აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ ჩასაძირად განწირულმა ტუვალუმ აღიარა
რუსული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ცნობას, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა კიდევ ერთმა სახელმწიფომ - ტუვალუმ აღიარა. „ლენტა რუ“-მ ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ, თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა. სამინისტროს ცნობით, შესაბამის დოკუმენტებს ხელი სოხუმში ორი მხარის პრემიერ-მინისტრებმა - სერგეი შამბამ და ვილი ტელავიმ მოაწერეს.
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ტუვალუს დელეგაცია ცპეციალურად ჩავიდა აფხაზეთში, რათა დოკუმენტისთვის ხელი მოეწერა და აფხაზეთთან კავშირები დაემყარებინა.
„ინტერფაქსი“აცხადებს, რომ აღიარების შესახებ დოკუმენტებს ხელი ჯერ კიდევ 18 სექტემბერს მოეწერა, თუმცა, ამის თაობაზე აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელებმა განცხადება მხოლოდ დღეს გაავრცელეს.
ტუვალუ პოლინეზიის რამდენიმე კუნძულზეა განთავსებული. ის ბრიტანეთის ყოფილი კოლონიაა, რომელმაც დამოუკიდებლობა 1978 წელს მიიღო. ქვეყნის მოსახლეობა, 2011 წლის ივლისის მონაცემებით, 10 ათას კაცს ითვლის.
სხვათა შორის, იმავე „ლენტა.რუ“-ს მოჰყავს სპეციალისტების მოსაზრება, რომ გლობალური დათბობისა და ოკეანის დონის მატების ტენდენციიდან გამომდინარე, ტუვალუ იმ კუნძულებს შორისაა, რომლებიც მალე ჩაიძირებიან.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე განცხადება აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ გააკეთეს რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ. ამ სახელმწიფოებს შორის იყო ვანუატუც, რომელმაც თავდაპირველად აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, თუმცა, მალევე გადაწყვეტილება შეცვალა და აღიარება უკან წაიღო.
კომენტარი