სკანდალური სარჩელი: 17 წლის ჯასტინ ბიბერისგან ალიმენტს ითხოვენ
აშშ-ის კალიფორნიის შტატის სან-დიეგოს უმაღლეს სასამართლოში სკანდალური სარჩელი შევიდა: ვინმე მერაი იიტერი ამტკიცებს, რომ 17 წლის პოპ-ვარსკვლავი და მილიონობით თინეიჯერის კუმირი ჯასტინ ბიბერი მისი შვილის მამაა, რომელიც ივლისში დაიბადა.
მოსარჩელე სასამართლოსგან ითხოვს, ექსპერტიზა ჩაატაროს, რომელიც ჯასტინ ბიბერის მამობას დაამტკიცებს, ამის შემდეგ კი მომღერალს ალიმენტის გადახდა დააკისროს. თვითონ ჯასტინი სარჩელში დაფიქსირებულ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ეს არის მისი ფულის ჩაჯიბვის მცდელობა „მიუღებელი და დემონსტრაციული მეთოდებით“.
„ჩვენ გავეცანით სარჩელის შინაარსს და ძალიან სამწუხაროა, რომ ვიღაცა ცდილობს, ფაქტების ფაბრიკაცია ასეთი ავი განზრახვით მოახდინოს“, - განაცხადა ჯასტინ ბიბერის წარმომადგენელმა პრესასთან საუბრისას. მისივე თქმით, „გამოყენებული იქნება ყველა კანონიერი ფორმა, რათა ჯასტინ ბიბერი მსგავსი თავდასხმებისგან დაცული იყოს“.
20 წლის მერაი იიტერის მტკიცებით, მას ჯასტინ ბიბერთან სექსი ლოს-ანჟელესში 2010 წელს, „სტეიპლს-სენტერის“ კომპლექსში ჩატარებული კონცერტის შემდეგ ჰქონდა. საინტერესო ის გახლავთ, რომ სექსუალური კონტაქტის დროს გოგონა 19, ხოლო ჯასტინ ბიბერი 16 წლის გახლდათ. კალიფორნიის კანონების მიხედვით, ჯასტინი ამ ასაკის მიხედვით არასრულწლოვნად ითვლება, მასზე 3 წლით უფროსი გოგონა კი, ფაქტობრივად, მისი შემცდენელი გამოდის.
შესაძლებელია, ასეთ შემთხვევაში, პირიქით, იიტერი დაისაჯოს - მსგავსი კანონდარღვევა კალიფორნიაში 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ლოს-ანჟელესის პოლიციის უფროსის განცხადებით, იიტერს არ მიუმართავს პოლიციისთვის მომღერლის შესახებ ბრალდებით, მაგრამ მისი სარჩელის საფუძველზე, პოლიცია უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ჩაატაროს გამოძიება და დაადგინოს, ხომ არ მომხდარა 2010 წელს 16 წლის ბიბერზე სექსუალური ძალადობა 19 წლის იიტერის მხრიდან.
იიტერი დარწმუნებულია, რომ ჯასტინ ბიბერი მისი შვილის მამაა, რადგან, მისივე თქმით, ბავშვის დაბადებამდე სხვა მამაკაცთან სექსუალური კავშირი არ ჰქონია.
მოსარჩელის ადვოკატი ამტკიცებს, რომ იიტერი არ არის დაინტერესებული მომღერლის ფულით და სკანდალის გზით არ ცდილობს მის მითვისებას. „ასეთ შემთხვევაში მერაი პრესას მოუყვებოდა ამ კავშირის დეტალებს და მათგან ექსკლუზივისთვის თანხას მოითხოვდა, მაგრამ ეს არ მომხდარა“, - ამბობს იგი.
კომენტარი