არ იყო და ოჩოფეხებზე შემდგარნი გადმოდიოდნენ მდინარეზე. ვასოც ბევრს წერდა მაშინ. მერე მიხვდა, როგორც წერდა და მიატოვა.

მერე წყალტუბოში გადავედი, რადგან ჩვენს სოფელში არასრული საშუალო განათლების მიღება შეიძლებოდა მხოლოდ. ფეხით დავდიოდი 5–6 კილომეტრს. ბებიაჩემი 100 წლის იყო მაშინ. მე და ჩემი ძმა ვბარავდით, ვთესავდით... ჩემს პირველ რომანში "ვარსკვლავთცვენა" ის თაობაა აღწერილი. ეგზიუპერი ამბობს, ყველა ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართო. მე ამას ვერ ვიტყვი, რადგან ბავშვობა არ მქონია. კაცები ომში წაიყვანეს, ქალები და ბავშვები ვაკეთებდით მათ საქმეს და არ ვმათხოვრობდით.

– ახლაც შრომობთ. დაგინახეთ, რომ ბარავდით.

– ეს ჩემი ახლობლის სახლია და ვეხმარები. კვირადღეს მიწას არასოდეს ვეკარები. დღეს შაბათია და ცოტა მეტი დავბარე – ხვალინდელი საქმეც გავაკეთე. კვირა წმინდა დღეა და ამ წესს ყოველთვის ვიცავ.

– რომელ საათზე იწყება თქვენი დილა?

– მზეს საქმესთან უნდა დახვდე! საქმემდე თუ მზემ მიგასწრო, ვეღარაფერს გააკეთებ და ესე იგი დრო დაკარგე. 10 საათზე მწვანე ჩაის ვსვამ. დანაყრებული კაცის გაკეთებული საქმე არ არსებობს! ასე რომ იყოს, მაშინ ლუარსაბს უნდა დაეწერა "ვეფხისტყაოსანი". ყველაფერს მშივრები აშენებდნენ. შაქარს არ ვხმარობ, აკრძალული მაქვს, რადგან თეთრი სიკვდილია. თაფლს ვიღებ, ოღონდ ნამდვილს. ფუტკარი ჩვენ გვყავს. ჩემი შვილები არაფრისმაქნისები არიან, მაგრამ 200 ძირი ფუტკარი კი ჰყავთ. ერთი კოვზი თაფლი და ერთი ჭიქა ჩაი კაცს მთელი დღე გეყოფა. 10 საათზე ჩაის ვსვამ და 4 საათამდე ვმუშაობ. საქმესთან მისვლაა ძნელი, თორემ მერე თვითონ წაგიღებს იგი. დილაობით თავს ვატყუებ – გავალ და ორ მეტრას დავბარავ–მეთქი და ბოლოს ათ მეტრზე ავდივარ, რადგან იგი უკან აღარ მიშვებს. ეს მხოლოდ ჩემი ჩვევა კი არაა, ყველა ქართველ კაცს ჰქონდა. პუტინია თუ რასპუტინი, ვეთანხმები, რომ ქართველები გამოყაროს აქეთ! სახლში დაეტიე და შენს გაჭირვებას შენვე მოუარე, კი არ გამოკეტო სახლის კარი! რომ მიადექი ვინცხას სამათხოვროდ... ჩამოიარეთ სოფლებში მაგ ფოტოაპარატით და გადაიღეთ ის ცარიელი სახლები, ბნელი ფანჯრებიდან რომ სიკვდილი იხედება. უნდა შექმნა და გექნება! წადი და ითევზავე, ხე დარგე... ფულიც რომ გქონდეს, იფიქრე ილიასავით – დღეს მე ვის რა ვარგეო. "ბედნიერი ერი" დიდი ასოებით უნდა დავბეჭდოთ და ყველა სახლის კარზე გავაკრათ. მე მაქვს ილიაზე ლექსი, სადაც მიწერია, შენ დროს ერი მართლა ბედნიერი იყო, დღეს უნდა ნახო, რა დღეში ვართ–მეთქი. ძეგლებს კი არ ვუდგამთ გამოჩენილ ადამიანებს, დადგმულს ვიპარავთ, ვყიდით და მერე იმით რესტორანში ვქეიფობთ. იმიტომ რომ გაყიდო, ტრაქტორი იყიდო და მოხნა, კიდევ ხო, მაგრამ...

თბილისში ერთ ღამეს რაც რესტორნებში იხარჯება, მთელ ხელოვნებას შეინახავს. მეორე ღამისასაც თუ დაუმატებ – მეცნიერებას. მინდა, ერთი ლუარსაბის და მეორე დარეჯანის ორდენი ჩამოვაყალიბო. მერე ნახეთ, როგორი ორდენოსნები გვეყოლება! ჩაი მაინც მოვიყვანოთ იმდენი, რომ სხვა ქვეყნიდან არ ვიყიდოთ! კაცი არ იხედება სოფლის მეურნეობისკენ. იმ ადგილებზე აღარც ჩაია, აღარც ყანა. ვუცდით, შავ პურს ვინ გვიწყალობებს. არ უნდა გვაკადრონ ის, რომ რამე გვიწყალობონ!

– ყოველთვის პირდაპირ, მკაცრად და შეულამაზებლად ლაპარაკობთ, მაგრამ, მგონი, თქვენგან არავის სწყინს...

– ქუჩაში ვერ გამივლია წესიერად. ყველა მეკითხება, რა გვეშველებაო. არაფერი–მეთქი, ვეუბნები. ახალციხეში, უნივერსიტეტში ჩავედი და არც ერთ სტუდენტს წიგნი არ ჰქონდა ხელში. ვუთხარი, არავინ გამოგყვათ, ვინც ხელში წიგნს მოგაჩეჩებდათ, რა ხელცარიელი და თავცარიელები დადიხართ–მეთქი.

– თქვენს შვილებზე გვიამბეთ.

– მუდრეგები არიან! მე ვერ გავზრდიდი, რადგან ძუძუ არ მქონდა. დედა ჰყავდათ მათ და დედა ხომ შვილის ყველაზე დიდი მტერია. გარდაცვლილია ჩემი შვილების დედა. "დაჩის ზღაპრები" ხომ მაქვს და კიდევ დავწერე – "წერილები დაჩის". დედამისი იტყვის, ჩემი შვილისგან რა გინდა, ჩემი ისედაც კარგი მყავსო, მაგრამ მე ჩემს შვილს ვწერ! მისი თაობაა აღწერილი. ვწერ, თუ როგორ უნდა მოიქცეს. პირველ თავს აწერია "შესავალ გამოსავალი". ჩესტერფილდის "წერილები ჩემს ვაჟიშვილს" საქართველოში ორჯერაა გამოცემული. ის იყო ინგლისელი ლორდი და საგარეო საქმეთა მინისტრი. ჩემი არ იყოს, ხელში ხომ არ დაიკავებდა შვილს და ამიტომ წერილებს სწერდა.

ჩემი შვილები პატარები რომ იყვნენ, მოსკოვში ვიყავი. მათთან დედა იყო, რომელსაც მათი გაზრდის გარდა საქმე არ ჰქონდა. თურმე, თუ გინდა, შვილი გადარჩეს, დედა არ უნდა მიაკარო. დედა ყველაზე დიდი მტერია, რადგან ბრმად უყვარს. სხვა არ მოსწონს, თუ მის შვილს არ ჰგავს. სხვის შვილს განსჯიან და თავისას – არა. დედის ნდობა არ შეიძლება, რადგან შვილის ყველაფერი მოსწონს. თუ დაჩი ჩემთანაა, სამი კაცის საქმეს აკეთებს, მაგრამ როცა მომშორდება, არაფერს აკეთებს. მეორეც ასეა. ვეხვეწებოდი, არ შეხვიდეთ უნივერსიტეტში, ტყუილად დაკარგავთ დროს, თუ სწავლა გინდათ, აგერაა წიგნები და იკითხეთ–მეთქი. დედამისს უნდოდა, უმაღლესი დაემთავრებინათ. დაჩის იმდენი ჭკუა კი აქვს, რომ მერე თქვა, მართლა დავკარგე ხუთი წელიო. ეს სიტყვები ბაჩომ უფრო ადრე თქვა. ჯიბეში უდევთ მუყაოს დიპლომები და ვერაფერში იყენებენ. ჩვენ შრომა კი არ გვესახელება, გვეთაკილება. ერთი კაცი მომადგა ჭიშკარზე. ვინ ხარ–მეთქი, რომ ვკითხე, ხელები გადმომიბრუნა, დაშუშხული ჰქონდა მუშაობით. მობრძანდი–მეთქი, ვუთხარი. მიპასუხა, ასე მითხრეს, რომ მიხვალ, ხელები აჩვენე, მაგი პასპორტს კი არ სინჯავს, არამედ იმას, თუ ვის როგორი ხელები აქვს და შეგიშვებს ეზოშიო. დავუმეგობრდი და ჩემს სახლში მწვანე ჩაი ანასეულიდან მას მოაქვს. 7 სახლი ავაშენე ჩემი ხელით. მწერლობა ჩემი მეათე ხელობაა და ყველაზე ნაკლებად ვიცი.

– შვილებსაც უმოწმებდით ხელებს?

– იმათ რად უნდათ შემოწმება, ვერ ვხედავ, რისი გამკეთებლები არიან?! მე თუ არ ვარ, იქ არაფერს აკეთებენ და მე თუ იქ ვარ, ესე იგი მე ვაკეთებ და არა – ისინი. ჭამას კი გადავაჩვიე. ვერ ვიტყვი, რომ ლოთობენ და ბევრს ჭამენ. ბაჩო ჩამომხმარია. ექიმთან მივიყვანე, ჭლექი ხომ არ აქვს–მეთქი.

– თუ არ აჭმევთ, გამხდარი იქნება.

– მე რას არ ვაჭმევ, კაცო, 18 წლის იყო, სახლიდან რომ გავაგდე და პარლამენტში არ ამოყო თავი?! პირველი მოწვევის დეპუტატია. დამოუკიდებლობის აქტსაც მოაწერა ხელი, გადავირიე! მე რომ გავაგდე სახლიდან, თურმე მანქანის ქვეშ იწვა. სხვადასხვა ხელობა ორივემ იციან – 4 საათში ძრავს დაგიშლიან და აგიწყობენ. თუმცა მაინც დავღუპე შვილები – სახლები დავუტოვე. ნაირ–ნაირ მანქანებს ვყიდულობდი ხოლმე – ფულის მეტი რა მქონდა! წელიწადში 150 პიესა იდგმებოდა ჩემი. მე პურს ვერ ვჭამ. სახარებაში გვიწერია – ოფლითა შენითა მოიძიე პური შენი არსობისაო. პური ჩვენთან არ მოდის. ამიტომაც ვთესავ სიმინდს და იმას გეახლებით. არც აზოტი ურევია იმაში და არც სხვა შხამი. ცხელი მჭადი თუ შეჭამე, ბევრი შემოგეჭმება, ამიტომ ცივად ვჭამ. ისეთია, ვერ გადაიტან კისერში და საკმარისია. ხომ ხედავთ, რამდენს ხეთქავენ, დამრგვალებულები არიან. ქრისტიანი ვარო, ამბობენ და არ მარხულობენ. აბა, რანაირი ქრისტიანი გამოდიხარ?! მარხვას, რა თქმა უნდა, ვინახავ.

– რომ დაბარო, დათესო, წერო, ამდენ ენერგიას ერთი ჭიქა თაფლიანი ჩაი და ცივი მჭადის ნატეხი როგორ იძლევა?!

– ენერგია საქმეს მოაქვს. ჭამა ენერგიას როგორ მოგცემს, ჭამას თვითონ უნდა ენერგია, რომ მოინელო. დღეში ოთხჯერ უნდა ჭამოო და თუ ამდენჯერ ჭამე, რაღა უნდა გააკეთო?! ოთხშაბათს საერთოდ არ ვჭამ.

– რატომ?

– ჩემთვის განტვირთვის დღეა. ასტროლოგიური კალენდარი აგერ მიდევს და ამით ვხელმძღვანელობ. გლეხი ხეს არ მოჭრიდა ახალ მთვარეზე, არ დათესავდა ძველ მთვარეზე. მთვარეზეა ყველაფერი დამოკიდებული და მითითებულია, რა დროს რა ითესება, რა მოგცემს მოსავალს. აქ ყველა დღეა მითითებული, რა დროს რა უნდა აკეთო. არის დღეები, როცა მცენარეს არც კი უნდა შეეხო, არათუ დარგო. ეს წესი წახდა და ამიტომაცაა ჩვენი საქმე კარგად. მე მხოლოდ ჩაის ვსვამ ოთხშაბათობით. თუ ჩაი არ დავლიე, ვერ მოვწევ. კი ამბობენ, მოწევა არ შეიძლებაო, მაგრამ მე სიგარეტი საკვებად გადავაკეთე და ამით მიდგია სული. ესეც რომ წამართვან, რაღა გამოვა?!

– ჯანმრთელობისთვის რომ ძალიან მავნეა ასეთი ცხოვრების წესი, ბატონო ოტია?

– გააჩნია, ვინ როგორ აღიქვამს. ჩემთვის სიგარეტი საკვებია. სკოლა რომ დავამთავრე და ატესტატი ხელში დავიჭირე, იმ დღეს ვიყიდე პირველად პაპიროსი და მას მერე აღარ ჩამიქრია. ალკოჰოლის მიმართ გულგრილი ვარ. თუ სტუმრიანობა მაქვს, ერთ ჭიქას ვსვამ და ხან იმასაც არა. ხანდახან პანტიკო თორდია მასმევს ხოლმე ერთ ჭიქას – ჩემი კარის მეზობელია. კარგი ჩაის დაყენება იცის და გადავდივარ ხოლმე საღამოობით. საუკეთესო ღვინო აქვს პანტიკოს.

– სიგარეტს რამდენს ეწევით? თითქმის ერთი საათია, აქ ვარ და სულ ხელში გიჭირავთ.

– დღეში ორ–სამ კოლოფს ვეწევი. თუ ვწერ, ხელიდან არ ვაგდებ. თუ ფიზიკურად ვმუშაობ, ამის გულისთვის დროს ვერ დავკარგავ. პატრიარქი იყო წყალტუბოში ჩამოსული და ხელები უკანკალებდა. ვუთხარი, უწმინდესო, ჩემზე უმცროსი ხარ სამი წლით და ეს რა არის–მეთქი. მიპასუხა, ორწლინახევრით უმცროსი ვარო – თვეებში ჰქონია გათვლილი. ვუთხარი, ჩემთან რომ იყო, ყანაში წაგიყვანდი, გამუშავებდი და ჩიტივით იქნებოდი–მეთქი. სიგარეტს მუდამ ყალიონით ვეწევი. ჯერ ერთი, აგრილებს და მეორეც, თქვენ რომ ნიკოტინს უძახით, მაგას ყარტლი ჰქვია და ის ყალიონში რჩება. ტრიბუნაზე რომ ვზივარ, იქაც ვეწევი. გივი ბერიკაშვილი "არ დაიდარდოს" რომ აკეთებდა, შემეხვეწა, გადაცემაში მოდიო. ვუთხარი, არ მოვალ, იქ არ მაწევინებენ–მეთქი. თურმე აპარატურა სიგარეტის მიმართ ძალზე მგრძნობიარე ყოფილა. გივიმ მითხრა, ოღონდ მოდი და გამოვრთავთ ყველაფერსო. მივედი და დამილაგეს სიგარეტები.

– თქვენი სეხნია ჰყავს დაჩის – ოტია იოსელიანი. როგორი ბიჭია?

– გლახის შვილი გლახა იქნება. რა ვიცი, აბა, ივარგებს? რაცხას ცოდვილობს... შეიყვანეს სასწავლებელში და ფულს უხდიან. იმას ცდილობენ, რომ უშრომელად კარგი სამსახურები და დიდი ხელფასი იშოვონ. ოთხი საათი ძილი სრულიად საკმარისია. მეტი არ სჭირდება ადამიანს. მინდა, ჩემმა შვილიშვილმა კითხვა იცოდეს და შრომისმოყვარე იყოს. ჭეშმარიტი კითხვა უდიდესი შრომაა.

– რამდენი წლის დაქორწინდით?

– 21 წლისას უკვე ბაჩო მყავდა. არც სახლი მქონდა და არც კარი. მივადექი და ავაშენე სახლი. ჩემი შვილების დედა კმაყოფილი იყო, რომ ჩვენი ბავშვები არ იპარავდნენ, კარგად სწავლობდნენ. ქალი ისეთი ურთულესი სამყაროა, თვითონაც რომ ვერ ხვდება. ქართველ ქალს – მით უმეტეს, თავისი სამყარო აქვს.

– როგორი ქალი გყვარებიათ?

– ვერც ქალს და ვერც კაცს გარედან ვერ ვხედავ. წითელკაბიანმა ქალმა რომ ჩამიაროს გვერდით, ვერ დავინახავ, თუ თვალებში არ შევხედე. ქალს შიგნით ვუყურებ. ჩემი მეუღლეც თავის დროზე ლექსებს წერდა. პოეზია უყვარდა და ეს საკმარისი იყო, რომ მის მიმართ გრძნობა გამჩენოდა. ქალი შენს სამყაროში უნდა იხედებოდეს. ხომ არ შეიძლება ცოლ–ქმარი სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობდნენ, თუ ასეა, უკვე მონა ხდები. ოჯახს და შვილებს რა ვუყო, თორემ აღარ მინდა მისი დანახვაო, მეუღლე რომ იტყვის, მონობაა, აბა რა არის?! ისე, ჩემს ცოლსაც თუ თავზე არ დავადგებოდი, არც ის იყო რამის გამკეთებელი...

160 წიგნი მაქვს გამოცემული. სულ დავფრინავდი აქეთ–იქით – ჩემი პიესების დადგმებზე მეპატიჟებოდნენ. ამიტომ მე და ჩემს ცოლს უწყვეტი ურთიერთობა არ გვქონია. ბოლოს გაყრილები ვიყავით. მიზეზი ის იყო, რომ ჩემი ქალიშვილი ისე გაათხოვა, არც მკითხა. ვის შვილს გაატანა, კი ვიცოდი, აფერისტი იყო ის კაცი და გავაფრთხილე, ეს არ მოხდეს–მეთქი. დამიმალა და მაინც მოხდა ეს ამბავი. დავიხურე ქუდი და სახლიდან წამოვედი. ჩემი ქალიშვილი 13 წელი არ ვნახე. რა თქმა უნდა, დაენგრა ოჯახი და რაც იმან ინერვიულა... დედა იყო და უნდა გაეთხოვებინა და ამ დროს იმ ბიჭმა ანგარებით, ჩემ გამო ითხოვა. ამას თავიდანვე ვხვდებოდი. ჩემმა ძმამ მანანა 13 წლის მერე მომიყვანა და ისევ დაველაპარაკე. ამ დროში ჩემი მეუღლეც გარდაიცვალა.

– როდის უფრო წერთ – დღისით თუ ღამით?

– ხანდახან შეიძლება მთელი დღე უდარაჯო და არაფერი გამოვიდეს. უნდა ელოდო იმას, მუზას რომ უძახიან. ეს განწყობაა, რომელიც უნდა მოვიდეს. ხანდახან ისეთს წერ, იმაზე სულ რომ არ გიფიქრია.
...
"არავინ იცის, ადამიანები გულწრფელად როდის ტირიან ან იცინიან, მაგრამ ვინც დარდისგან გასიებულ ცრემლებს ჩუმად ყლაპავს, გწამდეთ, მეგობრებო!!! ის მართლა ტირის", – ამბობდა მწერალი. ვისაც ოტია იოსელიანის ერთი ნაწარმოები მაინც წაუკითხავს, უეჭველად სჯერა, რომ ის ახლა მართლა ტირის.

რუსუდან ადვაძე, ჟურნალი სარკე. N 29

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100