სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

2.02.1992: ოცი წლის წინ თბილისის ქუჩებში დახვრეტილი 16 წლის მედროშე და კიდევ 22 ადამიანი (ვიდეო)

იმის მიუხედავად, რომმ დაახლოებით ერთი თვის წინ დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს, საქართველოში მომხდარ სახელმნწიფო გადატრიალებას საქართველოს პირველი პრეზიდენტის მომხრეები არ ურიგდებოდნენ და პროტესტის გამოთქმის მოსურნეთა რიცხვი არათუ კლებულობდა, პირიქით, მატულობდა კიდეც.

საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, არსებობს როგორც დიდუბის მეტროს წინ მიტინგისთვის ცეცხლის გახსნის, ასევე 1992 წლის 2 თებერვლის ხალხმრავალი მსვლელობის დახვრეტის ამსახველი ვიდეომასალა (იანვარში მომხდარი დარბევა-დახვრეტის შესახებ შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ);

ამასთან, უნდა ითქვას, რომ თუკი დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი რამდენიმე ათასი ადამიანის დარბევა-დახვრეტა შედარებით ცოტა ხანს გრძელდებოდა და ისევ უიარაღო ხალხის შემოტევის გამო შეიარაღებული პირები იძულებულნი გახდნენ, იქაურობას გასცლოდნენ, სულ სხვაგვარი სურათი დაიხატა 2 თებერვალს: სამხედრო საბჭომ გადაწყვიტა, უკიდურესად სასტიკი ყოფილიყო და ამით კიდევ ერთხელ ეჩვენებინა მოსახლეობისთვის - ყველას დაგხოცავთ, ვინც ხელს შეგვიშლითო. ოფიციალური მიზეზი, რა თქმა უნდა, გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა იყო, თუმცა საოცარი ის გახლდათ, რომ საპროტესტო მუხტი კი არ იკლებდა, იზრდებოდა.

მსვლელობას, რომელშიც რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი მონაწილეობდა, წინ წმინდა ნინოს უჯვარი უძღოდა. ხალხი ვაგზლის მოედნიდან დაიძრა და ქალაქის ცენტრალური ნაწილები უნდა გაეარა. დემონსტრაციას გზადაგზა მოსახლეობა უერთდებოდა. აქციის მიზანი არ ყოფილა არც მთავრობის სახლთან, ან იმელის შენობასთან მისვლა, არც აგრესიის გამოხატვა რაიმე ფორმით, თუ არ ჩავთვლით ტრადიციულ შეძახილებსა და პლაკატებს...

ამის მიუხედავად, ცირკის ტერიტორიაზე, ბორცვებზე ჩასაფრებულმა შეიარაღებულმა პირებმა მსვლელობას ცეცხლი გაუხსნეს. თავდაპირველად ისინი ჰაერში ისროდნენ, მაგრამ ამან ეფექტი ვერ გამოიღო - დემონსტრანტებს არ ეშინოდათ: მუშტებს უღერებდნენ და ხმამაღალი შეძახილებით ამუნათებდნენ (ცხადია, ზოგიერთი მამაკაცი აგინებდა კიდეც) ბორცვებზე, ბუჩქებს შორის აქა-იქ გამკრთალ ავტომატიანებს. იმით გაღიზიანებულებმა, რომ ხალხი არ იშლებოდა, მათ კი შესაბამისი ბრძანება ჰქონდათ მიღებული, ბორცვებს შეფენილმა შეიარაღებულებმა დამიზნებით სროლა დაიწყეს - პირდაპირ დემოსტრანტებს ესროდნენ.

აქციამ გეზი შეიცვალა - ისინი, ვინც არ დაშლილან, მწყობრად გადაადგილებას ცდილობდნენ და უკან, ვაგზლის მოედნისკენ დაიხიეს, თუმცა, ვერც ვაგზლამდე მიაღწიეს - აღმაშენებლისა და თამარ მეფის ქუჩების გადაკვეთასთან მათ მეორე ჯგუფი დაახვედრეს, რომლის წევრებსაც დიდხანს ყოყმანი არ დაუწყიათ: მიზანმიმართული ცეცხლი გახსნეს დემონსტრანტების მისამართით.

აქციამ კიდევ ერთხელ შეიცვალა მიმართულება: აღმაშენებლის გამზირზე - ვორონცოვის მოედნის მიმართულებით, მაგრამ ვორონცოვამდეც არ მიუშვეს - მესამე ჯგუფმა მარჯანიშვილის მოედანზე დაასრულა იმდღევანდელი უპრეცენდენტო ნადირობა ადამიანებზე... სწორედ აქ, მარჯანიშვილის მოედანთან დააპატიმრეს უკვე შეთხელებული დემონსტრანტებიდან ისინი, ვინც განსაკუთრებით არ მოსდიოდათ თვალში და შემდეგ მათგან ბევრი - სასტიკად აწამეს. რამდენიმე დაპატიმრებული ადამიანი, თქვენ წარმოიდგინეთ, დღემდეც კი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად.

1992 წლის 2 თებერვალს დახვრეტილი და დაჭრილი ხალხის ოფიციალური სია არ არსებობს. მეტიც, თუ იმდროინდელ პრესასა და ტელევიზიის არქივს გადახედავთ, ეს აქცია არცკი ჩატარებულა, თურმე...

არაოფიციალური, მაგრამ დაზუსტებული წყაროებით, მხოლოდ იმ დღეს, თბილისში, სხვადასხვა ადგილას 23 ადამიანი მოკლეს და 183 - დაჭრეს. მოკლულთა შორის ყველაზე უმცროსი 16 წლის მედროშე - მამუკა ტერაშვილი იყო...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100