სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვანო მერაბიშვილი: პატიმართა წამება ჩემი პირადი შეურაცხყოფა იყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც აპირებენ ქვეყანაში კანონიერი ქურდები დააბრუნონ.

როგორც მერაბიშვილმა აფხაზეთში დაღუპული მეომრების მემორიალთან შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა, ამ ადამიანებს სურვილი აქვთ საქართველოში მხედრიონის ტიპის დაჯგუფებები აღადგინონ.

„საქართველოში არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ამბიცია იყვნენ პოლიტიკოსები და ერთ სიტყვას არ ამბობენ პუტინზე, ერთ სიტყვას არ ამბობენ ოკუპანტებზე და უნდათ ასე მოტყუებით, მოქრთამვით მოვიდნენ ხელისუფლებაში და შებღალონ თითეული იმ ადამიანის ხსოვნა, ვინც თავი შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობას“,- განაცხადა მერაბიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პატიმართა წამების ფაქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჯალათების მიერ პატიმართა წამება მისი პირადი შეურაცხყოფა იყო.

„რა თქმა უნდა, გული მეტკინა, როცა ვნახე კადრები, როგორ აწამებენ ჯალათები ციხეში პატიმრებს. ეს ჩემი პირადი შეურაცხყოფა იყო, რადგან მე შუშის გამჭვირვალე პოლიციის შენობებს 7 წელი ვაშენებდი და ჩემი 7 წლის ნამუშევარი ვიღაცეების თვალში წყალში ჩაიყარა", - აღნიშნა მერაბიშვილმა და ყურადღება კრიმინალურ წარმომადგენლებთან ბრძოლაში მიღწეულ წარმატებებზე გაამახვილა.

„ვამაყობ, რომ შემიძლია თამამად გავუშვა ჩემი შვილი ქუჩაში და არ შემეშინდება, რომ ის ნარკომანი გახდება და ცუდ წრეში მოხვდება. მე ვამაყობ, რომ თბილისის სადარბაზოებში აღარ ყრია ნემსები, ვამაყობ, რომ არც ერთ პოლიციელს აზრად არ მოუვა ქრთამი გამოართვას საქართველოს მოქალაქეს“,- განმარტა მერაბიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100