კომპანია RMG Gold-ის განცხადება საყდრისის საბადოსთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ
ბოლო დროს ქართულ მედია სივრცეში, საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით ე.წ. „საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის“ სახელით მოქმედი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის, მარინე მიზანდარის მიერ გაკეთებული განცხადებები კანონიერების, ობიექტურობისა და ელემენტერული ეთიკური ნორმების ყველა ზღვარს გასცდა.
დამაჯერებელი სამეცნიერო არგუმენტაციის არქონის გამო, იგი თავს უფლებას აძლევს საზოგადოებაში გაავრცელოს აშკარა ტყუილები და მოგონილი „ფაქტები“. ქალბატონ მიზანდარს მთელი ამ ხნის განმავლობაში არ დაუდევს არც მეცნიერულად დასაბუთებული ფაქტები, არც კანონმდებლობის მოთხოვნები. ის საყდრისის თემით სპეკულირებით კომპანის წინააღმდეგ მიზანმიმართულ პიარ-კამპანიას ეწევა.
საყდრისის საკითხი ყველა დონეზე, არაერთხელ იყო განხილული ეკონომიკური, სამართლებრივი და სამეცნიერო თვალსაზრისით და ამ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის არსებობა არ დადასტურდა. მიუხედავად ამისა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ქალბატონი მიზანდარი აბსოლუტურად უაპელაციოდ ავრცელებს აშკარა დეზინფორმაციას, თითქოსდა 80-იან წლებში გეოლოგების მიერ გვირაბების გათხრისას გამოჩნდა მზის სხივები; რომ აზერბაიჯანში გათხრილ ყორღანში აღმოჩენილია საყდრისის ოქროთი დამზადებული ნაკეთობა; რომ 2013 წელს აღმოჩენილია ორი ახალი გვირაბი; რომ საყდრისს სტატუსი მოუხსნეს დოკუმენტაციის დაკარგვის გამო, მაგრამ მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა; რომ კაზრეთში ადგილი აქვს ეკოლოგიურ კატასტროფას და საფრთხე ემუქრება უნიკალურ ლანდშაფტს; რომ განიხილება ე.წ. „მაღაროს“ გამოსყიდვის საკითხი და სხვა.
მოვლენების ასე განვითარებიდან გამომდინარე სრული უფლება გვაქვს განვაცხადოთ, რომ მისი მხრიდან ადგილი აქვს აშკარა პროვოკაციულ ქმედებებს, რომლის მიზანი დაძაბულობის შექმნა, საზოგადოებაში დაპირისპირების გამოწვევა, კომპანიის რეპუტაციის შელახვა და საქმიანობის შეჩერება წარმოადგენს.
ნიშანდობლივია, რომ იგი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდშიც ავლენდა კომპანიის წინააღმდეგ მიმართულ აშკარად ტენდენციურ მიდგომას, რაც არაერთხელ ოფიციალურ მიმოწერაშიც კი გამოუხატავს.
ქალბატონმა მიზანდარმა იმის უფლებაც კი მისცა თავს, რომ პირდაპირ ეთერში ეჭვქვეშ დაეყენებინა კომპანიის ლეგალურობა და ბრალი დაედო ჩვენთვის, რომ თითქოს მიზნად გვაქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიული წარსულის განადგურება.
ყოველივე ზემოაღნიშნული სცდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მოტივს. უფრო მეტიც, აშკარად სახეზეა საზოგადოებრივი აზრით სპეკულირება და პროცესის პოლიტიზირების მცდელობა.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ და გვინდა საზოგადოებაც დავარწმუნოთ იმაში, რომ დღეისათვის საყდრისზე მიმდინარე სამთო სამუშაოები ტარდება არქეოლოგიური თვალსაზრისით დეტალურად შესწავლილ ტერიტორიაზე. ამდენად რაიმე არქეოლოგიური ობიექტის შემთხვევით დაზიანების რისკიც კი გამორიცხულია. კომპანია RMG საყდრისი-ყაჩაღიანის სალიცენზიო ტერიტორიაზე სამთო სამუშაოებს აწარმოებს კანონის სრული დაცვით, ლიცენზიითა და სათანადო ნებართვებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ასევე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და მათ მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტების მხრიდან კონტროლისა და მონიტორინგის პირობებში.
კომენტარი