სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინოვაციები და ციფრული ეკონომიკა - ტექნოპარკი ბიზნეს ფორუმს უმასპინძლებს

ინოვაციები და ციფრული ეკონომიკა - აღნიშნული სახელწოდებით ბიზნეს ფორუმი 8 აპრილს საქართველოს ტექნოლოგიურ პარკში გაიმართება. ინოვატორთა ჰაბში შეკრებილ საზოგადოებას ამჯერად ბოლო დროის საინტერესო და წარმატებით განხორციელებულ პროექტებს ქართული კომპანიები თავად წარუდგენენ.

ღონისძიება მსოფლიო ბანკის, კომპანია Business Georgia-სა და GITA-ს ერთობლივი ინიციატივით ტარდება. ფორუმის თემატიკა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ინოვაციების ხელშეწყობა და მხარდაჭერა ბიზნესში, ამ მხრივ მიღწეული წარმატებები და გადასადგმელი ნაბიჯები. აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ინოვაციებისა და განვითარების ფონდი, ახალგაზრდა ინოვატორთა ცენტრი და ამ სფეროში მომუშავე სხვა ორგანიზაციები დააფიქსირებენ.

მსოფლიო ბანკის ცენტრალური ფილიალიდან სპეციალურად მოწვეული სტუმარი, ბ-ნი უვე დეიჩმანი აუდიტორიას 2016 წლისათვის მსოფლიოს განვითარების ანგარიშს წარუდგენს, რომელიც ინოვაციებსა და განვითარებაზე ციფრული ტექნოლოგიების გავლენის შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებულ ანალიზს ემყარება.

ღონისძიების მეორე ნაწილში სხვადასხვა პროფილის კომპანიებიდან მოწვეული სპიკერები მათ მიერ განხორციელებული ინოვაციური პროექტებისა და ინიციატივების შესახებ პრეზენტაციებს გამართავენ. გამომსვლელებს შორის იქნებიან: თიბისი ბანკი, ვისოლ ჯგუფი, ჯეოსელი, ვიარექსი, ეისითი, სტარტ-აპ ნესთი და სხვა.

ბიზნეს ფორუმს კომერციული, სახელმწიფო და დიპლომატიური სექტორების 200-მდე წარმომადგენელი დაესწრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100