ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი მოსმენებთან დაკავშირებით
“მიზანმიმართული კამპანია, რომ დღეს ყველას უსმენენ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულია და ამის არავითარი საჭიროება არ არსებობს,” - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მოქალაქეების დარწმუნება იმაში, რომ დღეს ყველას უსმენენ, ქვეყნის იმიჯის ძირგამომთხრელ საქმიანობად შეიძლება შეფასდეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მუშაობის დეტალები განმარტა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, სპეციალურმა უწყებათაშორისმა კომისიამ ამ საკითხზე მუშაობა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო.
„არასამთავრობოებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ მაშინ წარმოდგენილი ვარიანტი კატასტროფის ტოლფასი იყო და საფრთხეს შეუქმნიდა მთლიანად სამართალდამცავი სისტემის, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის გამართულ, ეფექტურ მუშაობას. ჩვენ ეს არ დავუშვით და დავიწყეთ აღნიშნული კანონპროექტის დამუშავება. ქვეყნის ინტერესებთან დაკავშირებულ კანონპროექატზე მუშაობისას სიჩქარე დაუშვებელია“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და აუდიომასალის განადგურების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და პროცესის მონაწილე თავად იყო, მსგავსი ტიპის დანაშაულისთვის კი ბევრი ადამიანი დაისაჯა.
პრემიერის შეფასებით, ხელისუფლებამ საქმით დაამტკიცა, რომ საქართველოში მოსმენების დრო დასრულდა.
„ორი თვის წინ კი ჩვენ გვესმის, რომ იწყებენ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგონარ კამპანიას, სახელწოდებით „ეს შენ გეხება“. მოვისმინე განცხადებები, რომ ყოველი დღე საფრთხის შემცველია და იწყებენ მოქალაქეების დარწმუნებას, რომ დღეს ყველას უსმენენ. მაშინ, როდესაც საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის იმიჯის განმტკიცება ხდება და ყოველდღიურად ვაჩვენებთ პროგრესს, ეს ადამიანები ათასობით ლარს ხარჯავენ რეკლამებში, იმისთვის, რომ შეარყიონ ქვეყნის იმიჯი. ამას მე ვუწოდებ ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას“, - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშილმა განმარტა, რომ მისი დავალებით, უსაფრთხოების საკითხებში პრემიერის მრჩეველმა, მინდია ჯანელიძემ კანონპროექტის დამუშავება დაიწყო, რაც უკვე დასრულებულია და პარლამენტს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.
„მიზანმიმართული კამპანია, რომ დღეს ყველას უსმენენ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულია და ამის არავითარი საჭიროება არ არსებობს. არსებობს მტკიცე პოლიტიკური ნება და ეს მანკიერი პრაქტიკა აღმოიფხვრა. ჩვენი კარი ღიაა და მოვუწოდებ ამ ადამიანებს, ღია კარის მტვრევა საჭირო არ არის“, - აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა პარლამენტს მიმართა, აღნიშნული კანონპროექტი მაქსიმალურად მოკლე ვადებში მიიღოს.
კომენტარი