სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მე არა მაქვს უფლება შევწყვიტო ბრძოლა“ - ცეზარ ჩოჩელის მიმართვა

მივესალმები, მცხეთისა და სრულიად საქართველოს მოსახლეობას! განსაკუთრებით მინდა მოვეფერო, მადლობა ვუთხრა მცხეთის რეგიონის მოსახლეობას, იმ ადამიანებს რომლებსაც სჯეროდათ და სჯერათ- დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველოს - ქვეყნის, რეგიონის მომავლის, მათი და მათი შვილების უკეთესი ხვალინდელი დღის. ჩვენ აგერ უკვე 25 წელიწადია, ძველ, ქართულ ტრადიციებსა და ისტორიაზე დაფუძვნებით ვცდილობთ, ავაშენოთ ახალი, ევროპული ფასეულობების, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოს - სადაც უპირველესად დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანთა ფუნდამენტალური უფლებები იქნება დაცული.

სამწუხაროა რომ დღეს 2016 წლის 2 ნოემბერს გვიწევს ფიქრი, დროის დაკარგვა იმაზე, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი უფლებები, თავისუფლება, თავისუფალი არჩევანის უფლება! იმასაც ვწუხვარ, რომ ეს შემთხვევაა შავი ლაქაა წლევანდელი არჩევნების! მცხეთის მოსახლეობამ კარგად იცის, თუ რა უმძიმეს წინასაარჩევნო პერიოდში მომიწია გავმკლავებოდი უამრავ ბინძურ ცილისწამებას, ჩემი სახელის სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან ასოცირებას, მტკნარ სიცრუეს! მე მოვდიოდი დამოუკიდებლად და სუფთა ხელებით რისიც სჯეროდა ჩემს ხალხს, ამ ხნის მანძილზე მე მათგან ვგრძნობდი- დიდ სიყვარულს, მხარდაჭრას, გვერდით დგომას. მათ საკუთარი ხმის მოცემით, მე თავიანთი მომავლის, ხვალინდელი დღის იმედი და ნდობა ჩამაბარეს, ამას ვერ დავთმობ! მათ იმედს, დაკოჟრილ ხელებსა და სევდიან თვალებს ვერ ვუღალატებ! მცხეთის რაიონის მოსახლეობას უსინდისოდ მოპარეს მათი კონსტიტუციური უფლება - გაეკეთებინათ საკუთარი არჩევანი. მასობრივი შანტაჟისა და ტერორის ფონზე ჩატარებული არჩევნების მიუხედავად საზოგადოება არ გატყდა და მაინც მხარი დამიჭირა!

მე არა მაქვს უფლება შევწყვიტო ბრძოლა და არ დავიცვა თითოეული ხმა! ამაზრზენია როცა დეპუტატობის კანდიდატი, აშკარად გრძნობს წაგების საშიშროებას და თავის ამომრჩეველს- ისედაც გაუბედურებულ, ყველას და ყველაფრის დამკარგავ, სიკვდილს გამოქცეულ, საკუთარ სამშობლოში დევნილად ქცეულ ადამიანებს- ლტოლვილთა დასახლებაში არჩევნების ღამეს , სპეც რაზმისა და ძალოვანების მობილიზაციით ოჯახებიანად ააფორიაქებს დააშანტაჟებს, დააშინებს. მე არ ვარ ის კაცი წაგებას მივსტიროდე! არჩევნების სამართლიანად ჩატარების შემთხვევაში, მე ვიქნებოდი პირველი ადამიანი- ვინც ოპონენტს- დიმიტრი ხუნდაძეს გამარჯვებას მიულოცავდა. მაგრამ სამწუხაროდ ყოველგვარი აკრძალული მეთოდებით, ბინძური ხერხებით, მან რეგიონში მოკლა იმედი, ნდობა. ხელი შეუშალა დემოკრატიული პროცესების განვითარებას. მივმართავ; ქვეყნის პირველ პირს- პრემიერ მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციური უსაფრთხოების გარანტს- ბატონ გიორგი მარგველაშვილს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარეს და ყველა მოქალაქეს ვისთვისაც დემოკრატიული ღირებულებები რამეს წარმოადგენს, არსებობს უამრავი მასალა და ფაქტი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, კანონსაწინაღმდეგო ქმედებების, ტოტალური გაყალბების და მოსყიდვის.

მოსახლეობა ითხოვს თქვენს ჩარევას- მხარდაჭერას და მათი ხმების დაცვას. გთხოვთ დაინტერესდეთ და გაეცნოთ ამ მასალებს რითიც დარწმუნდებით შედეგების არალეგიტიმურობაში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ დიმიტრი ხუნდაძემ 30 ოქტომბერს მცხეთის მოსახლეობას საკუთარი არჩევანი მოჰპარა. დავუშვათ და დღეს მე გავჩუმდი -14000 ადამიანს რას ვეუბნებით? მესამე დღეა ქუჩაში აღშფოთებული მოსახლეობა პატარ-პატარა ჯგუფებად დგას და სამართლიანად მოითხოვს საკუთარი ხმების დაცვას. ჩვენი ამომრჩევლები ფიქრობენ, მათმა ნებამ გაიმარჯვა მაგრამ ამ გამარჯვების იურიდიული გაფორმება არ მოხდა. მთელი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ადმინისტრაციული რესურსის უხეში და უკანონო გამოყენებით, დიმიტრი ხუნდაძემ მოახერხა, რომ ეს აშკარა მარცხი გამარჯვებად გაეფორმებინა ეს მოახერხა საარჩევნო კომისიების არაკანონიერი მოქმედებებით, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში ცალსახად იყვნენ ტენდენციურები და ხშირად დიმიტრი ხუნდაძის მხარეს წარმოადგენდნენ, რისი ფაქტიური და უტყუარი მტკიცებულებებიც უხვად არსებობს და რამოდენიმე მათგანი უშუალოდ სოციალურ ქსელშიც ტრიალებს. უსამართლობის ზეიმი იყო ბოლოს შეგნებულად შემონახული ქსნის უბანი, სადაც სპეცრაზმით ალყაშემორტყმულ უბანში დიმიტრი ხუნდაძემ სასურველი შედეგი პირდაპირ შავით თეთრზე ჩააწერინა ოქმში. განსაკუთრებით ამ უბანზე ხმების დათვლა ყოველგვარი პროცედურის დარღვევით განხორციელდა და მოხდა ხმების მოპარვა პირდაპირი მნიშვნელობით.

მე პირადად ბრძოლა არც მაშინ, 30 ოქტომბერს შემიწყვიტია როცა ვხედავდი როგორ იპარავდა ბატონი დიმიტრი ხუნდაძე ხალხის არჩევანს და არც ეხლა შევწყვეტ, რადგან მე არ მაქვს უფლება იმედები გავუცრუო იმ ხალხს რომელიც მენდო. ჩვენ ვითხოვთ: • მოხდეს უბნებზე ხმების გადათვლა, რის ცალსახა იურიდიულ და დასაბუთებულ საფუძველს წარმოგიდგენთ როგორც მედიას, ასევე საარჩევნო კომისიას. • უნდა გადაიხედოს ბიულეტენები რომლებიც ბათილად იქნა ცნობილი გაურკვეველი მიზეზების გამო, მათი უმრავლესობა წარმოადგენდა ჩემი მხარდამჭერების ხმებს. ვიბრძოლებ ყველა კანონიერი საშუალებით რათა წინ აღვუდგეთ ამ უკანონობას რის გაფორმებასაც დიმიტრი ხუნდაძე ცდილობს მცხეთის რაიონში და რაც მთელი ქვეყნის სირცხვილი იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100