რატომ უნდა ვერიდოთ ღია დახლებზე ყველის შეძენას?
ყველი საქართველოში კვების კულტურისა და ტრადიციის განუყოფელი ნაწილია. ქართველებს მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ და ძალიან ინტენსიურადაც მოიხმარენ. ყველის მიმართ გამორჩეულ სიყვარულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში ყველის სახეობათა დიდი მრავალფეროვნებაა. ქართული ყველის რუკაზე 60-მდე სახეობის ყველია. ყველის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებისა და სიყვარულიდან გამომდინარე, ბაზარზე მისი მრავალფეროვანი არჩევანია. თუმცა წარმოების ხანგრძლივი ტრადიციისა და ინტენსიური მოხმარების მიუხედავად, აქტუალურია ფალსიფიკაციის პრობლემა და მომხმარებელს ყველის შეძენისას დიდი ყურადღების გამოჩენა მართებს. ამ საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ყველის წარმოების სტანდარტი დეტალურად შეგვესწავლა და მკითხველიც გაგვერკვია ამ საკითხში. 21-ე საუკუნეში, როდესაც ტექნოლოგიური თუ სამეწარმეო საქმიანობა განვითარების განსაკუთრებით მაღალ დონეზეა, სამწუხაროდ, კვლავ იწარმოება არაკონტროლირებადი ხარისხის პროდუქტი, რომელიც მომხმარებლების ჯანმრთელობას პრობლემებს უქმნის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსგავსი შემთხვევები სხვადასხვა ქვეყანაში ხდება, თუმცა ის საქართველოში განსაკუთრებულად აქტუალური და სრულიად მოუგვარებელი საკითხია. ზოგადად, ოჯახში დამზადებული ყველი ბევრ განვითარებულ ქვეყანაში პოპულარული პროდუქტია, თუმცა იქ ხარისხის საკითხი არ დგას. ევროპის ქვეყნებში წარმოების მაღალი სტანდარტი მოქმედებს. მყიდველს ეჭვი არ ეპარება, რომ ყველი შეიძლება ფალსიფიცირებული იყოს. იგი ყველის შერჩევის დროს ითვალისწინებს საკითხებს, თუ რომელ ბალახს ჭამს პირუტყვი ფერმაში, ეკოლოგიურად რამდენად სუფთა გარემოში მდებარეობს ფერმა, დროის რა პერიოდს ატარებს თავისუფალ ბალახობაში, გამოიყენება თუ არა ანტიბიოტიკები მათი მოვლის პროცესში და ასე შემდეგ. საქართველოში, რომელიც განვითარებადი და ეკონომიკურად დაბალშემოსავლიანი ქვეყანაა, მომხმარებლის ცნობიერება არ არის იმ დონეზე განვითარებული, რომ ასეთ საკითხებზე ყურადღება გაამახვილოს. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ მიიღოს სუფთა პროდუქტი, რომლის წარმოების დროსაც სტანდარტები მაქსიმალურად დაცულია. საქართველოში დღეს ყველი იყიდება, ფაქტობრივად, ყველგან, მათ შორის, ბაზრებში, ქუჩებში გარე მოვაჭრეებთან, უბნის პატარა მაღაზიებში, სოფლებში პირდაპირ სახლიდან და ქსელურ მარკეტებში. გაყიდვის ობიექტიდან გამომდინარე განსხვავდება ყველის ხარისხი და წარმოების სტანდარტი. მიუხედავად იმისა, რომ არავინ აკონტროლებს, თუ როგორ იწარმოება და როგორ ინახება ყველი, რომელიც ღია სივრცეებში დახლებზე ან პირდაპირ სახლებიდან იყიდება, მას მაინც უამრავი მომხმარებელი ჰყავს. ამ დროს მომხმარებლის არჩევანს რამდენიმე საკითხი განაპირობებს. ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და მომხმარებლის მსყიდველუნარიანობიდან გამომდინარე, ის ითვალისწინებს ფასს და „თვალს ხუჭავს“ წარმოების დროს არსებულ დარღვევებზე. ამ კატეგორიის მომხმარებლების დიდ ნაწილს ჰყავს თავისი „სანდო“ ადამიანი, რომლისგანაც რეგულარულად ყიდულობს ყველს მისაღებ ფასად, უმეტესად ბაზრებში. მიუხედავად იმისა, რომ შეძენილი პროდუქტი არ არის ეტიკეტირებული, არ იცის, რა პირობებშია დამზადებული და როგორი რძით, შესაბამისად, ის გაურკვეველი ხარისხისაა, მაინც ყიდულობს, რადგან ქარხნულ, ხარისხიან ყველთან შედარებით ოჯახში დამზადებული უფრო ბიუჯეტური პროდუქტია.
კომენტარი