სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაშველებმა თრუსოს ხეობაში კაცი გადაარჩინეს

მაშველებმა ყაზბეგში, თრუსოს ხეობაში კაცი გადაარჩინეს, რომელსაც ძლიერი ქარბუქის გამო გადაადგილება უჭირდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თრუსოს ხეობაში კაცს ფეხით გადაადგილებისას შეექმნა პრობლემა და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება. მოქალაქემ ძლიერი ქარბუქის გამო, ვერ მოახერხა გზის გაგრძელება და გაჩერდა მდინარე თერგის ნაპირზე.

შეტყობინების მიღებისთანავე, კაცის დასახმარებლად გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. რთული რელიეფის და უამინდობის გამო, მოქალაქის ადგილსამყოფელისკენ გაემართა მაშველთა ქვეითი ჯგუფი. ოპერატიული რეაგირების შედეგად, მოხერხდა კაცის დროულად პოვნა და სამაშველო მანქანამდე უვნებლად ჩამოყვანა. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობას იღებდნენ სტეფანწმინდის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველები”, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100