საქართველოს რკინიგზის მატარებლებში ბიბლიოთეკები მოეწყობა.
საქართველოს რკინიგზის მატარებლებში ბიბლიოთეკები მოეწყობა. მატარებლით სწრაფი და კომფორტული მგზავრობა კიდევ უფრო სასიამოვნო გახდება, რადგან მგზავრებს ექნებათ საშუალება მათთვის საინტერესო წიგნები წაიკითხონ.
მატარებლის ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შეგროვება მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო; ქუთაისი, ბათუმი, ოზურგეთი, ეს ის რკინიგზის სადგურებია, სადაც მოხალისეებმა, ავტორებმა და გამომცემლობებმა მატარებლის ბიბლიოთეკისთვის წიგნები მიიტანეს.
პროექტში აქტიურად ჩაერთო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც ბიბლიოთეკებს მოამარაგებს და მგზავრებს შესთავაზებს სხვადასხვა სახის ლიტერატურას. შეიქმნება ელექტრონული ბაზა და საძიებო სისტემა, რომლის საშუალებით მგზავრი ადვილად აირჩევს სასურველ წიგნს მგზავრობისას.
"ჩვენ გვსურს, მგზავრობა კიდევ უფრო საინტერესო და სასიამოვნო გავხადოთ, ასევე გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ წიგნების კითხვის პოპულარიზაციის საქმეში, ბიბლიოთეკები გათვლილი იქნება სხვადასხვა გემოვნების და ასაკის მკითხველზე,"- აცხადებს სს „საქართველოს რკინიგზი“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია.
საქართველოს რკინიგზა ბევრ სიახლეს და სიურპრიზს მომავალშიც გპირდებათ და გისურვებთ ბედნიერ და სასიამოვნო მგზავრობას.
კომენტარი