სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი ქობულიას შეფასებით, „აქსის თაუერსის“ კონცეფცია სრულ უნისონშია ქვეყნის განვითარების კონცეფციასთან

„აქსის თაუერსის“ - თბილისის ახალი ლენდმარკის, დედაქალაქის ცენტრში განთავსებული ცათამბჯენის ერთ-ერთი მიმართულება - სავაჭრო სივრცე საზეიმოდ გაიხსნა. მისი პირველი ბინადარი პოპულარული ჰიპერმარკეტი „აგროჰაბია“, რომლის ძირითადი კონცეფციაც მომხმარებლისთვის 100%-ით ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტების მიწოდებაა.

„აქსის თაუერსის“ სავაჭრო სივრცის საზეიმოდ გახსნაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, „აქსისის“, „აგროჰაბისა“ და თანაინვესტირების ფონდის წარმომადგენლებმა.

გიორგი ქობულიას განცხადებით, მსგავსი პროექტები იმის ნათელი დასტურია, რომ ვდგავართ განვითარების სწორ გზაზე. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ „აქსის თაუერსის“ კონცეფცია სრულ უნისონშია ქვეყნის განვითარების კონცეფციასთან.

კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა „აქსის თაუერსის“ სავაჭრო სივრცის ფუნქციონირების დაწყებაზე, როგორც დედაქალაქის ინფრასტრუქტურული განვითარების მორიგ კარგ მაგალითზე. „ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით დედაქალაქში „აქსის თაუერსის“ მსგავსი მასშტაბის პროექტების განხორციელებას“, – განაცხადა კალაძემ.

„აქსისის“ დირექტორის თეიმურაზ ჭოხონელიძის თქმით, „აქსის თაუერსში“ „აგროჰაბის“ გახსნით დღეს ამოქმედდა კომპლექსის 5 დეველოპერული მიმართულებიდან მხოლოდ ერთ-ერთი – სავაჭრო სივრცე. „ეს მხოლოდ დასაწყისია, დარწმუნებული ვარ, „აქსის თაუერსის“ სავაჭრო სივრცე საქართველოში მოქმედი პრაქტიკულად ყველა ბიზნესისთვის საინტერესო იქნება და სულ მცირე დროში დედაქალაქი კიდევ ერთ თანამედროვე და ყოველმხრივ კომფორტულ კომერციულ სივრცეს მიიღებს. ვულოცავ „აგროჰაბს“ „აქსის თაუერსის“ პირველ ბინადრობას და გაფართოებასა და დიდ წარმატებას ვუსურვებ მას“, – განაცხადა ჭოხონელიძემ. რაც შეეხება საკუთრივ კომპლექსის სრულად დამთავრებასა და ამოქმედებას, მისი თქმით, „აქსის თაუერსის“ ხუთივე დეველოპერული მიმართულება ეტაპობრივად ამოქმედდება 2019 წლის ბოლომდე.

„აგროჰაბის“ დამფუძნებელმა აკაკი ახვლედიანმა „აქსის თაუერსში“ „აგროჰაბის“ მეორე ფილიალის გახსნა შეაფასა, როგორც მომხმარებელთა მხრიდან დადასტურებული აღიარების შედეგად გადადგმული ნაბიჯი. „დღეს „აგროჰაბისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენ ისეთ ულტრათანამედროვე კომპლექსში, როგორიც „აქსის თაუერია“, ვხსნით ჩვენს მეორე ფილიალს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მომხმარებელს ერთგულებისა და ლოიალურობისთვის და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ფილიალიც ისეთივე მოწონებასა და აღიარებას დაიმსახურებს მათში, როგორითაც „აგროჰაბი“ სარგებლობს გახსნის პირველივე დღიდან“, – განაცხადა „აგროჰაბის“ დამფუძნებელმა აკაკი ახვლედიანმა.

„აქსის თაუერსი“ 5 დეველოპერულ მიმართულებას აერთიანებს - 5-ვარსკვლავიან სასტუმრო „პულმანს“, ბიზნესცენტრს, გასართობს, საცხოვრებელ და კომერციულ ფუნქციებს. კომპლექსში, ასევე, განთავსდება საგამოფენო და რეკრეაციული სივრცეები, რომლებიც ეტაპობრივად დაიწყებენ ფუნქციონირებას.

„აქსის თაუერსი“ მთლიანად ქართულ პროექტია და სიმბოლური და ნიშანდობლივია, რომ მის სავაჭრო ცენტრში პირველი ქართული ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტი „აგროჰაბი“ განთავსდა.

„აქსის თაუერსი“ - 37-სართულიანი ნაგებობა, დამატებით 4 მიწისქვეშა სართულით, სიმაღლეში 147 მეტრია და ყველაზე მაღალი შენობაა დედაქალაქში. იედესტალით გაერთიანებული ქვისა და მინის კოშკების ყოველი სართული 2 გრადუსით ბრუნავს ბირთვის გარშემო, რაც შენობების მოძრაობის ილუზიას ქმნის.

„აქსის თაუერსი“ 65 000 კვ.მ-ს მოიცავს, აქედან 50 000 კვ.მ კომერციულ და რეკრეაციულ სივრცეებს ეთმობა. „აქსის თაუერსი“ საკუთარი წითელი ხაზების ფარგლებში 2 500 კვ.მ-ზე კეთილმოაწყობს და განათავსებს სარეკრეაციო სივრცეებს: საფეხმავლო ნაწილს, ქუჩას კაფე-ბარებით, სკვერსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა არაერთ ადგილს.

„აქსის თაუერსი“ მთლიანად ქართული პროექტია, შექმნილი ქართველი არქიტექტორების მიერ უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით.

„აქსის თაუერსი“ თანაინვესტირების ფონდთან თანამონაწილეობით აშენდა და პროექტის მთლიანი ინვესტიცია 100 მლნ დოლარია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100