ელისო ჩაფიძე ივანიშვილის პარტიის სახე ხდება: „პოლიტიკაში წასვლა ხელისუფლებამ მაიძულა“
ელისო ჩაფიძემ გუშინ, გვიან ღამით თანხმობა განაცხადა ბიძინა ივანიშვილის შემოთავაზებაზე, გამხდარიყო მისი „ქართული ოცნების“ სახე. ჩაფიძეს დღეს თავად ივანიშვილი, სხვა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად წარადგენს. პრეზენტაცია 12 საათზეა დაგეგმილი. „მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის აწ უკვე ყოფილი მოადგილე აცხადებს, რომ პოლიტიკაში წასვლა ხელისუფლებამ აიძულა.
„ვიცი, რომ ის ქვეყანაში პროდასავლური პოლიტიკის გატარებას აპირებს და არ შეიცვლება ის გაცხადებული კურსი, რასაც ევროკავშირისა და ნატოსკენ სწრაფვა ჰქვია. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანდაცვის, სოციალური და მედიის თავისუფლების საკითხები. ამ თემებზეც ვისაუბრეთ და მოსაზრებების აბსოლუტური თანხვედრა გვქონდა. მე თუ ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებით მაქვს კეთილი სურვილები და არვიცი კონკრეტულად როგორ და რა უნდა გაკეთდეს, ამ ადამიანმა იცის ბიზნესის კეთება და ეს დანაკლისი შემივსო. მან იცის, როგორ უნდა გააკეთოს ბიზნესი და როგორ უნდა გამოასწოროს როგორც თავისი, ასევე სხვა ადამიანების მდგომარეობა. ვიცი, როგორ აპირებს ქართული ეკონომიკის გაჯანსაღებას და ზოგადად, ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას. მისი ეს პოზიცია ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები და დამაჯერებელი იყო“, - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.
ელისო ჩაფიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის გვერდით მდგომ ადამიანებს შორის ვერ ხედავს მისთვის მიუღებელ პიროვნებებს და თუ ასეთებს აღმოაჩენს, ამის შესახებ ღიად განაცხადებს.
კომენტარი