“6 თვეში ანდერძი ძალაში შევიდა, ყველაფერი გადაიფორმა და მერე აქეთ დამემუქრა..." - რას პასუხობს ლევან რატიანი ბრალდებას, რომ მან პაციენტის ქონება მიითვისა?
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, ლევან რატიანი სკანდალში გაეხვა. ცნობილ ექიმს, აწ გარდაცვლილი მეცნიერის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მაია დგებუაძის ძმა, ორდე დგებუაძე ბრალდებებს უყენებს. პროფესორი მაია დგებუაძე 2020 წელს სიმსივნის მძიმე დიაგნოზით გარდაიცვალა. მისი ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ პროფესორის მიერ სიცოცხლის ბოლო თვეებში დაწერილი ანდერძი თაღლითურად შედგა, რის გამოც ლევან რატიანს ედავებიან. ოჯახი ამტკიცებს, რომ ლევან რატიანმა პროფესორის მძიმე მდგომარეობა მისი ფინანსური კეთილდღეობისთვის გამოიყენა, რათა დგებუაძის გარდაცვალების შემდეგ ანდერძით ექიმის საკუთრებაში გადასულიყო მაია დგებუაძის სახელზე არსებული ქონება. როგორც გარდაცვლილის ძმა, ორდე დგებუაძე, მედიასთან ყვება, ლევან რატიანმა მის დას ანდერძი გარდაცვალებამდე 4-5 თვით ადრე დააწერინა, რომლის თანახმადაც გარდაცვალების შემდეგ, საკუთარ ქონებას ლევან რატიანს უტოვებდა. ამ ანდერძის საფუძველზე საბოლოოდ ქალის მილიონიან ქონებას დაეპატრონა. მისივე თქმით, მაიასთვის ოპერაციის ჩატარება, ოჯახის წევრებთან შეთანხმების გარეშე გადაწყდა, რაშიც ის ლევან რატიანს ადანაშაულებს. დგებუაძის ბრალდებით, ექიმი დაინტერესებული იყო პაციენტის ფინანსური მდგომარეობით და ოპერაციამდე 4-5 თვით ადრე, ლევან რატიანმა მის დას დააწერინა ანდერძი. "მთელ ქონებას ჩვენ გვიტოვებდა. ხშირად ამბობდა, ჩემი გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი თქვენი იქნებაო. თუმცა ასე არ მოხდა. ვფიქრობ, რომ ბოლო დროს არ იყო კარგად და ეს ანდერძი სწორედ იმ დროს დაწერა. ნორმალური ადამიანის დაწერილი რომ იყოს, სხვა ამბავია, მაგრამ უმძიმესი პაციენტი იყო. ასეთ ანდერძს რომ წერდა, იმ დროს ოჯახის წევრიც ხომ უნდა ყოფილიყო მის გვერდით?!“ - ამბობს ორდე დგებუაძე. როგორც ის აცხადებს, მის დას ოპერაციის გაკეთება გერმანიაში, ყოფილ სტუდენტთან, ცნობილ ექიმ ასლან გერმანიშვილთან სურდა. დგებუაძე ამბობს, რომ იმ პერიოდში ასლანი თბილისში იყო ჩამოსული და პაციენტს ოპერაცია უშუალოდ ამ ექიმმა ჩაუტარა. გარდაცვლილის ძმა ამბობს იმასაც, რომ მისი დისთვის ოპერაციის გაკეთება არ შეიძლებოდა. ეს მხოლოდ მის სიკვდილს დააჩქარებდა. მისი მტკიცებით, ეს მხოლოდ რატიანის ინტერესში შედიოდა, რათა ქონებას რაც შეიძლება მალე დაპატრონებოდა. ორდე დგებუაძის თქმით, მას დასთან ძალიან კარგი ურთიერთბა ჰქონდა, ვიდრე ქალი ავად გახდებოდა. და ძმის ოჯახს ყოველთვიურად ფინანსურადაც ეხმარებოდა. ამბობს, რომ როცა დის მოსანახულებლად კლინიკაში მივიდა, ლევან რატიანმა მაიას ნახვის საშუალება არ მისცა, - ექიმმა მას გამოუცხადა, რომ მაიას არავის ნახვა არ სურდა. გარდაცვლილის ძმა აცხადებს, რომ რატიანი მას ჰპირდებოდა, რომ მისი დის კუთვნილ ქონებას დგებუაძეებს დაუბრუნებდა, თუმცა მოგვიანებით ამაზე უარი განაცხადა. "რატიანმა მითხრა, - სხვისი ქონება რად მინდა, მე ყველაფერი საკმარისად მაქვს. პროფესორი კაცი ვარ, ამ ამბავს სალაპარაკოდ არ გავიხდი, ბოდიშს გიხდით, ორმოცი რომ ვერ გადავუხადე პანდემიის გამოო. მას ყველაფერს ისე გავუკეთებ, როგორც ეკადრებოდა. ჩათვალეთ, თქვენი ოჯახის წევრი ვიქნები. თქვენს გამო, რას არ გავაკეთებო. მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს, სამეცნიერო ნაშრომები დაუმთავრებელია და მისი დასრულების უფლება მომეცითო“, - იხსენებს დგებუაძე რატიანთან საუბარს. დგებუაძე ამბობს, რომ მას არ აქვს პრეტენზია იმ ქონებაზე, რომელიც მისმა დამ შექმნა. ის ექიმს იმ ბინის დაბრუნებას სთხოვს, რომელიც თბილისში მათი ოჯახის საკუთრება იყო. "მხოლოდ იმ ბინის დაბრუნება მინდა, რომელიც ოჯახის საკუთრებაა. ეს ბინა დიდ დიღომშია და მხოლოდ მისი დაბრუნება ვთხოვე. ახლა თავის მართლება დაიწყო და ამბობს, თურმე იმ ბინაში, მე-7 სართულზე, ჩემი დის სახელობის მუზეუმი უნდა გახსნას. 6 თვეში ანდერძი ძალაში შევიდა, ყველაფერი გადაიფორმა და მერე აქეთ დამემუქრა, - თუ არ გაჩერდები შენს თავს დავაჭერინებო", - ამბობს დგებუაძე. ლევან რატიანი ორდე დგებუაძის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ანდერძი ნამდვილად არსებობს, რომელიც შედგენილია ივლისში მას კი მაია დგებუაძემ ნოემბერში მიუტანა. ლევან რატიანის თქმით, მაია დგებუაძე მისი პროფესორი იყო, ანატომიას უკითხავდა და მისი უფროსი მეგობარი იყო. ექიმი ამბობს, რომ მაიას დედმამიშვილებთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა, 23 წლის განმავლობაში ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ და რომ ამის შესახებ ანდერძშიც წერს. რატიანი ამბობს, რომ მან ყველა პუნქტი ისე შეასრულა, როგორც ანდერძში ეწერა. “ეს ყველაფერი არის დიდი ცილისწამება, რაც, სიმართლე რომ გითხრათ, ძლივს გადავიტანე, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ამ ადამიანს თან გადავყევი, როგორც ჩემს საკუთარ დედას. ამ ადამიანს საკუთარი და 23 წლის განმავლობაში ნანახი არ ჰყავდა. ასე წერს ანდერძში თვითონ, აბა, მათი ოჯახური ამბების მე რა ვიცი. ანდერძის შესახებ არაფერი ვიცოდი, ივლისშია დაწერილი და მე დეკემბერში გავხსენი. მაია ოპერაციაზე რომ შედიოდა, დამიტოვა ჩანთა და მითხრა თუ გარდავიცვლები, ეს ჩანთა გახსენი და აქ წერია ყველაფერი როგორ უნდა მოიქცეთო. ხშირად ხდება ხოლმე ასეთი რაღაცები, როცა არ გყავს მემკვიდრე, იმას უტოვებენ ქონებას, ვისთანაც უფრო ახლოს არიან. მათი დის სურვილი იყო, რომ ყველაფერი ასე დასრულებულიყო“, - ამბობს ლევან რატიანი.
კომენტარი