სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიშა მაჭავარიანი: მოსკოვს ცრემლების არ სჯერა. ზოგი ტირის, ზოგი იცინის, ზოგიც ხელებს იფშვნეტს

ოპოზიციამ ცოტა ხნით არჩევნები დაივიწყა და ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის გახსნის შესახებ ალაპარაკდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით ლარსის საბაჟომ ფუნქციონირება დაიწყო. ოპოზიციის აზრით, აღნიშნული სასაზღვრო პუნქტის გახსნა რისკის შემცველია, თუმცა ხელისუფლება პირიქით ფიქრობს და მიიჩნევს, რომ ამ საკითხის გამწვავება ოპოზიციას პიარისთვის სჭირდება.

"დრონი. ჯი" პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს მიშა მაჭავარიანს, აღნიშნულ საკითხზე, არჩევნებზე და უკრაინაში ვიზიტის შესახებ ესაუბრა.

"დრონი ჯი": ოპოზიცია უკვე საუბრობს, რომ ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნა საქართველოსთვის საფრთხის შემცველია, ასეა რეალურად? ამით რამდენად ისარგებლებს ეკონომიკურად თუ პოლიტიკურად საქართველო?

მიხეილ მაჭავარიანი: თავის დროზე ლარსის სასაზღვრო ფუნქტის დაკეტვა რუსეთის მხრიდან ხელოვნურად მოხდა.Eეს მიზეზი კი სარემონტო სამუშაოების დაწყება იყო. რეალურად მათი მიზანი ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვა იყო. ზუსტად შემდეგ მოხდა ეკონომიკური ბლოკადა.

- ახლა ამ მხრივ შეიცვალა სიტუაცია?

- ჩვენი მეზობელი სომხეთი დამოკიდებულია რუსეთთან იმპორტზე, ისევე, როგორც ექსპორტზე. სომხეთს რუსეთთან გარდა ენერგო-მატარებლისა, აქტიური ეკონომიკური ურთიერთობაც აქვს. ეს არის მისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო.

შარშანდელი წელი სომხეთისთვის ეკონომიკური თვალსაზრისით მძიმე იყო, რადგან იყო ეკონომიკური ვარდნა. სომხეთი ძირითადად პროდუქციას ირანიდან და საქართველოს გავლით ფოთიდან იღებს. როგორც ვიცით სომხეთს ჯერ აზერბაიჯანთან ურთიერთობა დალაგებული არ აქვს. ამიტომაც ეს საკითხი სომხეთის მხრიდან წამოიჭრა. ოპოზიცია, როცა საფრთხეზე საუბრობს გამოვეხამაურები და ვკითხავ - ვთქვათ არ გახსნილიყო ლარსის სასაზღვრო პუნქტი, ვინმეს გაუჭირდებოდა თრუსოს ხეობის დაკავება?!

რომელი უფრო ახლოა თბილისთან ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტი თუ ახალგორი? თუ ვინმეს მიზანი აქვს დაქოქოს ტანკები და წამოვიდეს ახალ ოკუპაციაზე, არ გაუჭირდებათ.

პოლიტიკაში თემის შექმნა ეს პოლიტიკოსების სტილია, მაგრამ ზოგს ეს კარგად გამოსდის, ზოგს ცუდად. კრემლმა თუ საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო, ის თრუსოს ხეობით ნამდვილად არ დაიწყებს. ჩვენ ვამბობთ, რომ თუ კოლეგებს აქვთ რაღაც შიში და წინადადებები, მოდით ვისაუბროთ და ერთად მოვძებნოთ გამოსავალი. ისე, რომ საქართველოს ინტერესები არ დაზარალდეს.

- საუბრობენ, ლარსის გახსნა იმიტომ მოხდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას უნდა რუსეთთან დიალოგის დაწყება და ამაში ამიტომაც ჩართო სარქისიანიო. ხელისუფლება განიხილავს რუსეთთან ამ ფორმით დიალოგის დაწყებას?

- ჩვენ ევროსაბჭოს სამი რეზოლუცია გვაქვს მიღებული, გარდა სხვა დოკუმენტებისა. აქ რუსეთთან ურთიერთობის წინაპირობა წერია. რუსეთთან დიალოგი შეიძლება განახლდეს იმ შემთხვევაში, როცა ის შეასრულებს თორმეტი აგვვისტოს ხელშეკრულებას. გაიყვანს ჯარებს, დააბრუნებს დევნილებს და გააუქმებს დაპყრობილი ტერიტორიების აღიარებას. ამას ჩვენ გვერდს ვერ აუვლით. რუსეთი მარგინალურ მდგომარეობაშია, ამიტომ მისი ინტერესია აჩვენოს დასავლეთს, რომ თითქოს საუბრობს საქართველოსთან. ამის ერთი მაგალითიც არსებობს. ევროსაბჭოს წინა პრეზიდენტი სთხოვდა საქართველოს დელეგაციას, რომ რუს და ქართველ დეპუტატებს შორის ურთიერთობა ჩამოყალიბებულიყო. ჩვენ იმ შემთხვევაში დავჯდებით მოლაპარაკების მაგიდასთან თუ გადაწყვეტილი იქნება სამი საკითხი. ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც კულუარულად დაელაპარაკება რუსეთს.

- იმაზეც საუბრობენ, რუსეთის მითითებით სომხეთს რომ არ ეღიარებინა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ამიტომაც საქართველოს ხელისუფლებამ გახსნა ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტიო. ანუ, ერთგვარი გაცვლა მოხდა?

- სომხეთი ამ ტერიტორიებს არავითარ შემთხვევაში არ აღიარებდა. სომხეთი აცნობიერებს, რომ მას საქართველოსთან ესაჭიროება კარგი ურთიერთობა, იგივე დამოკიდებულებაა ჩვენი მხრიდანაც. ჩვენი რეგიონი იქნება ძლიერი იმ შემთხვევაში თუ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო იქნება სტაბილური.
ეს აშინებს რუსეთს. ამიტომ ჩვენი ინტერესია მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ აღნიშნულ რეგიონებთან. ჩვენ ერთად უნდა ვეძებოთ გამოსავალი. კრემლს ეშინია, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა არ გამონახონ საერთო ენა. იმიტომ, რომ ამ რეგიონიდან რუსეთი ვარდება. რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც დაინტერესებულია ყველა სახელმწიფოს შორის კონფლიქტი იყოს. კრემლის ასეთი პოლიტიკა, იმ ხალხმა, რომელიც ტაშს უკრავს რუსეთს საქართველოში, ვერ გააცნობიერა.

- ვის გულისხმობთ და რა ინტერესის გამო უკრავენ ისინი ტაშს რუსეთს?

- ვგულისხმობ, ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერს.

- ნოღაიდელისა და ბურჯანაძის ვიზიტზე რას იტყვით ისინი ჩავიდნენ და ელაპარაკებიან რუსეთის ხელისუფლებას...…

- კრემლი ელაპარაკება მათ და არა პირიქით. რუსეთს თუ არ უნდა, რომ ადამიანს დაელაპარაკოს, არც დაელაპარაკება. როცა ჩვენ რუსეთთან მეტ-ნაკლებად ნორმალური ურთიერთობა გვქონდა, მაშინ რუსეთის პირველ პირთან მაღალი დონის შეხვედრა ძალიან ჭირდა.

რუსეთი ამას ოსტატურად ახერხებდა. იქ ყოველთვის გახვედრებდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც მარტო ამბის მიმტანნი იყვნენ პუტინთან. ამით გაგრძნობინებდნენ, რომ შენ მათთვის მთავარი არ ხარ. რეგიონში შენი ინტერესი კი არა, არამედ მათია მთავარი. ამ ეტაპზე რუსეთმა გადაწყვიტა, რომ მისთვის ურთიერთობები უნდა `გაპრავდეს~. ორმხრივი მომგებიანი თამაშია. გამოჩნდა ლიდერი, რომელიც ამბობს, რომ მე თქვენ გაღიარებთ ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ და რუსეთს კი გაუჩნდა პოლიტიკური ძალა და სურვილი ეს პროექტი განახორციელოს.

- რუსეთი, ქართველი ოპოზიციონერების ხარჯზე, რამდენად იპოვის ისეთ დასაყრდენ ძალას, რომ შემდგომში საქართველოში დესტაბილიზაციას ჰქონდეს ადგილი თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ოპოზიცია გაზაფხულზე აქციებს გეგმავს?

- მათი მიზანი დესტაბილიზაცია ნამდვილად არის. ნოღაიდელს, ასევე სხვა პოლიტიკოსებს და რუსეთს ამგვარ ურთიერთობაში თავისი ინტერესები აქვთ ჩადებული. ნოღაიდელის ინტერესია, რომ მან დაანახოს რუსეთს რამდენად გავლენენიანია ის. ჭადრაკის სასახლეში მოწყობილი ოვაციები ამის დასტურია. არიან ადამიანები, რომლებიც ამას უყურებენ და წერილებს წერენ მოსკოვში. მოსკოვს ცრემლების არ სჯერა. რას ვიზამთ ზოგი ტირის, ზოგი იცინის, ზოგიც ხელებს იფშვნეტს.
- თქვენ გჯერათ "გრეჩიხას" ცრემლების?

- მოსკოვს არ სჯერა. არიან კრემლში ადამიანები, რომლებიც ამ ტიპის სცენარებს ხლართავენ. ასეთი იყო უკრაინის სცენარი. რუსეთმა უკრაინაში თავის ჭკუით მიიღო უნიკალური შედეგი. იყო პრემიერი, რომელსაც მათთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და იყო ოპოზიციის ლიდერი იანუკოვიჩი, რომელზეც ფიქრობენ, რომ მათი გავლენის ქვეშაა. მე პირიქით ვფიქრობ. იანუკოვიჩი ხმათა პატარა განსხვავების გამო ითამაშებს პროუკრაინული პოლიტიკოსის როლს. თუ ის პრაგმატულია და ფიქრობს მომავალზე აუცილებლად უნდა მოახდინოს თავისი თავის იდენტიფიკაცია იმ რეგიონებში, სადაც მან არჩევნები წააგო. რუსეთი უკრაინაში ცდილობდა ორივე კონკურენტი ძალა სათავისოდ გამოეყენებინა, რათა უკრაინა დაესუსტებინა. ამგვარი პროექტის შექმნას ცდილობენ საქართველოშიც.

- ქართველი პოლიტიკოსების გათვლა როგორია ამ შემთხვევაში?

- ისინი ამას ღიად აცხადებენ, ხელების დამტვრევა და ამგვარი რაღაცები. ყველას თავისებური `ვორდინგი“ აქვს.

- რამდენად ჯდება საერთაშორისო ნორმებში, როცა გარკვეული პარტიები ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე ესაუბრებიან რუსეთს?

- როცა ოკუპანტს ესაუბრები ეს არის არასწორი. ბოლო ოცი წლის განმავლობაში კრემლს საქართველოსთვის, სამწუხაროდ, სიკეთე არ მოუნდომებია. ის ყოველთვის დაყავი და იბატონეს პრინციპით მოქმედებდა.

- უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან ნებისმიერი ფორმით ურთიერთობა არის კოლაბორაციონიზმი, მით უმეტეს ხელშეკრულების დადება მმართველ პარტიასთან. თუ ეს ღალატია, ხელისუფლება რატომ არ იჭერს ნოღაიდელს?

- რუსეთი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ საქართველო როგორც სახელმწიფო არ ჩამოყალიბებულიყო. ჩვენს ქვეყანს სჭირდება უსაფრთხოება, სოციალური საკითხების და უმუშევრობის გამოსწორება. ნოღაიდელი და მისი მსგავსი პოლიტიკოსები ამ შემთხვევაში მეასე ხარისხოვანია.

- საფრანგეთმა "მისტრალი" მიჰყიდა რუსეთს სამხედრო აღჭურვილობის გარეშე. მიუხედავად ამისა რუსეთის მხრიდან არსებობს თუ არა საფრთხე, რომ სამხედრო ხომალდი თავისი მიზნებისთვის გამიიყენოს?

- პრეზიდენტი სარკოზი ცოტა არაადეკვატურია. შეიძლება ენდობოდე ავადმყოფს, რომელიც ცოტა არანორმალურია, მაგრამ არ შეიძლება მას მისცე იარაღი. საფრთხე ნამდვილად არის.

- ოპოზიცია ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდება, ამიტომ ემზადებიან და გარკვეულ გეგმებსაც კი წერენ თუ როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები არჩევნების შემდგომ არეულობას ხომ არ ექნება ადგილი?

- არჩევნებში ყველას თავისის მიზანი აქვს. ჩვენი მიზანია სოციალური საკითხების, უმუშევრობის ჩვენი მოქალაქეებისთვის სასიკეთოდ გადაწყვეტა. ჩვენს ოპონენტებს სამწუხაროდ სალაპარაკო არაფერი აქვთ. მათ თავისი სცენარი აქვთ. ეს სცენარი ხშირად ჭექა-ქუხილის პუნქტებს შეიცავს. ადამიანებს, რომლებსაც პირადი ბოღმა აქვთ, ყველაფერზე მიდიან. როგორც ჩანს ეს ყოფილა ჩვენი ისტორია. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად. ამისთვის ყველა რესურსი არსებობს.

ჩვენ საარჩევნო კოდექსზე მუშაობის დროს გავაკეთეთ ყველაფერი და ოპოზიციის ინტერესები გავითვალისწინეთ. სადავო საკითხი იყო ბარიერი. მერის პირდაპირი არჩევნები არ არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან თბილისის მუნიციპალიტეტს, როგორც საქმის გამკეთებელ სფეროს, ისე ვუყურებ. ეს იყო პოლიტიკური კომპრომისი და პრეზიდენტმა ოპოზიციას შანსი მისცა. არჩევნების დროს კი ბარიერი საერთოდ არ უნდა ყოფილიყო. პირველ ადგილზე გავა ადამიანი, ე.ი. გამარჯვებულია.

ბარიერის არარსებობის შემთხვევაში ეს უკეთ მისაღწევია. ოპოზიციას ასევე მივეცით ის შანსი, რომ საარჩევნო კომისიის მდივანი იქნება ოპოზიციის მიერ დასახელებული ნებისმიერი ადამიანი. საარჩევნო სიები, რომელიც პრობლემატური იყო არჩევნებამდე სამი თვით ადრე გადავეცით ოპოზიციას და ვუთხარით, რომ ერთად აღმოგვეჩინა პრობლემები. მიუხედავად ამისა ისინი მაინც გაყალბებას გაიძახიან. ოპოზიციამ ვეღარ გაიცნობიერა, რომ სუსტები არიან.

- თქვენზე გვსმენია, რომ არჩევნების გაყალბებაში ბადალი არ გყავთ...

- ჩემზე ამგვარი ოდები ხშირად მსმენია. მაგის მაგივრად ჯობია, რომ საქმე გააკეთონ. მე, რომ პოლიტიკაში ერთი და ორი წელი ვიყო, ვინერვიულებდი და გული დამწყდებოდა. ეს არასერიოზული ბრალდებაა. ენა უძვლოა და დაე, ილაპარაკონ. ოპოზიციას ერთ რჩევას მივცემ, მუშაობა უნდა დაიწყონ არჩევნების მეორე დღეს. რომ წააგებენ და ჩვენ მოვიგებთ...

- უკრაინა-საქართველოს ურთიერთობა კითხვის ნიშნის ქვეშ ხომ არ დადგება იანუკოვიჩის პრეზიდენტობის პერიოდში?

- მე დ დათო ბაქრაძეს გახლდით უკრაინაში. ჩვენ იქ პარლამენტის თავმჯდომარეს და იანუკოვიჩის პარტიის თავმჯდომარის მოადგილეს შევხვდით. ასევე შევხვდით უკრაინის პრეზიდენტობის აწ უკვე ყოფილ კანდიდატებს და ბევრ კოლეგა დეპუტატს. ეს ადამიანები ამბობდნენ, რომ საქართველოდან წარგზავნილ დამკვირვებლებთან დაკავშირებით პრობლემები და გაუგებრობები იყო. ისინი ამას აღიარებენ. მიუხედავად ამისა ჩვენ ჩვენი ურთიერთობის ფურცელი უნდა გადავშალოთ და დავიწყოთ ახალი ფურცლიდან. ეს მათი აზრია.

ყოველკვირეული გაზეთი "დრონი.ჯი" (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100