1 გარდაცვლილი და 1 დაშავებული | მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარი აფეთქების ახალი დეტალები
რუსთავში, მეტალურგიულ ქარხანაში, მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ ერთი დაშავებული კი კლინიკაშია გადაყვანილი.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა ქარხანაში ჯართის მოგროვების დროს მოხდა, სადაც გაურკვეველი ნივთიერება აფეთქდა. სავარაუდოდ, ნივთიერება ქარხნის ტერიტორიაზე შეტანილ ჯართს შეჰყვა.
კომპანიის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ 60 წლამდე კაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების მისვლამდე გარდაიცვალა. მისი თქმით, ინციდენტის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
"საღამოს 6 საათისთვის მოხდა ძალიან დიდი უბედური შემთხვევა, იმიტომ, რომ ჩვენი თანამშრომლის გარდაცვალება არის დიდი დანაკლისი, ტკივილი ჩვენი კომპანიისთვის. სამწუხაროდ, მოხდა ლოკალური აფეთება, რომელიც არ იყო დაკავშირებული ქარხნის დანადგარის აფეთქებასთან. დაშავებულები არ გვყავს, საწარმოო პროცესი არ შეჩერებულა", - ამბობს სალომე ჩხეიძე, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის წარმომადგენელი.
ცნობისთვის, მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება, სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
კომენტარი