სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

‎კიმ ჩენ ირი – დიქტატორი, რომელსაც კინო უყვარდა

ჩრდილოეთ კორეაში ათდღიანი სახელმწიფო გლოვაა გამოცხადებული. კიმ ჩენ ირის გარდაცვალების გამო 3 დღიანი გლოვა კომუნისტურმა კუბამაც გამოაცხადა. კიმ ჩენირს 28 დეკემბერს დაკრძალავენ, დღეს კი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიამ ღია კუბოში ჩასვენებული 69 წლის დიქტატორის ვიდეომასალა გაავრცელა. კიმ ჩენირი 1994 წელს მამამისის, კიმ სანგ მე-2-ის გარდაცვალების შემდეგ ჩაუდგა სახელმწიფოს სათავეში და 17 წელიწადი იყო მსოფლიოში არმიის სიძლიერით მე-5 ადგილზე მყოფი კარჩაკეტილი ბირთვული სახელმწიფოს ერთპიროვნული მმართველი. გარდაცვლილი მამის შემცვლელად მისი მე-3 ვაჟი კიმ იონგ ანი მოიაზრება, მაგრამ ძალაუფლების გადაცემა ჯერ არ დასრულებულა და ანალიტიკოსები შიშობენ, რომ კიმის სიკვდილმა შესაძლოა ბირთვულ სახელმწიფოში არასტაბილურობა გამოიწვიოს.

მთავარი წუხილი იმის გამო გამოიხატება, რომ კიმ იონგ ანი 30 წლისაც კი არაა და ამავე დროს, არ გააჩნია პოლიტიკური გამოცდილება იმისა, რომ ბირთვული შეიარაღების მქონე სახელმწიფო მართოს.

კიმ ჩენ ირის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე განსაცვიფრებელი ფაქტი მისი კინოსადმი სიყვარულია. დიქტატორი 20 000-ზე მეტ ვიდეოსა და დივიდის ფლობდა და მის საყვარელ ქალბატონ მსახიობებს შორის ელიზაბეტ ტეილორს საპატიო ადგილი ეკავა.

„კინო, ხელოვნებისა და ლიტერატურის საერთო განვითარების კუთხით მნიშვნელოვან როლს იკავებს. ის რევოლუციისა და სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში მძლავრი იდეოლოგიური იარაღია.“ ამბობდა 1987 წელს დაწერილ ერთ-ერთ ესეში კიმ ჩენ ირი.

მხატვრული ფილმებისა და კინოს განსაკუთრებული როლი უამრავ მსოფლიო ლიდერს ჰქონდა გაცნობიერებული, მაგრამ კიმ ჩენ ირისათვის, რომელიც შაბათს, 17 დეკემბერს 69 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა, კინო გაცილებით მეტი იყო.

მის აუარება ვიდეოფირში გაერთიანებული იყო ყველაფერი, დაწყებული ჰოლივუდიდან, დამთავრებული იაპონური ფილმებით.

კიმ ჩენ ირს დაწერილი აქვს რამდენიმე ტრაქტატი კინოს შესახებ და ხშირად გამოვლენილი აქვს განსაცვიფრებელი წვდომა შემოქმედებითი პროცესისადმი.

ჰოლივუდის ბევრი მწერლისთვის ყურადღების მისაქცევი იქნება აღნიშნული მარგალიტი: „ბინძური სიუჟეტის ფილმი ვერ მიიპყრობს აუდიენციის ყურადღებას და განსაზღვრავს მათ ემოციურ პასუხს.“

1987 წელს კიმ ჩენ ირი წერდა: „მაღალი იდეოლოგიური და ხელოვნებითი ღირებულების არმქონე პროდუქციას არ ძალუძს განავითაროს შემოქმედებითი ჯგუფი, რომლის წევრებიც არ არიან გაერთიანებული იდეოლოგიურად და რომელშიც დისციპლინა და წესრიგი არ არის დამყარებული.“

მოტაცება

მაგრამ კიმ ჩენ ირის კინოსადმი აპეტიტი უფრო შორს წავიდა, რაც უცნაურ ფორმაში გამოიხატა.

1978 წელს, დიდი ხნით ადრე, ვიდრე მამამისს შეცვლიდა, მან სამხრეთ კორეის ყველაზე ცნობილი კინორეჟისორის მოტაცების ბრძანება გასცა.

შინ სანგ ოკი ჰონკონგში ვიზიტისას მოიტაცეს. აგენტებმა კინორეჟისორი მანქანაში ძალით ჩააგდეს, თავზე ჩანთა გადააფარეს, შემდეგ კი ნივთის მსგავსად შეფუთეს და ფხენიანში გადაიყვანეს.

სამხრეთ კორეელი კინორეჟისორი რამდენიმე წელი ფხენიანის ციხეში ჰყავდათ ჩასმული და სატუსაღოდან გაქცევის მცდელობის გამო მას დასჯის მიზნით წლების მანძილზე მხოლოდ წყალს, მარილსა და ბრინჯს აძლევდნენ საკვებად. რამდენიმე წლის შემდეგ იგი უეცრად გაანთავისუფლეს პატიმრობიდან და მის ცოლთან ერთად მდიდრულ სამთავრობო წვეულებაზე მიიწვიეს. თავის ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში შინი კიმ ჩენ ირთან საუბრებს იხსენებს.

„ჩრდილო კორეელი კინორეჟისორები მხოლოდ ზერელე და დაუდევარ ფილმებს აკეთებენ.“ თქვა კიმმა, რომელიც იმ ხანად ქვეყნის კულტურის მინისტრი იყო. „მათ არ აქვთ ახალი იდეები.“

„მათ ნამუშევრებს ერთიდაიგივე გამოხატულება, მეტისმეტობა და ერთიდაიგივე სიუჟეტები აქვთ. ჩვენი ყველა ფილმი გაჯერებულია ტირილით, გულამოსკვნილი ქვითინითა და გოდებით. მე მათთვის არ დამიკვეთავს მსგავსი რაღაცეები აღეწერათ.“

ამგვარად, შინი და მისი მეუღლე კოე ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის სამსახურში იქნენ ჩაყენებულნი და კიმ ჩენ ირის მბრძანებლობის ქვეშ მათ 7 ფილმი გადაიღეს, მათ შორის პულგასარი, გოძილას კომუნისტური ვერსია, და დრამა რომელიც პირველად ქვეყნის ისტორიაში ეკრანზე საჯარო კოცნის სცენას შეიცავდა.

კინორეჟისორისა და მისი მეუღლის ჩრდილოკორეული ცხოვრება კომფორტული არ იყო. ისინი ფაქტობრივად შინა პატიმრობაში იმყოფებოდნენ, მაგრამ შინმა თქვა, რომ მას კარჩაკეტილ კიმ ჩენ ირთან გზა ყოველთვის ხსნილი ჰქონდა და მასთან დაკავშირება და ურთიერთობა შეუზღუდავად შეეძლო.

„იგი გვისმენდა მე და ჩემს მეუღლეს, რადგან ჩვენ სამხრეთ კორეელები ვიყავით.“ უთხრა შინმა ბრიტანულ გამოცემა „გარდიანს“ 2003 წელს. „მიუხედავად იმისა, რომ ვაკრიტიკებდით ზოგიერთ რამეს, მას უნდოდა, რომ გულწრფელნი ვყოფილიყავით ჩვენი აზრების გამოხატვისას. სხვები ამგვარი გულწრფელობისთვის სიკვდილით დაისჯებოდნენ.“

შინმა და მისმა მეუღლემ ბოლოსდაბოლოს 1983 წელს, პულგასარზე მუშაობის დასრულებიდან მალევე, ვენაში მოგზაურობისას ჩრდილოეთ კორეის რეჟიმიდან თავის დაღწევა შეძლეს.

პულგასარი ჩრდილო კორეული ფილმების იმ მცირე ჩამონათვალს მიეკუთვნება, რომელიც ხელმისაწვდომია საერთაშორისო საზოგადოებრიობისათვის.

სიუჟეტი აგებულია პატარა თოჯინის გარშემო, რომელსაც სისხლთან შეხებისას სიცოცხლის ჯადოსნური ნიშანწყალი უჩნდება და ცოცხლდება. თოჯინა გიგანტურ, რკინისმკვნეტელ მონსტრად იზრდება და ეხმარება გაჭირვებულ გლეხებს მათი მმართველის დამხობაში, რაც კაპიტალიზმის მეტაფორაა. საბრძოლო სცენები საკმაოდ შთამბეჭდავია, მაგრამ სპეც ეფექტები და „შემაძრწუნებელი“ ტრანსფორმირებული-მამაკაცი-გოძილა ძველმოდურია და ის უფრო 1950-იანი წლების ფილმს მოგაგაონებთ, ვიდრე 1980-იანი წლების 3 მილიონი დოლარის ბიუჯეტის მქონე ფილმს.

პროპაგანდით დახუნძლულმა ჩრდილოკორეულმა კინომ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობაზე უზარმაზარი გავლენა მოახდინა. კიმის მთავარი მიზანი ყოველთვის წარმატებული, მოწესრიგებული და აყვავებული ჩრდილოეთ კორეის პროპაგანდა იყო. ჩრდილოეთ კორეის კინოს ცნობილი ვარსკვლავი, კიმ ჰაი იანგი, რომელმაც 1990-იან წლებში სამხრეთ კორეაში გაქცევა მოახერხა, ამბობს: „როგორც მსახიობი, შენ ვალდებული და იძულებული იყავი მათ მოჭრილ თარგზე გეცხოვრა. ხალხი ვალდებული იყო ეტარებინა უნიფორმა და უფრო მეტიც, სახელმწიფო გისაზღვრავდა იმასაც კი თუ როგორი გრიმი უნდა გაგეკეთებინა.“

მაგრამ კიმ ჩენირის მმართველობის ფხიზელი თვალის ქვეშ გაკეთებული ყველა ფილმი არ ყოფილა მხოლოდ კომუნისტური ალეგორიებით გაჯერებული. ცნობილია, რომ იგი უფრო მეტი მულტიპლიკაციური ფილმის კეთებას ითხოვდა.

2003 წელს შინ სანგმა ბი–ბი–სის უთხრა, რომ კიმ ჩენირი ყველა სხვა დანარჩენი ახალგაზრდა მამაკაცის მსგავსი იყო. მას მოწონდა საბრძოლო, საშინელებათა და სექსის შესახებ ფილმები.“

„მას მოწონდა მომხიბლავი მსახიობი ქალები და ჯეიმს ბონდი.“ კინორეჟისორმა სეულის „თაიმსს“ გაუმჟღავნა, რომ მამაკაცებიდან მისი საყვარელი მსახიობი შონ კონერი, ქალბატონებიდან კი ელიზაბეტ ტეილორი იყო. მაგრამ კიმი არ ყოფილა აღფრთოვანებული ჰოლივუდის მიერ მისი რეჟიმის აღწერილობით. როცა მისი საყვარელი ჯეიმს ბონდი ჩრდილოეთ კორეის მისიისას -„მოკვდი სხვა დღეს“ -დატყვევებული და ნაწამები იქნა, მთავრობამ ამას, „ჩრდილოეთ კორეის ნაციისთვის შეურაცხმყოფელი“ საქციელი უწოდა.

კიმ ჩენირი ასევე კომედიური ფილმების დიდი ფანი იყო.

„ნიუ–იორკ თაიმსის“ თანახმად, 2000 წელს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მადლენ ოლბრაიტის ჩრდილოეთ კორეაში სახელმწიფო ვიზიტისას კიმ ჩენირმა ნომერ პირველ ამერიკელ დიპლომატს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ჰოლივუდში ბოლოს გადაღებული ფილმებიდან რომელიმე ნანახი. როცა მადლენ ოლბრაიტმა უპასუხა „გლადიატორი“, კიმმა თქვა, რომ მან სტივენ სპილბერგის „ამისტადი“ ნახა და ეს ფილმი აღწერა, როგორც „ძალიან საწყენი.“ თავად ოლბრაიტი მიიჩნევდა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი უაღრესად ჭკვიანი და ინფორმირებული ადამიანი იყო.

კიმ ჩენირს უამრავი ფილმი ჰქონდა ნანახი და მას ძალზე კარგად ესმოდა კინოს როლი საზოგადოებრივი აზრის ფორმირების საქმეში.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100