სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა არის ცხოვრება სამი w-ს გარეშე...

თავდაპირველად, მხოლოდ ფაქტები: გასული წლის შემოდგომაზე Facebook-ში დარეგისტრირებულ იუზერს ზრდილობიანად აუწყეს, რომ ის 400 მემილიონე იყო. მარკ ცუკერბერგი, 7 წლის წინ შექმნილი იმ პროდუქტის ავტორია, რომელსაც Facebook ჰქვია. 27 წლის მარკის „შვილობილის" საბაზრო ღირებულება 5-დან 15 მილიარდამდე მერყეობს.

ყველასთვის მოულოდნელად, გათვლებით დამტკიცდა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ინტერნეტსივრცეში სოციალური მედია უფრო პოპულარული გახდა, ვიდრე პორნოგრაფია.
რიგითი ობივატელი, მისი სურვილის მიუხედავად, დღეში 3 000-მდე სარეკლამო ინფორმაციას იღებს. სოციალურ ქსელში განთავსებული რეკლამის ეფექტურობის პირობითი კოეფიციენტი 78%, ხოლო ტელერეკლამის - 14%-ია. ფსიქოლოგები ამას ადამიანის ბუნებით ხსნიან: ტელერეკლამას შენი ნების გარეშე გთავაზობენ, თანაც, იმ დროს, როცა სხვა ინტერესით ხარ შეპყრობილი, სოციალურ ქსელში კი შენი სურვილით „დასეირნობ".
ბოლო დროს ყურადღების ცენტრში მოექცა წყვილების პრობლემა როცა მათ შორის ერთ-ერთი ინტერნეტდამოკიდებული ხდება. ბევრ ქვეყანაში დადგინდა, რომ განქორწინებათა 15% სწორედ სოციალურ ქსელებში ერთ-ერთის ჩართულობის გამო ხდება. გახშირებულია ასევე ე.წ. პირველი სიყვარულის პოვნის პრეცედენტები.

გაზეთ The New York Times-ის საშტატო განრიგში გასული წლის ბოლოს გაჩნდა თანამდებობა - სოციალური მედიის რედაქტორი.

ახლა კი, ცოტაოდენი აღწერა და ანალიზი ფსიქოლოგების დახმარებით:

ერთი წუთით წარმოიდგინეთ თქვენი ყოველდღიური ცხოვრება ასეთი აკრძალვებით: ნუ შეხვალთ სკაიპში, ნუ გადაიკითხავთ ელფოსტას, ნუ გადახედავთ გამოხმაურებებს თქვენს ფოტოებსა თუ სტატუსებზე, ნუ შეამოწმებთ სიახლეებს ტორენტულ საიტებზე და, საერთოდ, ნუ დააჭერთ სამჯერ თითს კლავიატურის w ღილაკს. შეიძლება, ზოგს თვალებიც კი გაუფართოვდეს და იკითხოს: "აბა, რა ვაკეთო?" რა არის ცხოვრება სამი w-ს გარეშე?

ერთ-ერთი ცნობილი იუზერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მისი ვირტუალური მეგობრები ამაყად აცხადებდნენ, რომ ის უკვდავი იქნება მანამ, სანამ იარსებებს ინტერნეტი და, შესაბამისად, მის მიერ დატოვებული იდეები ბლოგების სახით, ანუ, სოციალურ ქსელში სიკვდილსა და სიცოცხლესაც კი სხვა განზომილება აღმოაჩნდა.

ერთია, როგორები ვართ და მეორე - როგორები გვინდა ვიყოთ. ჰიპერტექსტული სამყაროს უბრალო მომხმარებელი დიდი ცდუნების წინაშე დგას: ყოველ ნაბიჯზე სთავაზობენ იოლ გზას საკუთარი იმიჯის, ცხოვრების წესისა და თუნდაც, გარეგნობის შესაქმნელად. ნელ-ნელა იშლება ზღვარი რეალურსა და ვირტუალურ შეგრძნებებს შორის - ადამიანები საათობით ეკონტაქტებიან ინტერნეტში რეალურ თუ ვირტუალურ მეგობრებს, ერთიანდებიან სხვადასხვა თემატურ ჯგუფებში, ათავსებენ ფოტოებს და ნერვიულად ცმუკავენ მათზე კომენტარების მოლოდინში, იძენენ და კარგავენ ვირტუალურ შეყვარებულებს და, რაც მთავარია, ამ ყველაფერს ისე განიცდიან, როგორც რეალურს.

ფსიქოლოგების აზრით, ასეთი ურთიერთობების პოპულარულობა რამდენიმე მიზეზმა განაპირობა. პირველი მიზეზი ის არის, რომ ადამიანს შესაძლებლობა ეძლევა, ანონიმად დარჩეს და საკუთარი პიროვნების მხოლოდ ის მხარე წარმოაჩინოს, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის. თუ სურვილი ექნება, მას შეუძლია გამოგონილ პერსონაჟად იქცეს - შეიცვალოს ასაკი, სქესი, სოციალური სტატუსი და ა.შ. ანუ, ვირტუალურად აღმოჩნდეს ბევრად უფრო კომფორტულ მდგომარეობაში, ვიდრე სინამდვილეშია.
მეორე მიზეზი ის არის, რომ მომხმარებელს შეუძლია თამამად გამოხატოს შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე, იპოვოს თანამოაზრეები, გაუზიაროს გამოცდილება სხვებს და, შესაბამისად, აიმაღლოს თვითშეფასება.

მესამე მიზეზი მოლოდინია: ადამიანებს ყოველთვის აქვთ იმედი, რომ ვირტუალური ურთიერთობები ოდესმე ნამდვილ მეგობრობაში გადაიზრდება.

მეოთხე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი - ინტერნეტქსელში საუბარი ბევრად გამარტივებულია, საჭირო აღარ არის ემოციების, ჟესტების გამოყენება, რითაც ბევრი უხერხულობა იხსნება.

სოციალურ ქსელზე მიჯაჭვულობა ყველაზე სახიფათოდ შეიძლება, მოზარდისთვის იქცეს. მისთვის რეალური, ადამიანური ურთიერთობები ისედაც რთულად ყალიბდება და იმის მაგივრად, რომ სხვადასხვა ბარიერის გადალახვა ისწავლოს, ბევრად მარტივი ურთიერთობის გზას ირჩევს, სადაც არ ხდება განცდების, შფოთის, მორცხვობის(მორცხვობის სმაილიკები მორცხვობის რეალური გამოხატულება არაა, ასევე, არცერთი სმაილიკი, სიცილის და ღიმილის გარდა) ემოციური დაძლევა. რა გასაკვირია, რომ მერე ეს მოზარდი რეალურ ცხოვრებაში ადაპტაციას ვერ ახერხებს.

ინტერნეტის, კერძოდ კი სოციალური ქსელების გავლენა რეალურ ცხოვრებაზე იმდენად დიდია, რომ ზოგიერთებს მთლიანად ეცვლებათ ხასიათი და ისეთივენი ხდებიან, როგორებიც ვირტუალურ ურთიერთობაში არიან. ყოფილა შემთხვევები, რომ მანამდე ყველასთვის შეუმჩნეველი, ჩუმი და მორიდებული, არაფრით გამორჩეული მოზარდი თანატოლებს შორის პოპულარული გამხდარა სოციალურ ქსელში აქტიური ჩაბმულობის გამო, სხვადასხვა დისკუსიასა თუ ფორუმზე გამოთქმული მოსაზრებებიდან გამომდინარე.

ინტერნეტზე დამოკიდებულების გამო, მონიტორს მოცილებული მოზარდი (და არა მარტო მოზარდი) თავის ცხოვრებას მოსაწყენად, უამრავი წვრილმანითა და პრობლემით დატვირთულად აღიქვამს და გამოსავალს იქ ეძებს, სადაც უფრო კომფორტულად გრძნობს თავს.

რამდენიმე წლის წინ ლონდონში თავი მოიკლა 13 წლის გოგონამ, რომელსაც ინტერნეტქსელში გაცნობილმა ბიჭმა ურთიერთობის გაგრძელებაზე უარი უთხრა. მათი ურთიერთობა ვირტუალურს არ გასცდენია. ამ ტრაგედიის ფინალი არანაკლებ გამაოგნებელი აღმოჩნდა: გამოძიებამ დაადგინა, რომ ბიჭი, ვისთანაც გოგონა მეგობრობდა, სინამდვილეში მისი მეგობრის დედა იყო (!).

ფსიქოლოგების უფრო და უფრო დიდი ნაწილი უკვე თვლის, რომ ამ პრობლემას ისევე უნდა მივუდგეთ, როგორც ნებისმიერ დამოკიდებულებას, იქნება ეს ალკოჰოლი, ნარკოტიკი თუ აზარტული თამაშები, თუმცა, ამის გაკეთება ძალიან ძნელია: ჩვენ ხომ ყველანი ძალიან და მეტადაც კი ვართ დამოკიდებული იმ სივრცეზე, სადაც სამი w მიგვიძღვება...

(გამოყენებულია დავით ველიჯანაშვილის (ჟურნალი „მუდმივი კავშირის სამყარო",2/46/2010),გვ.41), ფსიქოლოგების - ირინა ტაბუცაძისა და ხათუნა ხაჟომიას(„კვირის პალიტრა",22(826)2010, გვ.36) მასალები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100