“Dinamo 4 ever! - ოთხი გოლი გვინდა, ბებო!” - რეპორტაჟი თბილისის ქუჩებიდან
2004-2005 წლების სეზონის შემდეგ თბილისი დინამოს დღეს კიდევ ერთხელ მიეცემა შანსი, “ბერძნული ბარიერი” გადალახოს და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდეს, რაც, თავისთავად ცხადია, დიდი საფეხბურთო მოვლენა იქნება.
დინამოელებს აქვთ ყველაფერი, რაც კი შეიძლება ინატროს მებრძოლმა გუნდმა ასეთი გადამწყვეტი თამაშის წინ: სტუმრად გაშვებული მოლოდ ერთი ბურთი, საკუთარი კედლების ფაქტორი და საბრძოლო შემადგენლობა. ამ მხრივ შედარებით დაზარალებულად “აეკი” გამოიყურება: როგორც ცნობილი გახდა, დღევანელ თამაშში მას რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება.
მაგრამ ყველა ზემოთჩამოთვლილი ფაქტორი უფასურდება, თუ არ იქნება მთავარი: გულშემატკივართა სიმრავლე და მათი გამამხნევებელი ყიჟინა - რაც ასე ძალიან აკლია და ენატრება ქართულ ფეხბურთს. დინამოელთა გამოცდილი მწვრთნელი, ალექს გარსია, რომელმაც კარგად იცის, რამდენს ნიშნავს გულშემატკივართა მხარდაჭერა, სწორედ ამ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას და გულშემატკივრებს ჯერ თამაშზე დასწრებისკენ, მერე კი - “დინამოს” აქტიური მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
სავარაუდოდ, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე დღეს გულშემატკივართა ნაკლებობა არ იქნება. არც ისაა შემთხვევითი, რომ დღევანდელმა საფეხბურთო მატჩმა თითქმის ყველა სხვა მოვლენა საქართველოში უკვე დაჩრდილა: როგორც ეს წარსულში დარჩენილ ტკბილ დროებაში ხდებოდა ხოლმე (ოღონდ, მხოლოდ ფეხბურთთან მიმართებაში), ქუჩებში, ბაღებსა და სკვერებში, საზოგადოებრივ ტრანსპოტრში, ანუ, თითქმის ყველგან დღეს იმაზე მსჯელობენ და ბჭობენ, რას იზამს თბილისის “დინამო”.
“დრონი.ჯი”-მ დღეს მუშტაედის ბაღშიც შეიარა და კმაყოფილი დარჩა იმით, რომ ფეხბურთის ახალგაზრდა თუ ძველი თაობის ქომაგები ისევ ისე იყვნენ შეკრებილები, როგორც ადრე - “დინამოს” გადამწყვეტი თამაშების წინ. ახალ თაობას თავშეყრის ადგილში “კორექტივი” შეუტანია: ისინი ღია ამფითეატრთან არიან შეკრებილნი და წინა თამაშებს, ძირითადად, მობილურზე ატვირთული ვიდეოების მიხედვით განიხილავენ. “აი, აქ ასე უნდა გადაეწოდებინა და უკეთესი იქნებოდა”; “აუ, ბიჭო, ეს ნაღდად პენალი იყო” - ასეთ გადაძახილებს მათ შორის დღეს ბევრჯერ მოისმენთ - თუკი შეივლით, რა თქმა უნდა...
საშუალო და საშუალო ასაკს გადაცილებული გულშემატკივრები, ტრადიციულად, ბაღის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს არიან შეკედლებულები. ზოგიერთი ჭადრაკს თამაშობს, ზოგიერთი გაზეთს ჩაჰკირკიტებს, ზოგიერთი კი ტოტალიზატორის ცხრილს ჩასცქერის, რაღაცას ანგარიშობს და ტუჩებს აცმაცუნებს. ზოგი დროდადრო თავს სწევს და ბაღს თვალს ავლებს. “კმაყოფილი ვარ, ბაბუ, ამ ახალგაზრდებს რომ ვხედავ”, - ამბობს ერთი მოხუცი გულშემატკივარი, - “დღეს ჩემმა შვილმა ფული მომცა, მამა, ოთხი ბილეთი იყიდეო. მანამდე მხოლოდ მე დავდიოდი, დღეს კი ცოლთან და შვილებთან ერთად ჩემი შვილიც აპირებს მოსვლას. მიხარია, აბა რა - მთელი ახალგაზრდობა ამ ბაღში მაქვს გატარებული ასეთი მნიშვნელოვანი მატჩების მოლოდინში. დღეს ჩვენი ბიჭები 2:0 მოიგებენ, აგერ ნახავ..”, - ამბობს ღიმილით და ულვაშებში ეცინება.
მას გვერდით მდგარი მოხუციც ჰყვება: “შვილო, ყველას უთხარი, რომ დღეს სტადიონზე მოვიდეს. თუ ფეხბურთი არ აინტერესებს, “სემიჩკა” აკნატუნოს და აბობოქრებულ სტადიონს უყუროს, სულ ნუ შეხედავს მოედანს, ოღონდ, მოვიდეს”, - ამბობს სიცილით.
ახალგაზრდები მაინცდამაინც დიდი კომუნიკაბელურობით არ გამოირჩევიან. “ველოდებით თამაშის დაწყებას. უნდა მოვიგოთ, რა...” - ამბობს ერთი და ისევ მობილურს უბრუნდება.
გულშემატკივრები სტადიონთანაც არიან შეკრებილნი. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის დაწყებამდე თითქმის შვიდი საათია დარჩენილი, ისინი მაინც ნერვიულ ბოლთას სცემენ და ხშირად ივლებენ ხელს ჯიბეზე - ალბათ, ბილეთს თუ ამოწმებენ.
ახალგაზრდები, რომლებმაც არ იციან, რა არის ბილეთის დეფიციტი და რომლებსაც მასში ორმაგი, სამმაგი და მეტმაგი თანხა არასდროს გადაუხდიათ, უფრო მშვიდად არიან. “ავიღე ბილეთები. დასავლეთია, კი. რაღა მინდა იქ, გამოდი და ცოტა გავიაროთ, ლიკას დაურეკე?” - ხმამაღლა საუბრობს ერთი მობილურზე.
“ნუ დამახარჯინებ ახლა მე ზედმეტს, გამოდი და თვითონ აიღე მერე, არის ბილეთები, კაცო!”, - ასევე “მობილურად” ცხარობს მეორე - როგორც ჩანს, ვიღაც მაინც გამოერია, ვისაც უბილეთოდ დარჩენის ეშინია.
ბილეთების გამყიდველი ქალი სტადიონის ბოძში “შეკეთებულ” სალაროში მოწყენილი ზის. ბილეთების გაყიდვის ინტენსივობით ვინტერესდები. “იყიდება, რა...” - ამბობს უხალისოდ.
ზემოთ, გადასასვლელი ხიდის მიმართულებით მიმავალს თვალში მხვდება “დინამოს” მაისურებში გამოწყობილი ბიჭების ჯგუფი: სპეციალური ბალონები მოუმარჯვებიათ, კედლებს მისდგომიან და ხატავენ: ხან დინამოს ემბლემას, ხან აწერენ; “წინ, დინამო!”. ჯგუფს ქვეითი პატრული უახლოვდება. ბიჭები რაღაცას უხსნიან ხელებით. პატრულს შეჭმუხნული წარბები ეხსნება, ეღიმება და იქაურობას სცილდება.
სამაგიეროდ, იქვე ჩავლილი მოხუცი ქალი ცხარობს და ბიჭებს ეჩხუბება: “რას ჰგავს ეს? სად გაიზარდეთ?”. “დღეს დიდი დღეა, ბებო! ხო მოიგებს “დინამო?” - სიცილით ეუბნება ერთი, მეორე კი ახლოს მიდის და ბებოს ინგლისურად, დამარცვლით ეუბნება: “Dinamo forever!” - თანაც, მოხუცს ოთხ თითს უჩვენებს და თავისებურად “უთარგმნის”: “4 ever, ანუ, ოთხი გოლი, ბებო! ხომ გავიტანთ?” - ბებოს ეღიმება, მაგრამ არ იმჩნევს, თავს დანანებით აქნევს და გზას აგრძელებს, თან, დროდადრო უკან იხედება.
ამასობაში კი ის ბიჭი, ბებოს რომ ესაუბრებოდა, ბალონს კარგად აჯანჯღარებს და კედელზე კიდევ ერთი წარწერა გამოჰყავს: “Dinamo 4 ever!”, მერე კი გვერდით მდგარს მხარზე უტყაპუნებს ხელს: “ოთხი გოლი გვინდა, ოთხი!”...
მოკლედ, დღეს, ამდენწლიანი ინტერვალის შემდეგ, დედაქალაქში იგრძნობა, რომ ის ფეხბურთის მოლოდინით სუნთქავს. შეიძლება, ცოტა ხმამაღლაა ნათქვამი, მაგრამ ბევრ ადგილას ნამდვილად იგრძნობა. მანამდე ასე მხოლოდ ნაკრებთან მიმართებაში ხდებოდა.
ასე რომ, კაცმა რომ თქვას, რატომაც არა: Dinamo 4 ever!
კომენტარი