სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს რკინიგზა CER-ის ყოველწლიურ შეხვედრას მასპინძლობს

დღეს, თბილისში, "ევროპის რკინიგზებისა და ინფრასტრუქტურული კომპანიების გაერთიანების“ - CER-ის ყოველწლიური შეხვედრა იმართება. აღნიშნული ტიპის შეხვედრებს CER-ი წელიწადში ორჯერ - ბრიუსელსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ქალაქებში მართავს. სხდომა, რომელზეც მე-4 სარკინიგზო პაკეტის მიმდინარეობა განიხილება, ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოში - საქართველოში - წელს პირველად იმართება.

საქართველო - ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საქართველომ სხვადასხვა დირექტივებისა და რეგულაციების შესრულების ვალდებულება აიღო. მათ შორის, 8 დირექტივა, საქართველოს რკინიგზას ეხება. CER-ი, რომლის წევრი საქართველოს რკინიგზაა, კომპანიას გამოცდილებას როგორც ტექნიკური, ასევე სამართლებრივი კუთხით უზიარებს. ფორუმი, რომელიც თბილისში იმართება, საუკეთესო პლატფორმაა ევროპის რკინიგზების ადმინისტრაციებთან საქმიანი ურთიერთობის დასამყარებლად. CER-ის მთავარი მიმართულებაა ორგანიზაციის წევრი რკინიგზებისა და კომპანიების ინტერესების ევროკავშირის ტერიტორიაზე მხარდაჭერა. მისი სლოგანია "ევროპული რკინიგზების ხმა“ და ის ევროკავშირში რკინიგზების ომბუცმენია.

თბილისში CER-ის ყოველწლიურ შეხვედრას ევროკავშირის წევრი ქვეყნის რკინიგზების ევროპული მიმართულების დირექტორები ესწრებიან. შეხვედრის თავმჯდოამრეა CER-ის აღმასრულებელი დირექტორი ლიბორ ლოხმანი. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, ქეთევან სალუქვაძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამინისტროს წარმოამდგენლები ესწრებიან.

აღნიშნული ფორუმი საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ გახსნა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით, საქართველოს რკინიგზას თავის ნაწილში მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს.

"დღეს საქართველოს რკინიგზა ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს. ამით ძალიან ამაყები ვართ, ვინაიდან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც CER-ის ფორუმი ევროკავშირს ფარგლებს მიღმა ტარდება. ეს იმის ინდიკატორია, რომ ჩვენ ევროპული ოჯახის ნაწილად ვითვლებით. მოგეხსენებათ, რომ საქართველომ 2014 წელს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, რომლის ნაწილი გახლავთ ევროდირექტივებისა და რეგულაციების იმპლემენტაცია. სარკინიგზოტრანსპორტის ნაწილში აჟამად მიმდინარეობს მე-4 სარკინიგზო პაკეტის განხორციელება. საქართველოს რკინიგზას საკმაოდ ხელშესახები პროგრესი აქვს აღნიშული დირექტივების ნაწილში და დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ მე-4 პაკეტის განხილვას შეეხება,“ - განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ.

ფორუმს CER-ის აღმასრულებელი დირექტორი ლიბორ ლოხმანი უძღვება. ის პოზიტიურად აფასებს საქართველოს რკინიგზის CER-თან თანამშრომლობის ფაქტს. მისი თქმით, ევროპასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ნაყოფიერი თანამშრომლობა სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირდაპირ კავშირშია ეკონომიკის განვითარებასთან

"ბედნიერი ვარ, რომ თბილისში ვარ და ამ ღონისძიებაში ვიღებ მონაწილეობას. აქ მაქვს საშუალება ვესაუბრო ქართველ კოლეგებს და ერთად განვიხილოთ არა მხოლოდ შიდა საკითხები, არამედ ის საკითხები, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესებში შედის. ამ მიმართულებით ქართველი კოლეგების აქტიურობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რასაც ძალიან ვაფასებ,“ - აღნიშნა ლიბორ ლოხმანმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100