ესპანეთის გამარჯვება და იტალიელების ცრემლები
გუშინ ერთი თვის მანძილზე არსებული საფეხბურთო ციებცხელება დასრულდა. ევრო-2012-ის ფინალში ერთმანეთს ესპანეთი და იტალია შეხვდნენ.
თამაშის დაწყებამდე შედეგების პროგნოზირება საკმაოდ რთული იყო. ორივე ნაკრებს თითქოს თანაბარი შანსები გააჩნდათ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა მოქმედმა ევრო და მსოფლიო ჩემპიონმა საკუთარი სიძლიერის გამომჟღავნება კიდევ ერთხელ გადაწყვიტა. შედეგად კი მატჩის ორივე ნახევარი უდიდესი წარმატებით დაასრულა.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ არცერთ ნაკრებს არ მოუხერხებია ევროპის ჩემპიონატის ფინალი ოთხბურთიანი სხვაობით დაესრულებინა. თუმცა, ესპანეთმა ეს შეძლო და შეძლო იმ იტალიასთან, რომელსაც ევრო-2012-ის დაწყებისთანავე, პირველივე თამაშზე შეხვდა. იტალია და ესპანეთი როგორც მოგეხსენებათ ერთ ჯგუფში იყვნენ და ორივე ნაკრები ჯგუფის ფავორიტად ითვლებოდა.
მსგავსი შემთვევა, ჯგუფური შეხვედრების შემდეგ ფინალში ერთი და იმავე ნაკრების შეხვედრა 1988 და 2004 წელს დაფიქსირდა. 1988 წელს ჰოლანდიისა და საბჭოთა კავშირის ნაკრებებმა დაიწყეს ურთიერთშეხვედრით და დაასრულეს ფინალით. 2004 წელს კი იმავე სიტუაციაში პორტუგალია და საბერძნეთი აღმოჩნდნენ.
აჯობებს სტატისტიკურ მონაცემებს თავი დავანებოთ. ესპანეთის ნაკრებმა საკუთარი სიძლიერე კიდევ ერთხელ დაამტკიცა. იგი ზედიზედ 2008, 2010 და 2012 წლებში, ევროპის, მსოფლიო და კვლავ ევროპის ჩემპიონი გახდა. მსგავსი ფაქტი კი ჯერ არცერთ ნაკრებს არ დაუფიქსირებია.
დელ ბოსკეს შეგირდებმა იტალიის ნაკრები ანგარიშით 4:0 გაანადგურეს. პირველ ნახევარში სილვამ მოახერხა ანგარიშის გახსნა, ამას მოჰყვა ხორდი ალბას გოლიც და პირველი 45 წუთი ესპანელების სასარგებლოდ ორბურთიანი სხვაობით დასრულდა.
მეორე ნახევარი სრულებით სხვაგვარი წარმოედგინა ნებისმიერ გულშემატკივარს. ყველა თვლიდა, რომ პრანდელი განსხვავებულ, შეტევაზე ორიენტირებულ გუნდს გამოიყვანდა მოედანზე, მაგრამ იტალიის ნაკრების ფეხბურთელებს მსგავსი არაფერი ეტყობოდათ.
უფრო მეტიც, 56-ე წუთზე იტალიის ნაკრების მწვრთნელმა მესამე ცვლილება განახორციელა, უკვე მესამოცე წუთზე კი ათი ფეხბურთელით განაგრძო თამაში. მოედანზე ოთხი წუთის გამოსულმა მოტტუმ ტრავმა მიიღო და მისი გაყვანა საკაცით გახდა აუცილებელი.
ესპანეთმა კი შანსი ხელიდან არ გაუშვა. შეცვლაზე შემოსულმა ტორესმა ანგარიში 3:0 გახადა, უკანასკნელ წუთებზე გამოსულმა მატამ კი ყოველივეს წერტილი დაუსვა და 4:0 დააფიქსირა.
კომენტარი