ფიზიკური დაპირისპირება ზუგდიდში - გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა პოლიცია გამოიძახეს
დაძაბული ვითარება ზუგდიდში - გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა პოლიცია გამოიძახეს. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა ერთ-ერთ მანქანაში ამომრჩეველთა სამაგიდო სიები შენიშნეს და პოლიციას მისი ამოღება მოსთხოვეს.
პოლიციის მოსვლის შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ანი წითლიძეს „ქართული ოცნების“ კოორდინატორმა ხელი ჰკრა. ანი წითლიძე პოლიციას მისი დაკავებისკენ მოუწოდებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნინო კვიტაიშვილი ამბობს, რომ ვითარება ზუგდიდში დილიდან დაძაბულია.
„მთელი დღეა, დიდი დაძაბულობაა, თავად კომისიის თავმჯდომარე გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიულობით და კომისიის გარკვეული წევრები. გარდა ამისა, უბანზე იმყოფებოდა აგიტატორი, რომელიც თავად „ოცნების“ წარმომადგენელმა დაასახელა, როგორც აგიტატორი, მისი გაძევება მოვახერხეთ უბნიდან. არის გარკვეული ე.წ. ძველი ბიჭების მისვლა-მოსვლა და კავშირი მათი ამომრჩეველთან. ინციდენტი მდგომარეობდა იმაში, რომ კონკრეტულ მანქანაში ადამიანს ჩვენი ინფორმაციით, გააჩნდა სამაგიდო სიები, რაც იქნა გადაღებული ვიდეო მასალის სახით და შესაბამისად, ითხოვდნენ პოლიციისგან ამ მანქანიდან სიების ამოღებას“ - განაცხადა ნინო კვიტაიშვილმა.
კომენტარი