ივანიშვილის ოცნება, ეხილა „მე-9 არხზე“ „რუსთავი-2“-ის წამყვანი ჟურნალისტები, აუხდენელი დარჩა
ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიამ "მეცხრე არხმა" ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ გადაიბირა. როცა ირაკლი ტრიპოლსკი ივანიშვილის ტელევიზიის გენერალურ დირექტორად დაინიშნა, მაშინ მისთვის მიცემულ დავალებებს შორის ერთ-ერთი მთავარი დავალება იყო, რომ მას დიდი ანაზღაურების შეპირების სანაცვლოდ, უნდა მოეხერხებინა "რუსთავი2"-ის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების გადაყვანა "მეცხრე არხზე". ირაკლი ტრიპოლსკიმ ეს ვერ შეძლო. შესაძლოა, სწორედ ესეც გახდა მისი თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი.
რაც შეეხება ახალდანიშნულ გენერალურ დირექტორს კახა ბექაურს, ის ამ თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე დღიდან შეეცადა "რუსთავი2"-ის ჟურნალისტებთან დაკავშირებას, თუმცა, მისი ყოველივე ცდა ამ მიმართებით, ისევე უშედეგოდ დასრულდა, როგორც ეს ირაკლი ტრიპოლსკის შემთხვევაში მოხდა.
კახა ბექაურმა ერთ ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ თითქოს ირაკლი ჩიქოვანმა შეუშალა მას ამაში ხელი, რომელმაც თათბირი ჩაატარა და ახალი ხელშეკრულებები დაუდო თანამშრომლებს. "რუსთავი2"-ის ჟურნალისტები კახა ბექაურის ამ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ტელეკომპანიაში მუშაობით კმაყოფილები არიან და თავად არ სურთ სადმე სხვაგან გადასვლა.
რაც შეეხება ტელეკომპანია "იმედს", იქიდან "მეცხრე არხზე" სამუშაოდ გადავიდნენ მანანა ბერიკაშვილი, გოგი ახალკაცი, იასე ცინცაძე, თამთა სანიკიძე და სხვები (თუმცა, გოგი ახალკაცი და იასე ცინცაძე "იმედიდან" ბევრად ადრე წავიდნენ, ვიდრე მე-9 არხი გაიხსნებოდა, - "დრონი.ჯი").
"ჯეონიუსის" ინფორმაციით. ბიძინა ივანიშვილის მთავარი დაინტერესება, რომ წამყვანი ტელეარხის ჟურნალისტები გამხდარიყვნენ მისი ტელევიზიის თანამშრომლები, ვერც კახა ბექაურმა შეუსრულა.
კომენტარი