გუსტავო სისნეროსი – ლათინური ამერიკის ყოვლისშემძლე ბარონი
გუსტავო სისნეროსი ვენესუელის დედაქალაქ, კარაკასში 1945 წელს დაიბადა. მამამისი წარმოშობით კუბიდან იყო და წლების მანძილზე კუბურ კომპანიას ხელმძღვანელობდა. ეროვნების საკითხში სისნეროსს ქამელეონის რეპუტაცია აქვს. ვენესუელელი დედისა და კუბელი მამის შვილი რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეა. ესპანეთის მოქალაქეობა პირადად მეფე ხუან-კარლოსის თხოვნით მიიღო. გარდა ამისა, ამერიკის, კუბის დომინიკის რესპუბლიკის მოქალაქეც არის. სისნეროსის ქონება, 2010 წლის მონაცემებით, 10.7 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ბავშვობის წლები
გუსტავო, დიეგო სისნეროსის მეოთხე ვაჟია. შვილის დაბადებისას დიეგო უკვე სერიოზული ფირმის მფლობელი ყოფილა. იგი კარაკასში 1920-იან წლებში დასახლებულა და თავდაპირველად ამერიკული საავტომობილო მარკების Chrysler-ისა და Studebakers-ის დილერი ყოფილა, ცოტა ხანში ავტობუსების ქსელი და სატვირთო მანქანებიც შეიერთა. წლების მანძილზე დაუღალავი შრომითა და კომერციული ტალანტით, დიეგომ გარკვეული კაპიტალი დააგროვა. მეორე მსოფლიო ომის დასასრულს “პეპსი-კოლას“ ექსკლუზიური დისტრიბუტორიც გახდა. ძალიან მალე პეპსი ლათინურ ამერიკაში ნომერ პირველ სასმელად იქცა. 1950-იანი წლებიდან დიეგო სისნეროსის ამბიცია აღნიშნულ სფეროს გასცდა და ბედი რადიოსა და ტელევიზიაში მოსინჯა. მის მიერ შექმნილ ახალ არხს, Venevision დიდი წარმატება ხვდა წილად.
მედიამაგნატი მამა არაფერს იშურებდა შვილების კეთილდღეობისა და მომავლისთვის. მისი ხელშეწყობით, გუსტავო მედიის მართვის ხელოვნებას აშშ-ში დაეუფლა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ პროფესიული ზრდა მამის კომპანიაში აქტიურად განაგრძო.
სისნეროსი ოჯახური ბიზნესის მართვის სადავეებთან
1970 წელს 25 წლის გუსტავო სრულიად მოულოდნელად ოჯახური იმპერიის მართვის სადავეებთან აღმოჩნდა. მამამისი მძიმე ინსულტის შედეგად დაინვალიდდა და იძულებული გახდა, ბიზნესი უმცროსი ვაჟიშვილისთვის მიენდო. ჩიკაგოში, ლოს ანჯელესსა და ნიუ-იორკში მიღებული განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შემდეგ, ახალგაზრდა გუსტავოს ბიზნესის მართვა არ გასჭირვებია., თუმცა ბევრისთვის მაინც მოულოდნელი იყო ის უდიდესი წარმატება, რასაც გუსტავომ მიაღწია. იმავე წელს სისნეროსი მანჰეტენის წმინდა პატრიკის ტაძარში ასევე ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენების შთამომავალ, პატი ფელპსზე დაქორწინდა (პატის მამაც დიეგო სისნეროსის მსგავსად, კარაკასში დასახლებულა და თავდაპირველად Ford Motors-ის მარკის ავტომობილების გაყიდვით ირჩენდა თავს). სხვათაშორის, ფელპსების ოჯახი Radio Caracas-ისა და მისი სატელევიზიო არხ, Venevision-ის მთავარი კონკურენტი RCTV-ის მფლობელები იყვნენ.
მართალია, 1975 წელს პოლიტიკური კავშირები ნავთობქიმიის ქარხნების შესაძენად არასაკმარისი აღმოჩნდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ბიზნესმენს ბედმა გაუღიმა და როკფელერების სუპერმარკეტების ქსელის დაქუცმაცების შემდეგ, სისნეროსი ვენესუელის 50-მდე სუპერმარკეტის მფლობელი და გაზიანი სასმელების დისტრიბუტორი გახდა. დაახლოებით იმავე პერიოდში Venevision ყველაზე გავლენიანი სატელევიზიო არხად გადაიქცა. Pპარალელურად კი სადისტრიბუციო სასმელების ქსელს სხვადასხვა სახის პროდუქტიც შეემატა, მაგრამ გუსტავო სისნეროსი არც ამით დაკმაყოფილებულა და 1970-იანი წლების ბოლოს Miss Venesuela-ს ორგანიზებაც იტვირთა. Miss Venesuela-ს მიმართ დიდი თუ პატარა უდიდეს ინტერესს იჩენდა. კონკურსში მონაწილეობისთვის ლამაზმანებს სისნეროსები ამზადებდნენ, პარალელურად, ვენესუელელი გოგონები სისნეროსების პროდუქტზე ფიგურირებდნენ, რაც იმ დროისთვის ყველაზე ეფექტური რეკლამა იყო.
1980-იანი წლებიდან გუსტავო სისნეროსის პრიორიტეტად უცხოური ინვესტიციები იქცა. კაპიტალს აშშ-ში, ესპანეთსა და ლონდონში აბანდებდა. დღეს სისნეროსი მედიის, ტელეკომუნიკაციების, გასართობი ინდუსტრიისა და ყოველდღიური სამომხმარებლო პროდუქტის მწარმოებელი კომპანიების აქციებს ფლობს. ჯგუფი სისნეროსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მედიაკომპანიაა. მილიარდერის სამიზნეს ამჟამად ჩინეთი წარმოადგენს. ახლახან ჩინეთში სერიოზული ინვესტიციები განახორციელა.
ლათინოამერიკელი მერდოკი და ბერლუსკონი
გუსტავო სისნეროსს ყველაზე მეტად მედია-მაგნატისა და ლათინური ამერიკის ყოვლისშემძლე ბარონის ტიტული ეამაყება. ბიზნესმენი დისკომფორტს არც მაშინ განიცდის, როდესაც ლათინოამერიკელ მერდოკად ან ბერლუსკონად მოიხსენიებენ. მართალია, უცხოეთში და მეზობელ ქვეყნებში, როგორც ჰუგო ჩავესის რადიკალურ ოპოზიციას, ისე იცნობენ, მაგრამ ვენესუელის ისტორიას მაინც მედია-მაგნატად დაამახსოვრდება.
სისნეროსებმა დიდი როლი შეასრულეს დღეს საკმაოდ პოპულარული ტელესერიალების სისტემის განვითარებაში. ლათინო-ამერიკულ სერიალებს მსოფლიოში საშუალოდ ორი მილიარდი მაყურებელი ჰყავს. 2005 წელს გუსტავო სისნეროსი წლის ადამიანად აღიარეს და მედიის პრესტიჟული პრიზი მიანიჭეს.
მილიარდერი კულტურის სფეროს თაყვანისმცემელიც არის. მისი ფონდი Fondation Cisneros ლათინო-ამერიკელების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვით, კულტურულ და საგანმანათლებლო პროგრამებს მუდმივად აფინანსებს, თუმცა ჰუგო ჩავესის კვლავ ხელისუფლებაში ყოფნის გამო, ვენესუელიდან შორს ყოფნასა და უცხოეთზე კონცენტრირებას ცდილობს.
მისი დევიზია”გამდიდრებისთვის საუკეთესო და ხელჩასაჭიდ მომენტებს კრიზისული სიტუაციები აჩენს” გუსტავო 30 წელზე მეტია პატრისია ფელპსთან ერთად ლათინური ამერიკის ყველაზე ძლიერ და შესაშურ წყვილს წარმოადგენს.
კომენტარი