არის თუ არა ბირთვული ომის საშიშროება - ნახეთ, რას ამბობს აშშ-ს პრეზიდენტი
ამერიკელებს ბირთვული ომის შიში არ უნდა ჰქონდეთ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. ჟურნალისტის შეკითხვაზე უნდა ჰქონდეს თუ არა აშშ-ის მოსახლეობას ბირთვული ომის შიში, ბაიდენმა უპასუხა - „არა“. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ბაიდენმა ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, რომ 26 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ბირთვული ძალების მზადყოფნის დონე გაზარდა. თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ ამ თემის კომენტირებისას განაცხადა, რომ აშშ საკუთრი ბირთვული ძალების მზადყოფნის დონის გაზრდას არ აპირებს. „ჩვენ ვიცით პუტინის ამ განკარგულების შესახებ და ამ ეტაპზე ჩვენი ბირთვული ძალების მზადყოფნის გაზრდას არ ვგეგმავთ“, - განაცხადა ფსაკიმ. ფსაკიმ, ასევე, განაცხადა, რომ აშშ და ნატოს 30 ქვეყანა რუსეთთან შეიარაღებულ კონფლიქტს არ აპირებს. „მსგავსი პროვოკაციული რიტორიკა ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით ძალზე სახიფათოა და აუცილებელია მასზე უარის თქმა, ჩვენ სწორედ ასე ვმოქმედებთ“, - განაცხადა ჯენ ფსაკიმ. ბაიდენმა ამ საკითხზე 1-ელ მარტს ნატოს ქვეყნების ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა. საუბარში ნატოს და ევროკავშირის მაღალჩინოსნებმაც მიიღეს მონაწილეობა. ამჟამად დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ მოსკოვს უპრეცედენტო ფინანსური და ეკონომიკური სანქციები დაუწესეს. აშშ-ის მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს რუსეთის ცენტრალურ ბანკთან ნებისმიერი სახის ოპერაციები აეკრძალათ.
კომენტარი