სილამაზის კონკურსში გამარჯვებული კოკაინით ვაჭრობისთვის დააკავეს
არგენტინაში სილამაზის კონკურსის ყოფილ გამარჯვებულს, ენჯი სანსელმენტე ვალენსიას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას ბრალდებად კოკაინის კონტრაბანდა წაუყენეს. წარმოშობით კოლუმბიელ ენჯის, რომელმაც არგენტინაში პოპულარულ კონკურსში „მის ყავა“ გაიმარჯვა, მედიამ უკვე შეარქვა „ნარკოდედოფალი“.
ვალენსია იმისთვის გაასამართლეს, რომ თავის მეგობარ ნარკობარონთან ერთად მექსიკიდან ევროპაში ნარკოტიკის არალეგალური გადატანით იყო დაკავებული. სილამაზის დედოფლის მეგობარი ნარკობარონიც ზუსტად სამი წლით გაისტუმრეს ციხეში. გამოძიების ვერსიით, ვალენსია მეგობარს იმ მოდელების მოძებნაში ეხმარებოდა, რომლებიც კოკაინის ევროპაში გადატანას დათანხმდებოდნენ.
სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას 31 წლის ვალენსიამ ყველა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ არგენტინაში მისი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ხოეს გუალკოზე (მასთან ერთად გასამართლებული ნარკობარონი) დაქორწინება იყო. ვალენსიას ჩვენების ეს ნაწილი გუალკომაც დაადასტურა, თუმცა, სასამართლომ ჩათვალა, რომ ორივე ტყუოდა.
ვცალენსია ერთ დროს არგენტინაში საკმაოდ პოპულარული მოდელი იყო, რომელიც ქალის საცვლებს უწევდა რეკლამირებას. 2000 წელს კი კოლუმბიაში დაბადებულმა მოდელმა გაიმარჯვა ადგილობრივ კონკურსში „ყავის დედოფალი“, რის შემდეგაც კოლუმბიიდან არგენტინაში გადაბარგდა. სწორედ იქ გაიცნო მან ნარკობარონი გუალკო, რომელსაც მეტსახელად „ურჩხულს“ უწოდებდნენ.
კომენტარი