ინსტრუქცია სექსის შესახებ ქვეყნიდან, სადაც სექსი არ იყო...
„ჩვენთან, სსრკ-ში, სექსი არ არის!“ - ალბათ ყველას გახსოვთ ან გაგიგიათ ეს ფრაზა, რომელიც ერთ-ერთმა საბჭოთა ახალგაზრდამ „პერესტროიკის“ რიჟრაჟზე, რუსეთსა და აშშ-ის შორის მოწყობილი ტელეხიდის დროს თქვა. თუ არ გინახავთ, გაგონილი გექნებათ, რა მხიარულება მოჰყვა ამ განცხადებას ოკეანისგაღმელებისგან, რომლებიც ჯარ დააბნია ამ განცხადებამ, მერე კი სიცილ-კისკისის ხასიათზეც დააყენა.
არადა, რა თქმა უნდა, გოგონას ის უნდოდა ეთქვა, რომ სსრკ-ში ისეთი სექსი არ არის, რასაც თქვენ ეძახით სექსსო, ანუ ის არ ხდება, რაც თქვენთან ხდებოდა და ხდებაო, - დაახლოებით ასე ჟღერდა მისი ნათქვამი.
ახლა კი იმ საინტერესო ინსტრუქციების შესახებ, რომელიც გაიცემოდა და ქვეყნდებოდა ქვეყანაში, სადაც „არ იყო“ სექსი.
„პროლეტარიატის სექსუალური ქცევის კოდექსი“ 1924 წელს გამოცემულ ბროშურაში „რევოლუცია და ახალგაზრდობა“ იყო გამოქვეყნებული. პროლეტარებისთვის აქ სექსუალური ცხოვრების 12 ოქროს წესი იყო მითითებული, რომლებსაც უცვლელად გთავაზობთ:
1. პროლეტარიატს შორის სქესობრივი ცხოვრება ადრეულ ასაკში არ უნდა დაიწყოს.
2. აუცილებელია ქორწინებამდე სქესობრივი მოთხოვნილებების შეკავება. ქორწინება კი სოციალური და ბიოლოგიურ მომწიფების პერიოდში, 20-25 წლის ასაკშია დასაშვები.
3. სქესობრივი კავშირი მხოლოდ სიყვარულის ობიექტის მიმართ მრავალმხრივი სიმპათიებისა და მიჩვევის დასკვნითი ნაწილია.
4. სასიყვარულო აქტი მოცემულ მომენტში წყვილს შორის არსებული სიღრმისეული და რთული განცდების დაბოლოებაა.
5. სქესობრივი აქტი ხშირად არ უნდა მეორდებოდეს.
6. სქესობრივი ობიექტის ხშირი ცვლა დაუშვებელია. ამ მხრივ, რაც შეიძლება ნაკლები მრავალფეროვნებაა საჭირო.
7. სიყვარული უნდა იყოს მონოგამიური.
8. ყოველი სქესობრივი აქტისას გახსოვდეთ, რომ შეიძლება ბავშვი გაგიჩნდეთ – საერთოდ, ამ დროს იფიქრეთ შთამომავლობაზე.
9. სქესობრივი ობიექტის შერჩევა კლასობრივი რევოლუციის თანახმად, პროლეტარისთვის დამახასიათებელი მიზანდასახულებით უნდა მოხდეს.
10. სასიყვარულო ურთიერთობაში არ უნდა იქნას გამოყენებული ფლირტი, თავის მოწონება, კეკლუცობა და სქესობრივი მოხიბვლის სხვა ხერხები.
11. დაუშვებელია ეჭვიანობა.
12. კლასს შეუძლია ჩაერიოს თავისი წევრების სქესობრივ ცხოვრებაში. რევოლუციის ინტერესების სასარგებლოდ, ყველაფერი სქესობრივი კლასობრივს უნდა დაემორჩილოს. ეს უკანასკნელი მას ხელს არაფერში შეუშლის, პირიქით, ყოველმხრივ დაეხმარება.
პროლეტარული საზოგადოების ლიდერებს ცოლ-ქმრის ურთიერთობის დეტალებიც გათვლილი ჰქონდათ. 60-იანი წლების ბოლოს ჟურნალი “დომოვოდსტვო” ქალს სამსახურიდან დაბრუნებული მეუღლის დახვედრის წესებს კარნახობდა:
“გახსოვდეთ, რომ ქმრის სამსახურიდან დაბრუნებისთვის ყოველდღე უნდა მოემზადოთ. ბავშვებიც მოამზადეთ – დაბანეთ, დავარცხნეთ და ლამაზად ჩააცვით. თქვენც მოწესრიგდით, სუფთა წინსაფარი გაიკეთეთ. სილამაზისთვის კარგი იქნება თმაზე ბაფთა გაიკეთოთ. ახალმოსულ ქმარს ლაპარაკს ნუ დაუწყებთ, გაიხსენეთ როგორ იღლება და ყოველდღიურად რამდენი რამის კეთება უწევს თქვენს გამო. ჩუმად ავახშმეთ, შემდეგ საშუალება მიეცით გაზეთი წაიკითხოს და მხოლოდ ამის შემდეგ დაელაპარაკეთ”.
იგივე გამოცემა რჩევებს მამაკაცებსაც სთავაზობდა:
“სქესობრივი აქტის შემდეგ მეუღლეს სააბაზანოში გასვლის საშუალება მიეცით, მაგრამ უკან არ გაჰყვეთ. აცადეთ, განმარტოვდეს, შეიძლება ტირილი უნდა”.
კომენტარი