სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იულია ტიმოშენკო დააპატიმრეს

კიევის პეჩორის რაიონის სასამართლომ უკრაინის ექს–პრემიერი, იულია ტიმოშენკო დააპატიმრა. სასამართლო დარბაზიდან ტიმოშენკო დამსწრეების სკანდირების ფონზე: „სირცხვილი!“ გაიყვანეს.

იმისთვის, რომ ოპოზიციის ლიდერი ქალი დაეპატიმრებინათ, დარბაზში 30 მილიციელი შევიდა. შენობაში ასევე შეცვივდნენ სასამართლოს ეზოში მოულოდნელად გამოჩენილი მილიციის სპეცდანიშნულების რაზმის – „ბერკუტის“ თანამშრომლები. ამ დროისთვის ეზოში, სასამართლოს სენობასთან უკვე პარკირებული იყო დაკავებულთა გადასაყვანი მანქანა.

როცა იულია ტიმოშენკო დარბაზიდან გაჰყავდათ, პარლამენტის დეპუტატებსა და მილიციის სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა. „ფაშისტებო, ყველანი ციხეებში წახვალთ!“ – უყვიროდნენ ხალხის ოპოზიციონერი რჩეულები სამართალდამცველებს.

თავად იულია ტიმოშენკო გადაწყვეტილებას საკმაოდ მშვიდად შეხვდა. იგი თანამებრძოლებს დაემშვიდობა და სამართალდამცველებს ერთადერთი თხოვნით მიმართა – არ დაედოთ მისთვის ხელბორკილები, სანამ დარბაზიდან არ გავიდოდა.

მოსამართლემ, როდიონ კირეევმა კი სასამართლო სხდომის დარბაზი მაშინვე დატოვა, როგორც კი გადაწყვეტილება გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ იულია ტიმოშენკო ჯერ კიდევ ერთი თვის წინ აკეთებდა განცხადებებს იმის შესახებ, რომ პრეზიდენტ იანუკოვიჩს მისი დაპატიმრება აქვს გადაწყვეტილი.

არეულობა, რომელიც დარბაზიდან დაპატიმრებული ტიმოშენკოს გაყვანამ გამოიწვია, სასამართლოში ამ დრომდე გრძელდება.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100