სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“საქინფორმმა” „ღრმად პატივცემულ ვლადიმირ ვლადიმირის ძეს“ დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ ვლადიმირ პუტინს „დამაჯერებელ გამარჯვებას“ ულოცავს და მას „თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწედ“ მოიხსენიებს. კოლექტივის სახელით პუტინისადმი მილოცვა საქინფორმის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

„ღრმად პატივცემულო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ! საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ კოლექტივი გილოცავთ დამაჯერებელ გამარჯვებას, რომელსაც ხელი ვერ შეუშალა ვერანაირმა „ჭაობებმა“ („Болота“) და „წვიმებმა“ („Дожди“) და რომელშიც, სხვათაშორის, ეჭვი არავის ეპარებოდა – არც თქვენს მრავალრიცხოვან მომხრეებს, არც მტრებს. იმიტომ, რომ ის, რაც მოხდა – აბსოლუტურად ლოგიკური და კანონზომიერია, ისევე, როგორც სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე. რუსეთი, ყველაფერთან ერთად, იმითაც არის მდიდარი, რომ თქვენი სახით ჰყავს ლიდერი – თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე”, - ნათქვამია განცხადებაში.

„საქინფორმს“ მიაჩნია, რომ პუტინმა პრეზიდენტობის პირველ ვადაში რუსეთი დაშლისგან იხსნა, მეორე ვადაზე - ის სტაბილური გახადა და მესამე ვადაზე მის წინაშე დგას ამოცანა, რომ „რუსეთი საოცრად ბედნიერი, აყვავებული უნდა გახდეს და კვლავაც გაბრწყინდეს მსოფლიო ცის კამარაზე, როგორც ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი!“

„საქინფორმის“ კოლექტივს სჯერა, რომ ვლადიმირ პუტინი ამას შესძლებს და მიაჩნია, რომ პუტინის მტრები რუსეთის მტრები არიან. „საქინფორმი“ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც აცხადებს თავის პოზიციას და მიაჩნია, რომ 4 მარტს ჩატარებულმა არჩევნებმა დაადასტურა ორი რამ: რომ რუსეთში დემოკრატიაა და, რომ არჩევნები „თავისუფლად და დემოკრატიულად ჩატარდა“.

„რუსეთის ბედნიერება და აყვავება კი ყველა მოძმე ხალხის – მათ შორის, ქართველი ხალხის ბედნიერება და აყვავებაა, იმიტომ, რომ, თუ შენი ძმა და მეზობელი ბედნიერია, – შენც ბედნიერი ხარ, და – პირიქით.

„რუსეთის ბედნიერება და აყვავება ყველა მოძმე ხალხის – მათ შორის, ქართველი ხალხის ბედნიერება და აყვავებაა, იმიტომ, რომ, თუ შენი ძმა და მეზობელი ბედნიერია, – შენც ბედნიერი ხარ, და – პირიქით“, - ნათქვამია მილოცვაში და მოყვანილია „საქინფორმის“ პუბლიკაციების ფრაგმენტები, სადაც სწორედ ეს პოზიციაა დადასტურებული. ერთ-ერთი მათგანის სათაურია „საქართველოს გზა ევრაზიულ კავშირში მიდის“.

„საქინფორმი“ საქართველოს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენოს პუტინის პრეზიდენტობა ქვეყნის საკეთილდღეოდ და ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინს უწოდებს ერთადერთ ადამიანს, „ვისაც ქართველი ხალხის, მისი ისტორიის, რელიგიისა და კულტურის გადარჩენა შეუძლია.

„საქართველოს გაერთიანება რუსეთთან ერთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სივრცეში ევროკავშირის მაგალითით

(ახალ შენგენის ზონაში, შიდა ვიზებისა და სასაზღვრო კონტროლის გარეშე, ერთიანი

ვალუტითა და საბაჟო წესებით) გამოიწვევს საქართველოს გაერთიანებას

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ფორმულით „საქართველო+რუსეთი = საქართველო+აფხაზეთი+სამხრეთ ოსეთი.

საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა, რომელშიც პუტინს ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს, ოცნებობს რუსეთთან ძველი მეგობრობის აღდგენაზე“, - წერს „საქინფორმი“, მილოცვა კი შემდეგი ტექსტით სრულდება:

„თქვენ მთელი მსოფლიოს კეთილი ნების ადამიანები იმედით შემოგყურებენ, ამიტომ – სრული სვლით წინ, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, რუსეთის სასახელოდ დღეგრძელობას გისურვებთ!“

ორიგინალი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100